"არც ფიზიკური შრომა მერიდება" - ოლიმპიელი, რომელმაც მაღალ ხელფასს და პრემიებს სამშობლოს სახელით ასპარეზობა ამჯობინა - კვირის პალიტრა

"არც ფიზიკური შრომა მერიდება" - ოლიმპიელი, რომელმაც მაღალ ხელფასს და პრემიებს სამშობლოს სახელით ასპარეზობა ამჯობინა

ქართველი კანოისტი ზაზა ნადირაძე რიოს ოლიმპიადაზე მე-5 ადგილზე გავიდა. მას მედლამდე სულ ცოტა დააკლდა. საქართველოს სპორტის ისტორიაში პირველი შემთხვევაა, როდესაც ამ სახეობაში ქართველმა სპორტსმენმა ასეთ წარმატებას მიაღწია. ბუნებრივია, რომ ამას ჩვენი საზოგადოების დიდი ინტერესი მოჰყვა, მით უფრო, როდესაც სოციალურ ქსელში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ზაზას საკუთარი ნავიც კი არ ჰყავს და რომ არა მისი მონდომება და ენთუზიაზმი, ის ოლიმპიადაზე ვერაფრით მოხვდებოდა.

მისმა მეგობარი ლევან ყურაშვილმა "ფეისბუკზე" ის პრობლემები შეახსენა საზოგადოებას, რომლის გადალახვაც მცხეთელ ნიჩბოსანს წარმატების მისაღწევად მოუწია.

"ადამიანი, რომელსაც საკუთარი ნავიც კი არ ჰყავს, ეკიპირებას თავისი ფულით ყიდულობს და დამატებითი შემოსავლის გამო მშენებლობებზე მუშაობს ხოლმე, ჯერ ოლიმპიადაზე მოხვდა (პირველად დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში, ამ სახეობაში გვყავდა ოლიმპიადის მონაწილე), მერე ფინალში გავიდა და იქაც სულ ცოტა დააკლდა მედლამდე. მე-5 ადგილიც კი სასწაულია და დარწმუნებული ვარ საერთოდ არავინ ელოდა მისგან ამ შედეგს. ყოჩაღ და მადლობა, ზაზა! იქნება, ინამუსოს სახელმწიფომ და ნავი მაინც უყიდოს ამ კაცს". - წერს ყურაშვილი პოსტში.

მოგვიანებით უკვე კანოეს ფედერაციის პრეზიდენტმა დათო ქაცარავამ ასევე სოციალური ქსელით კიდევ ერთი ამბავი გაუმხილა საზოგადოებას:

"2013 წლის ბოლოს 2014 წლის დასაწყისში აზერბაიჯანის ნიჩბოსნობის ფედერაციამ დაიწყო ნადირობა ზაზაზე - შესთავაზა აზერბაიჯანის მოქალაქეობის მიღება და მათი სახელით ოლიმპიადისთვის მომზადება, რაც ჩვენთვის ნიშნავდა ზაზას დაკარგვას. ხელფასი შეთავაზებულ იქნა 3 000 ევრო + სოლიდური პრემიები. ზუსტად ის პერიოდია, როდესაც ზაზას უწევდა დღისით მშენებლობაზე მუშაობა და საღამოს ვარჯიშზე გამოსვლა, ხშირად კი გადაღლილობის გამო ვარჯიშის გაცდენა. ცდუნება მართლაც ძალიან დიდი იყო, მერწმუნეთ. დეტალებზე აღარ ვისაუბრებ - უბრალოდ გეტყვით რომ ზაზამ საბოლოოდ მიიღო ყველაზე კაცური, პატრიოტული გადაწყვეტილება და არა პრაგმატული - ზაზა დარჩა საქართველოს მოქალაქე და ეროვნული ნაკრების ლიდერი, მიუხედავად იმისა რომ მისი ხელფასი დღესაც სულ ცოტა 3-ჯერ ნაკლებია აზერბაიჯანის მიერ შეთავაზებულ ხელფასზე. ამას იმიტომ ვწერ, რომ მინდა ყველამ გაიგოს რომ ზაზა არა მარტო მსოფლიო დონის სპორტსმენია, რაც უკვე დაგვიმტკიცა, არამედ ღირსეული მამულიშვილი და საკუთარი ქვეყნის პატრიოტი"!

"ბავშვობაში თავი ბევრ სახეობაში მოვსინჯე. ფეხბურთზეც დავდიოდი, კარატეზეც და რაგბიზეც. თუმცა მაინც და მაინც სერიოზულად არ ვვარჯიშობდი, რაღაცნაირად ვერ ვეწყობოდი. მერე კარგა ხნით მივანებე თავი ყველაფერს და არაფერსაც აღარ ვაკეთებდი. 12 წლისა ვიყავი, როდესაც მეგობარმა, რომელიც სერიოზულად მისდევდა კანოეს, ვარჯიშზე მასთან ერთად წასვლა შემომთავაზა. მე და ჩემმა ძმამ გადავწყვიტეთ, წავსულიყავით და გვენახა, რა იყო ეს კანოე. წავედით. წყალმა და ნავებმა ჩვენზე წარუშლელი შთაბეჭდილება მოახდინა, რაღაც უჩვეულო, სხვა ყველაფრისგან განსხვავებული იყო ამ ყველაფერში. რაც მთავარია, წყალში ვვარჯიშობდი და ეს უკვე იყო საინტერესო და ექსტრემალური", - ეს არის ამონარიდი ოლიმპიადამდე ერთი თვით ადრე მიცემული ინტერვიუდან.

ზაზას რიოში დავუკავშირდით.

- გილოცავთ, ზაზა, წარმატებას! როგორ შეაფასებ თქვენს ფინალურ გამოსვლას?

- ოლიმპიადისთვის ფიზიკურ ფორმაში ბოლომდე შესვლა ვერ მოვასწარი, ვარჯიში გვიან დავიწყე, რადგან 25 თებერვალს წელის ოპერაცია გავიკეთე. წლევანდელი ჩვენი მაქსიმალური გეგმა ლიცენზიის აღება იყო, რაც საკმაოდ წარმატებით შევასრულეთ. ამის შემდეგ დავისახეთ მიზნად ოლიმპიადაზე კარგი შედეგი გვეჩვენებინა, რაც ასე თუ ისე გამოგვივიდა, მაგრამ ცუდად აღებული სტარტისას ზედმეტი ენერგიის დახარჯვამ 5-ე ადგილი აგვაღებინა. გამიხარდა, რომ თანდაც ამ მეხუთე ადგილით ძალიან ბევრი ადამიანი გავახარე, მაგრამ ძალიან საწყენია, რომ უფრო უკეთესი შედეგი ვერ ვაჩვენე

- გავრცელდა ინფორმაცია, რომ არ გაქვთ სავარჯიშო პირობები და არც საკუთარი კანოე...

- სავარჯიშოდ კანოე მაქვს, მაგრამ არა პირადი. სამწუხაროდ, ბევრი ინვენტარი არ გვაქვს, ბევრი რამის შეძენა ჩემი ხარჯებით მიწევდა, ხან სხვას ვათხოვებდი ხოლმე ამ ნავს, რათა მასაც ევარჯიშა, რა თქმა უნდა, ამის წინააღმდეგი არასდროს ვყოფილვარ. ეს ინფორმაცია ხალხმა ცუდად გაიგო. მოგეხსენებათ, ჩვენი სპორტი კარგად განვითარებული არ არის საქართველოში, მაგრამ ჩვენი პატარა კოლექტივი არაფერს ვიშურებთ დიდი თუ პატარა პრობლემის მოსაგვარებლად. ეს მიღწევა, რაც ოლიმპიადაზე ვაჩვენე, ჩვენი ფედერაციის ერთიანი შრომის შედეგია. რაც შეეხება ფიზიკურ შრომას, იყო ასეთი შემთხვევებიც, როცა დამატებითი შემოსავლისთვის ფიზიკურად შრომა მიწევდა, თუმცა ეს ჩემს ვარჯიშს ხელს არ უშლიდა. შრომა არ მერიდება და შეძლებისდაგვარად, როცა დრო მქონდა დამატებით შემოსავალზეც არ მითქვამს უარი, თუმცა 2015 წლიდან ფიზიკურად არსად მიმუშავია. ხელფასი მაქვს, დედასთან და ძმასთან ერთად ვცხოვრობ, მამა 2007 წელს გარდამეცვალა.

- სამომავლო გეგმებზე რას გვეტყვი, გავიგე რომ სწავლობთ კიდეც...

- ტექნიკურ უნივერსიტეტში სამშენებლო ფაკულტეტზე ვსწავლობ, მაგრამ 2 წელია აკადემიური მაქვს აღებული და ახლა ვფიქრობ, რომ სწავლის გაგრძელებასაც მოვახერხებ.

ეკა გადახაბაძე (სპეციალურად საიტისთვის)