ქორვაჭარი ჰიკი, ოლიმპიელი ქალების ჩხუბი მამაკაცის გამო და გოლფისტებს გამორეული "ოლიმპიელი" ალიგატორები - კვირის პალიტრა

ქორვაჭარი ჰიკი, ოლიმპიელი ქალების ჩხუბი მამაკაცის გამო და გოლფისტებს გამორეული "ოლიმპიელი" ალიგატორები

რიო-დე-ჟანეიროს ოლიმპიური თამაშების დასრულებამდე რამდენიმე დღე დარჩა. საქართველოს სპორტულმა დელეგაციამ ძიუდოისტების არადამაჯერებელი გამოსვლის შემდეგ აქტივში პირველი ოქროს ჯილდო ჩაიწერა. დღეს ასპარეზობას თავისუფალი სტილით ფალავნები იწყებენ და დარწმუნებული გახლავართ, ჩვენს ანგარიშზე კიდევ რამდენიმე ოლიმპიური მედალი იქნება. შეჯიბრში მხატვრული ტანმოვარჯიშე სალომე ფაჟავაც ჩაერთვება და ქართველ გულშემატკივრებს მისი იმედიც უნდა გააჩნდეთ.

ოლიმპიური თამაშები ჯერ არ დასრულებულა, მაგრამ თავისი წინამორბედებისაგან განსხვავებით ნაკლები შთაბეჭდილება მოახდინა. ეს ეხება როგორც თავად ოლიმპიადის საორგანიზაციო მხარეს, ასევე იმ მძიმე კრიმინალურ ფონს რომელიც რიო-დე-ჟანეიროში სუფევს. რა გვიკვირს, სამხრეთ ამერიკის ამ ქვეყანაში დამნაშავეობის პრობლემა ყოველთვის იდგა. რასაკვირველია, ეს ამბავი საერთაშორისო ოლიმპიური მოძრაობის თავკაცებმაც კარგად იცოდნენ. ამის მიუხედავად თამაშების ჩატარება პელეს სამშობლოს გადაულოცეს. როგორ არ გავაკეთო მსგავსება ფეხბურთის საერთაშორისო ფედერაციასთან, როდესაც 2018 წლის პირველობა რუსეთს, ხოლო 2022 წლის ჩემპიონატი ყატარს მისცეს. ყატარი კარგი, მაგრამ რუსეთს რა ვუყოთ. არის გარანტია, რომ 2018 წლის ზაფხულისთვის ბატონ პუტინს რაიმე პოლიტიკურ-სამხედრო ავანტიურა არ ექნება გაჩაღებული და "მუნდიალი - 2018"-ის ჩატარება საფრთხის წინაშე არ აღმოჩნდება.

მაგრამ რიო-დე-ჟანეიროს დავუბრუნდეთ. ორი დღის წინ ამ ქალაქში მსოფლიო "დონის" კრიმინალური შემთხვევა დაფიქსირდა. ეროვნული ოლიმპიური კომიტეტებისა და ირლანდიის ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის თავმჯდომარე პატრიკ ჰიკი ადგილობრივმა პოლიციამ დააკავა. ჰიკი ბრაზილიელ გადამყიდველებს ოლიმპიურ შეჯიბრებებზე დასასწრებ ბილეთებს გადასცემდა. მაღალჩინოსანს "ქორვაჭრისთვის" დაახლოებით 800 ბილეთი ჰქონდა მიცემული. ჰიკი დააკავეს და მისი ბედი უახლოეს დღეებში გადაწყდება. საინტერესოა რომ ჰიკი თბილისში არაერთხელ არის ნამყოფი და ქართული ოლიმპიური მოძრაობის მამებსაც ჩინებულად იცნობს. კი მაინტერესებს ჩვენს ქალაქში გასაყიდად რაიმე ხომ არ ჩამოჰქონდა, მაგრამ ამ ამბავს ეხლა როგორ გავიგებთ.

გუშინ სამუშაო მიატოვა ოლიმპიური თამაშების მოხალისეების დიდმა ნაწილმა. მიზეზი ის გახლდათ რომ ამ ადამიანებს მძიმე სამუშაო პირობებში საქმიანობა უწევდათ. როგორც გამოცემა "The Independent" ამტკიცებს, "გაფიცულთა" რიცხვი დაახლოებით 15 ათას ადამიანს შეადგენს. აღმოჩნდა რომ ორგანიზატორები "ვოლონტერებს" რომლებიც დღის განმავლობაში დაახლოებით ათ საათს სრულიად უსასყიდლოდ მუშაობდნენ, ხშირ შემთხვევაში მსუბუქი ვახშმითაც კი არ უმასპინძლდებოდნენ. ამ დროს "გადამყიდველი" ჰიკისა და მისი კოლეგების "გასართობად" გამოყოფილი დღიური თანხა 900 დოლარი ყოფილა.

გამოცემა "The Sun"-ის მტკიცებით, ბრაზილიელმა დიაცებმა, წყალში მხტომელებმა ინგრიდ ოლივეირამ და ჯიოვანა პედროზომ მამაკაცის გამო ერთმანეთი სახალხოდ თმებით ათრიეს. მამრი, ვის გამოც მთელი ეს აურზაური მოხდა წყალში მხტომელების თანამემამულე, ნიჩბოსანი პედრო გონსალვეშო გახლდათ. მას და ინგრიდ ოლივეირას ღამის "ერთად გატარება სურდათ. "შარიანმა" ჯიოვანამ ოთახის დატოვება არ მოისურვა და შეყვარებულები" გარეთ გამოაგდო. ამის შემდეგ გოგონებმა ერთმანეთს დაუნდობელი ჩხუბი გაუმართეს. საინტერესოა რომ მოჩხუბარი დუეტი მეორე დღეს ოფიციალურ შეჯიბრში გამოვიდა. რასაკვირველია ოლიმპიური ჯილდოების მოპოვებაზე ლაპარაკი ზედმეტი იყო და წყვილმა საერთო ჩათვლაში უკანასკნელი ადგილი დაიკავა. რაც შეეხება ამ ორომტრიალის მთავარ დამნაშავეს. როგორც ნამდვილ მამაკაცს შეეფერება, პედრო გონსალვეშმა ხელები დაიბანა და "მე არაფერ შუაში ვარო", - განაცხადა.

18 აგვისტოს საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა გაავრცელა განცხადება რომ რიო-დე-ჟანეიროს თამაშების მიმდინარეობისას დოპინგკონტროლზე 2701 სინჯი აიღეს. მათ შორის დადებითი შედეგი რამდენიმე ათეულმა უჩვენა. საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტი ამ საკითხთან დაკავშირებით ოფიციალურ განცხადებას თამაშების დასრულების შემდეგ გააკეთებს და რასაკვირველია სპორტსმენების დისკვალიფიკაციის ახალ ტალღასაც უნდა ველოდოთ.

ოლიმპიური თამაშების მონაწილეებს ზოგჯერ მართლაც რომ ექსტრემალურ ვითარებაში ასპარეზობა უწევთ. გოლფისტთა ტურნირი რიო-დე-ჟანეიროსთან ახლოს მიმდინარეობს. ამ ტერიტორიაზე ოდითგანვე არაერთი გველი და ნიანგი სახლობდა. მართალია შეჯიბრების წინ თამაშების ორგანიზატორებმა ადგილის "კანონიერ მფლობელებს" დროებით კარისკენ მიუთითეს, მაგრამ გველებისა და ალიგატორების ნაწილმა "ბრძანება" არ შეასრულა და ასპარეზობის ჩატარებას ხელს უშლიდნენ.

საბედნიეროდ გოლფისტები ცხოველებისგან არ დაზარალებულან, ოლიმპიური თამაშების საორგანიზაციო კომიტეტმა კი გოლფის მსოფლიო ფედერაციისგან დიდი საყვედური დაიმსახურა.

იხილეთ ასევე: ქალებზე მოძალადე აფრიკელები და ბებია კხონგხაპი - რიოს ოლიპიადის კრიმინალური ქრონიკა

გიორგი გაჩეჩილაძე (სპეციალურად საიტისთვის)