"25 წლის ასაკში ყველაფერი მოვიგე, რისი მოგებაც კი შემეძლო" - კვირის პალიტრა

"25 წლის ასაკში ყველაფერი მოვიგე, რისი მოგებაც კი შემეძლო"

აქამდე მსოფლიოს და ევროპის ჩემპიონატები მოვიგე, თუმცა მიზანი და ოცნება, ცხადია ოლიმპიური ოქრო იყო, - ამის შესახებ Sportall.ge-ს ”თავისუფალი სტილით” მოჭიდავე ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა განუცხადა. ქართველმა თავისუფალი სტილით მოჭიდავემ რიოს ოლიმპიადაზე გუშინ ოქროს მედალი მოიპოვა.

"ძალიან ბედნიერი ვარ. მართალია, აქამდე მსოფლიოს და ევროპის ჩემპიონატები მოვიგე, თუმცა მიზანი და ოცნება, ცხადია ოლიმპიური ოქრო იყო. წინა ოლიმპიადაზე ვერცხლის მედალს დავჯერდი და მიხარია, რომ წელს უკვე ოქროს მოპოვება შევძელი. დღეს უმაღლეს მწვერვალს მივაღწიე, ჩემი გულშემატკივარი გავახარე და ესეც მახარებს.ფსიქოლოგიური კუთხით ოლიმპიადისთვის მზად ვიყავი. გამოჩნდა, რომ ფიზიკურადაც კარგ ფორმაში ვიყავი. სწორედ ამ ყველაფერმა განაპირობა ჩემპიონობა. 25 წლის ასაკში ყველაფერი მოვიგე, რისი მოგებაც კი შემეძლო. შემიძლია ჯერ კიდევ ჭიდაობა და საკმაოდ კარგადაც, ამიტომ გავაგრძელებ ჭიდაობას, სხვა რა უნდა ვქნა აბა?! ვნახოთ რა და როგორ იქნება მომავალში. ვაგრძელებ ჭიდაობას, თავისთავად, უბრალოდ, პატარა ნიუანსები შეიცვლება", - განაცხადა ოლიმპიურმა ჩემპიონმა.

რიოს ოლიმპიადის ფინალში ხინჩეგაშვილმა იაპონელი რეი ჰიგუჩი დაამარცხა.

ეს საქართველოს დელეგაციისთვის მეორე ოქროს მედალია, მთლიანობაში კი - მეექვსე მედალი. საქართველოს ოქროს მედლები ლაშა ტალახაძემ (ძალოსნობა) და ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა (თავისუფალი ჭიდაობა) მოუტანეს, ვერცხლის მედალი ვარლამ ლიპარტელიანმა (ძიუდო), ხოლო ბრინჯაოს მედლები - ლაშა შავდათუაშვილმა (ძიუდო), შმაგი ბოლქვაძემ (ბერძნულ-რომაული ჭიდაობა) და ირაკლი თურმანიძემ (ძალოსნობა) მოიპოვეს. ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა დღევანდელ შეჯიბრში ასპარეზობა მერვედფინალიდან დაიწყო. პირველ ორთაბრძოლაში ქართველმა ფალავანმა ყაზახი ნურისლამ სანაევი დაამარცხა, მეოთხედფინალში აზერბაიჯანელი ჰაჯი ალიევი და ნახევარფინალში ვლადიმირ დუბოვი.

"ინტერპრესნიუსი"