"შვილებს რომ მოვუვლი, მერე ვვარჯიშობ" - ტყუპი გოგონების დედის, ქართველი "ლედი კარატეს" დიდი წარმატებები - კვირის პალიტრა

"შვილებს რომ მოვუვლი, მერე ვვარჯიშობ" - ტყუპი გოგონების დედის, ქართველი "ლედი კარატეს" დიდი წარმატებები

"მსოფლიო ჩემპიონობა დამრჩა და იმედი მაქვს, რომ ამ სურვილსაც შევისრულებ"

იქნებ ბევრმა არ იცის, რომ ქართველ ქალებს კარატეს ერთ-ერთ ურთულეს სახეობაში (კიოკუშინკაი) ბადალი არ ჰყავთ. მაკა ქებურია ევროპის ჩემპიონის ტიტულებს არ სჯერდება და მსოფლიო ჩემპიონობისთვის იბრძვის. მაკა ქებურია პირველი ქალი სენსეია. რა გზა გამოიარა, რამდენად საინტერესოდ ცხოვრობს და როგორ რჩება ფიზიკურად ვარჯიშის დრო პაწია, ცელქი ტყუპის დედას, მაკა ქებურია გვესაუბრება.

- ბავშვობიდან მინდოდა, რომ კარატისტი გავმხდარიყავი, თუმცა კარატეს ამ სახეობაზე - კიოკუშინკაი კარატეზე (იაპონურად ნიშნავს "გზას შორეული ჭეშმარიტებისკენ") არაფერი ვიცოდი.

- ალბათ იმ დროის პოპულარული ფილმი "ლედი კარატე" გქონდა ნანახი...

- არ მინახავს. მინდოდა, ფიზიკურად ძლიერი ვყოფილიყავი, საჭიროებისას დამეცვა სხვაც და საკუთარი თავიც. ვიყავი ძალიან ცელქი და ამის გამო მშობლებმა კარატეში ვარჯიში დამიშალეს - თავს რამე არ ავნოსო... სკოლა ჩხოროწყუს რაიონის სოფელ კირცხში დავამთავრე, მერე ჩამოვედი თბილისში და ერთ მშვენიერ დღეს აღმოვჩნდი იქ, სადაც ყოფნა მინდოდა. ჩემი მწვრთნელი გულმოდგინედ მავარჯიშებდა კიოკუნშიკაი კარატეში, მეც თავს არ ვზოგავდი. ერთ წელიწადში საქართველოს ჩემპიონი გავხდი სპორტის ამ სახეობაში, ოთხ წელიწადში მოვიპოვე შავი ქამარი, რასაც ჩემი მწვრთნელი ძალიან ძნელად გასცემს...

- კიდევ რა სპორტული მიღწევები გაქვს?

- გავხდი ხუთგზის საქართველოს ჩემპიონი, ევროპის პრიზიორი მძიმე წონაში (მეორე ადგილით), ორჯერ გავხდი ევროპის ჩემპიონი (2011 და 2013 წელს). მსოფლიო ჩემპიონობა დამრჩა და იმედი მაქვს, რომ ამ სურვილსაც შევისრულებ.

- შენს დანახვაზე მამაკაცს შიშის ჟრუანტელი ნამდვილად არ დაუვლის, თუკი არ იცის, ვინ ხარ და რა შეგიძლია...

- ეს იმიტომ, რომ სპორტის ამ სახეობას პატარა კუნთები და დიდი ძალა უნდა.

- კიოკუშინკაი კარატეს სხვა სახეობებისგან რით განსხვავდება?

- ეს ქუჩის ჩხუბს ჰგავს, სადაც დაშვებულია უფრო მეტი სირთულის ფიზიკური დარტყმა, ამტანობაც მეტია საჭირო დარტყმების გასაძლებად და საპასუხო დარტყმებისთვის, თან ხელზე დამცავი არ გიკეთია...

- ერთი წელი არ გივარჯიშია...

- ოჯახი შევქმენი და ტყუპი გავაჩინე. ამ პერიოდში ფიზიკურ დატვირთვას ვერიდებოდი, თუმცა ვარჯიში მალევე დავიწყე... ჩემი მარიამი და მედეა უკვე წლისანი არიან.

- ერთადერთი ქალი ხარ, ვინც სპორტის ამ სახეობაში გამართულ ჩემპიონატებში გათხოვების შემდეგაც მონაწილეობს...

- ასეა. სპორტის ამ სახეობაში მებრძოლი ქალები ისედაც ცოტანი არიან და გათხოვებისთანავე თავს ანებებენ ყველაფერს. ხშირად ამისკენ ოჯახის წევრებიც უბიძგებენ. მე კი ოჯახმა ახალი ძალა შემმატა. ჩემი მეუღლე, ნუგზარ კაჭარავა კარატეს ამავე სახეობას მისდევს. ერთმანეთს სპორტმა დაგვაკავშირა. ჩვენში კარატისტი ცოლი მთლად იოლი ასატანი არ არის, ამიტომ ქმარიც ისეთი ავირჩიე, ვისაც ამის კომპლექსი არ აქვს.

- ორი ბავშვის დედას ეს არ გიჭირს?

- ჩემს შვილებს რომ მოვუვლი, მერე ვვარჯიშობ. ხან მათთან დედამთილი რჩება. კიდევ კარგი, რომ სავარჯიშო მოწყობილობა შინ მაქვს.

- შვილებიც მშობლების გზას რომ გაჰყვნენ, რას იტყვი?

- არ დავუშლი, პირიქით, ხელს შევუწყობ... არა უშავს, თუ მთლად ისე ვერ გააგრძელებენ კარიერას, როგორც ეს დედამ და მამამ შეძლეს. მთავარია, ივარჯიშონ!

- ახლახან იაპონიაში მსოფლიო ჩემპიონატში მონაწილეობდი. მიზნის მიღწევაში ერთწლიანმა პაუზამ ხომ არ შეგიშალათ ხელი?

- ფიზიკურად კარგად მომზადებული ვიყავი, მაგრამ არაკვალიფიციური მსაჯის გადაწყვეტილებით ბრძოლას გამოვეთიშე... ეს ნიშნავს, რომ მომავალში გამარჯვებისთვის მეტი მოტივაცია მაქვს.

- ოდესმე თუ დაგჭირვებიათ ან გამოგიყენებიათ ფიზიკური ძალა?

- ერთადერთხელ. ქუჩაში ნასვამი მამაკაცი მომიახლოვდა და საათი მკითხა. არ მაქვს-მეთქი. ის კი არ მომეშვა. უკან მომყვებოდა და იგინებოდა... ჰოდა, ერთი ილეთით ვუპასუხე... მახსოვს, ძალიან დაიბნა და შეშინდა.

- ე. ი. მძიმედ დაასრულა?

- რას ამბობთ?! ერთი საშუალოდ მძიმე ილეთი რომ გამომეყენებინა, ვეღარც ადგებოდა. გამაფრთხილებელი ილეთი იყო - თუ ასე მოქცევას გააგრძელებდა, უარესს მიიღებდა.

- ანუ გინდა თქვა, რომ "ლეკვი ლომისა სწორია"?

- დიახ, ასეა, ზოგჯერ ტოლიც არის, ზოგჯერ უფრო ძლიერიც...

ეკა ასათიანი