მსოფლიო სპორტი 2016 - კვირის პალიტრა

მსოფლიო სპორტი 2016

2016 წელს მსოფლიო სპორტში საინტერესო ამბები მოხდა

ზაფხულის ოლიმპიური თამაშები და ევროპის ჩემპიონატი ფეხბურთში - ერთი წლისთვის ეს ორი უდიდესი სპორტული მოვლენაც საკმარისი იქნებოდა, მაგრამ 2016 წელს მსოფლიო სპორტში სხვა არანაკლებ საინტერესო ამბებიც მოხდა. დღევანდელ ფოტოკოლაჟში სწორედ მათ გავიხსენებთ, ქართული სპორტის მნიშვნელოვან მოვლენებს კი გაზეთის მომდევნო ნომერში - "წლის პალიტრაში" გადავავლოთ თვალი. მანამდე "მსოფლიო სპორტი 2016":

"რიო 2016"

რიო-დე-ჟანეიროს ზაფხულის ოლიმპიური თამაშები პირველი ოლიმპიადაა, რომელსაც სამხრეთ ამერიკამ უმასპინძლა. "რიო-2016" ბრაზილიის უდიდეს ქალაქში 5-21 აგვისტოს გაიმართა დევიზით: "Um mundo novo" ("ახალი მსოფლიო") და მასში 205 ქვეყნის 11500-ზე მეტი სპორტსმენი მონაწილეობდა. დამყარდა ოცდაშვიდი მსოფლიო და ოთხმოცდათერთმეტი ოლიმპიური რეკორდი!

"ლესტერის" სენსაცია

საკლუბო ფეხბურთის მთავარ სენსაციად გასულ სეზონში ინგლისური "ლესტერ-სიტი" იქცა, რომელმაც 132-წლიანი ისტორიის განმავლობაში პირველად მოახერხა პრემიერლიგის მოგება, თანაც, მოგებაც არის და მოგებაც - "მელიები" (ლესტერელთა მეტსახელია. - ავტ.) სატურნირო ცხრილს იანვარში ჩაუდგნენ სათავეში და სეზონის ბოლომდე აღარავინ გაიკარეს! არადა, ლაპარაკია კლუბზე, რომელიც სულ რაღაც რამდენიმე წლის წინ ინგლისის რანგით მესამე დივიზიონში ყურყუტებდა, პრემიერლიგაში კი მერვე ადგილზე ზემოთ არასდროს წასულა.

ყველა დროის ფელპსი

რიოს ოლიმპიადაზე ხუთი ოქროს მედალი მოიპოვა ლეგენდარულმა ამერიკელმა მოცურავე მაიკლ ფელპსმა და ჯამში, 23 (!) ოლიმპიურ ოქროს მოუყარა თავი. "ბალტიმორელ ტყვიას" (ფელპსის ერთ-ერთი მეტსახელია. - ავტ.) ხუთ ოლიმპიურ თამაშებში სულ 28 მედალი მოუპოვებია, რაც ყველა დროის საუკეთესო შედეგია სპორტის ყველა სახეობაში.

პორტუ-გალია ევროპისთვის

სენსაციებით დახუნძლული გამოდგა საფრანგეთში გამართული ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატი: კონტინენტის ჩემპიონი პირველად გახდა პორტუგალიის ნაკრები, ყველასათვის მოულოდნელად ჯგუფიდან გავიდა ისლანდია, რომელმაც მერვედფინალში ინგლისს აჯობა, მეოთხედფინალში კი მასპინძელ ფრანგებთან 2:5 წააგო. ტურნირის კიდევ ერთმა სიურპრიზმა - უელსის ნაკრებმა კი სულაც ნახევარფინალამდე მიაღწია.

ჩაფერფლილი ალი

3 ივნისს 74 წლის ასაკში გარდაიცვალა ისტორიაში ერთ-ერთი უდიდესი მოკრივე, ლეგენდარული მუჰამედ ალი - ოლიმპიური და მსოფლიოს მრავალგზის ჩემპიონი ნახევრად მძიმე და მძიმე წონაში. ოცდაათ წელიწადზე მეტია, ალი პარკინსონის დაავადებით იტანჯებოდა, 2016 წლის ივნისის დასაწყისში კი, სკოტსდეილის კლინიკაში მოხვდა სასუნთქი გზების უკმარისობის დიაგნოზით და იქვე გარდაიცვალა.

პირველად... 111-წლიან ისტორიაში!

რაგბი ლოგიკური თამაშია, სადაც სენსაცია იშვიათად ხდება. თუმცა ნოემბრის ტესტების დროს მაინც გავხდით მოულოდნელი შედეგის მოწმე: ჩიკაგოში გამართულ ტესტმატჩში, ირლანდიის ნაკრებმა უკანასკნელი 111 წლის განმავლობაში პირველად მოუგო პლანეტის უძლიერეს გუნდს - ახალი ზელანდიის ნაკრებს. ირლანდიელმა "სამყურებმა" 40:29 იმარჯვეს და "ოლ ბლექსის" 18-მატჩიანი წაუგებელი სერია შეწყვიტეს.

გაფრენილი ჰოლანდიელი

მუჰამედ ალისთან ერთად, მსოფლიო სპორტმა კიდევ ერთი ლეგენდა დაკარგა - იოჰან კრუიფი. 2016 წლის 24 მარტამდე "მფრინავი ჰოლანდიელი" ერქვა, ამიერიდან კი ქვესათაურად გამოტანილი ფრაზა უფრო შეეფერება. "სამოთხეს ახალი ფლეიმეიქერი ჰყავს", - დაწერა "სანმა". სამოთხის მატებისა რა გითხრათ და, ფეხბურთს კი ნამდვილად დააკლდება "ოქროს ბურთის" სამგზის მფლობელი, ლეგენდარული იოჰან კრუიფი, რომელმაც კარიერის განმავლობაში ნათამაშებ 752 მატჩში 425 გოლი გაიტანა!

მარეის წელი

საუცხოო წელი გამოდგა ბრიტანეთის პირველი ჩოგნის, ენდი მარეისთვის. რიოს ოლიმპიადასა და "უიმბლდონზე" გამარჯვების გარდა, ბრიტანელმა ითამაშა საფრანგეთისა და ავსტრალიის ღია პირველობების ფინალში, ნოემბერში კი კარიერაში პირველად მოიპოვა პლანეტის პირველი ჩოგნის სტატუსი. პირველობა შემთხვევითი რომ არ ყოფილა, მარეიმ წლის შემაჯამებელ ტურნირზეც დაამტკიცა - ფინალში უშუალო კონკურენტ ნოვაკ ჯოკოვიჩს აჯობა და რეიტინგლიდერობა შეინარჩუნა.

ისტორიული ლებრონი

"კლივლენდ კავალიერსი" პირველად გახდა ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის ჩემპიონი, თანაც ამ გამარჯვებით რეკორდიც დაამყარა: NBA-ს ისტორიაში პირველი გუნდია, ვინც ფინალურ სერიაში 1:3 ჩამორჩენის შემდეგ ზედიზედ სამი მატჩის მოგება და ჩემპიონობა მოახერხა! კლივლენდელთა წარმატებაში მთავარი როლი ლებრონ ჯეიმზს ეკუთვნის - წინა მატჩების მსგავსად, "მეფემ" ფინალური სერიის მეშვიდე შეხვედრაშიც მეფურად ითამაშა და სამმაგი დუბლი შეასრულა - 27 ქულა, 11 პასი, 11 მოხსნა, 3 ბლოკი, 2 ჩაჭრა! გარდა ამისა, სერიის 7 თამაშის განმავლობაში ორივე გუნდიდან ყველაზე მეტი ქულა, მოხსნა, პასი, ჩაჭრა და დაფარება მოაგროვა, რაც ასევე უნიკალური შედეგია!