მთავარი სპორტული მოვლენები - კვირის პალიტრა

მთავარი სპორტული მოვლენები

2016 წელს ქართულ სპორტში არაერთი მნიშვნელოვანი მოვლენა მოხდა

ორი ოლიმპიური და პარაოლიმპიადის ერთი ჩემპიონი, საფეხბურთო ნაკრების ახალი თავკაცი, ზედიზედ მეოთხე ევრობასკეტი, ბორჯღალოსანთა ისტორიული ტურნე და ადგილი, ზაზა ფაჩულიას "ოქროს" შანსი, საქართველოს ახალი ჩემპიონი... 2016 წელს ქართულ სპორტში არაერთი მნიშვნელოვანი მოვლენა მოხდა. ერთად გავიხსენოთ:

სენსაციური ესპანე(რ)თი

ჯერჯერობით ვაისისთვის ეს ერთადერთი გამარჯვებაა, მაგრამ მოგებაც არის და მოგებაც - საქართველოს ნაკრებმა სტუმრად აჯობა იმ დროისთვის ევროპის ჯერ კიდევ მოქმედ ჩემპიონ ესპანეთს! სეზონში ერთი-ორ ხმაურიან შეხვედრას ჩვენი ნაკრები ყოველ წელს გამოურევს ხოლმე. ძირითადად, "კარის გაჯახუნება", ანუ თავის წლის ბოლოს გამოჩენა გვეხერხება, მაგრამ ამჯერად ზაფხულის დასაწყისი და პლანეტის ერთ-ერთი უძლიერესი ნაკრები "შევარჩიეთ". ჩვენი გუნდი თითქმის მთელი მატჩის განმავლობაში იცავდა თავს, ესპანეთის ნაკრებმა, ვისთვისაც ეს კარსმომდგარი "ევრო-2016"-ის წინ გენერალური რეპეტიცია გახლდათ, რამდენიმე ლიდერი დაასვენა, იღბალიც ჩვენს მხარეს იყო, მაგრამ... ისტორიაში შედეგი რჩება. ისტორია კი გვეუბნება, რომ 2016 წლის 7 ივნისს ხეტაფეს სტადიონზე საქართველოს ნაკრებმა ოქრიაშვილის გოლით აჯობა ესპანეთის ნაკრებს - 1:0!

P.S. ერთი თვის შემდეგ საქართველოს ნაკრებმა ოფიციალურ მატჩშიც იყოჩაღა და "ევრო-2016"-ის ერთ-ერთ სენსაციას - ბეილიან უელსს სტუმრად აართვა ქულა - 1:1. თუმცა ესპანეთის თუნდაც ამხანაგურად ძლევა მაინც სხვა მასშტაბის წარმატებაა და წლის მოვლენებშიც საპატიო ადგილი უჭირავს.

ბედნიერების ოკეანე

"რაგბი ევროპის" (ყოფილი "ერთა თასი") იოლად მოგების შემდეგ, საქართველოს მორაგბეთა ეროვნულმა ნაკრებმა ივნისში საუცხოოდ ითამაშა ოკეანეთის ისტორიულ ტურნეში. ბორჯღალოსნებს პირველად მიეცათ წყნარი ოკეანის კუნძულებზე ტესტ-მატჩების გამართვის შესაძლებლობა და პესიმისტური პროგნოზების მიუხედავად, შანსი ჩინებულადაც გამოიყენეს: დასანანი 19:19 სამოასთან (გამარჯვებასთან ძალიან ახლოს ვიყავით. - ავტ.), 20:23 ტონგასთან და ყველაზე ფასეული მოგება ფიჯისთან - 3:14! რამდენიმე წამყვანი მორაგბის არყოფნის მიუხედავად, საქართველოს ნაკრებმა ძალიან კარგად ითამაშა ოკეანეთში და რაც მთავარია, ისტორიაში პირველად აღზევდა მსოფლიო რეიტინგის მე-11 საფეხურამდე...

ივნისთან შედარებით, ნოემბერი ნაკლებად ტკბილი გამოდგა, მაგრამ მეტოქეების ფაქტორიც გასათვალისწინებელია: ბორჯღალოსნებმა მოგებული თამაში აჩუქეს იაპონიას, 20:16 დაამარცხეს სამოა და კილმარნოკში გაემგზავრნენ შოტლანდიის ეროვნული ნაკრების "დასატესტად"... პირდაპირ ვთქვათ: ტესტის პასუხი უარყოფითია. "ნარშავებმა" პირველივე ტაიმში მოითავეს საქმე და მეორე ნახევარში თამაშის გამოსწორების მიუხედავად, ვეღარაფერი შევცვალეთ - 43:16.

P.S. ასეთი ანგარიშით წაგება არ გვეკადრებაო, - მამუკა გორგოძემ შოტლანდიასთან მარცხის შემდეგ თქვა. მართალიც არის, მაგრამ... ჩვენი დროც მოვა!

მეოთხედ ევრობასკეტზე

გაისად საქართველოს კალათბურთელთა ნაკრები ზედიზედ მეოთხედ ითამაშებს ევროპის ჩემპიონატზე. ილიას ზუროსის შეგირდებმა საკვალიფიკაციო ეტაპზე მონტენეგროს, სლოვაკეთსა და ალბანეთს აჯობეს და კონტინენტის პირველობაში აგვისტოს ბოლოდან ჩაერთვებიან. შესარჩევ ციკლში ჩვენი უშუალო კონკურენტი მონტენეგრო იყო და აკი გვაჯობა კიდეც თბილისურ შეხვედრაში. თუმცა საკვალიფიკაციო ეტაპის ბოლო ტურში ქართველებმა სრულფასოვანი რევანში აიღეს, კონკურენტი თავადაც სტუმრად დაამარცხეს (90:84) და ევრობასკეტის ფინალურ ეტაპზე პირველი ადგილით გავიდნენ. საქართველოს ნაკრები 31 აგვისტოდან 6 სექტემბრამდე ითამაშებს "ბ" ჯგუფში, რომლის მატჩებსაც თელ-ავივი უმასპინძლებს, ჩვენი მეტოქეები კი უკრაინა, ისრაელი, ლიტვა, იტალია და გერმანია იქნებიან.

რიო-ორი

ჩვენთვის სარეკორდო, 39 სპორტსმენი და ოქროს ორი მედალი - ასეთია საქართველოს ოლიმპიური დელეგაციის შედეგი რიო-დე-ჟანეიროს ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებზე. სხვა სინჯის მედლებიც მოვიპოვეთ, მაგრამ ოლიმპიურ ოქროს განსაკუთრებული სიკაშკაშე აქვს და წლის მოვლენებში მხოლოდ ჩემპიონებს - ლაშა ტალახაძესა და ვლადიმერ ხინჩეგაშვილს გავიხსენებთ: 22 წლის საჩხერელმა ძალოსანმა რიოს ფიცარნაგი და მაყურებლის გული თანაბარი წარმატებით დაიპყრო - ექვსივე ცდა წარმატებით მიიყვანა ბოლომდე, ატაცში 215 კგ დაძლია, აკვრაში - 258, ორჭიდის ჯამში 473 კილოგრამი დაიმორჩილა და ოლიმპიურ ოქროსთან ერთად, მსოფლიო და ოლიმპიური რეკორდებიც მიითვალა! ოლიმპიადაზე ნაჩვენები შედეგი რომ კანონზომიერია და ლაშას სახით ძალოსნობას ახალი ვარსკვლავი ჰყავს, ამას წლის მიწურულს, ისრაელის ქალაქ ეილათში გამართული ევროპის 23-წლამდელთა ჩემპიონატიც მოწმობს: ჩემპიონობის გარდა, ტალახაძემ ოქროს სამი მედალი და ევროპის ორი რეკორდიც დაისაკუთრა...

გაგვახარა თავისუფალი სტილით მოჭიდავე ვლადიმერ ხინჩეგაშვილმაც (57 კგ). გორელმა ფალავანმა რიოში გამართული ოთხი შეხვედრიდან სამი (მათ შორის - ფინალიც) ერთნაირი ანგარიშით - 4:3 მოიგო და მხოლოდ ნახევარფინალში იმარჯვა უფრო დიდი სხვაობით ბულგარელ სეხნია დუბოვთან - 8:4. გადამწყვეტ შეხვედრაში 25 წლის ჩვენებური იაპონელ რეი ჰიგუჩის დაუპირისპირდა და 0:2 ჩამორჩენის მიუხედავად, შეხვედრა სათავისოდ დაასრულა.