"წარმატებები ჩემს მონდომებაზეა დამოკიდებული" - კვირის პალიტრა

"წარმატებები ჩემს მონდომებაზეა დამოკიდებული"

საქართველოს 2016 წლის საუკეთესო სპორტსმენის ოფიციალურად დასახელებამდეც ცხადი იყო, რომ წლეულს ყველაზე მეტის ამწევი ლაშა ტალახაძე ამ ტიტულის სიმძიმესაც სხვებზე იოლად შეეჭიდებოდა. ასეც მოხდა - ყველა გამოკითხვით საქართველოს წლის სპორტსმენი სწორედ საჩხერელი გოლიათია! 22 წლის ძალოსანმა რიო-დე-ჟანეიროში ოლიმპიური ოქრო, მსოფლიო და ოლიმპიური რეკორდები დაისაკუთრა. მას მერე კი გაცილებით მძიმეს - საყოველთაო სიყვარულსა და პატივისცემასაც ეზიდება და ლაშას მონაცემებს თუ გავითვალისწინებთ, ამ სასიამოვნო ტვირთის ტარება კიდევ დიდხანს მოუწევს. დეკემბერში ისრაელის ქალაქ ეილათში გამართულ ევროპის ახალგაზრდულ ჩემპიონატზე სამ ოქროს ამდენივე რეკორდი მიამატა და მედლების კოლექციაც სრულად შეავსო. ასე რომ, ახლა თავისუფლად შეუძლია, ტოკიოს ოლიმპიადამდე მხოლოდ ევროპისა და მსოფლიო ჩემპიონატებისთვის "მოცდეს". წელიწადის პირველი ნომრისთვის წლის სპორტსმენზე უკეთეს რესპონდენტს სად ვიპოვიდით და... ლაშა ტალახაძე "კვირის პალიტრის" სტუმარია:

- გამორიცხული არასდროს არაფერია, მაგრამ... სეზონის დასაწყისში არც მიფიქრია და ვერც წარმოვიდგენდი, რომ წლის სპორტსმენობის ერთ-ერთი პრეტენდენტი ვიქნებოდი. მთავარი მიზანი ჯერ ევროპის ჩემპიონატზე, მერე კი რიოს ოლიმპიურ თამაშებში გამარჯვება იყო...

- და რას გრძნობ ახლა, როცა ყველა გამოკითხვაში გაიმარჯვე და საქართველოს 2016 წლის საუკეთესო სპორტსმენი ხარ?

- გულის სიღრმეში, ბუნებრივია, ველოდი ამ ძალიან მნიშვნელოვან ტიტულს, მაგრამ, როცა ოფიციალურად გამომაცხადეს წლის სპორტსმენად, მაინც განსხვავებული ემოცია და სიხარული დამეუფლა... სამშობლოში აღიარება განსაკუთრებულად ფასეულია და ეს პატივი დამატებითი სტიმული იქნება ჩემთვის. სპორტსმენი სწორედ ასეთ წუთებში ხვდება, რატომ არ უნდა დაკმაყოფილდეს ერთი გამარჯვებით... ვეცდები, ეს ტიტულიც დავიცვა, შედეგებით გაისადაც დავიმსახურო ადგილი წლის ლაურეატთა შორის და ამ "ფრონტზეც" გამარჯვებისთვის ვიბრძოლო.

- ვის უძღვნის ამ ტიტულს ლაშა ტალახაძე?

- ამ ტიტულსაც და ყველა გამარჯვებას ვუძღვნი საქართველოს, ჩემს ოჯახს, ყველა გულშემატკივარს, ვინც გვქომაგობს, ვისაც უხარია ძალოსნების წარმატებები.

- რიოშიც და ოლიმპიადიდან დაბრუნების შემდეგაც, სულ ყურადღების ცენტრში ხარ, ყველა სიყვარულით გხვდება... მაგრამ შენთვის წლის ყველაზე ამაღელვებელი დღე, ალბათ, მაინც 16 აგვისტო იყო - ოლიმპიურ კვარცხლბეკზე ასვლის დღე...

- საქართველოს ჰიმნის დროს გავაცნობიერე, რომ თავდაუზოგავი ვარჯიშით შევძელი ის, რასაც ჩვენი ოლიმპიელებისგან მთელი საქართველო ელოდა და ამით უზომოდ ბედნიერი ვიყავი... არანაკლებ ამაღელვებელი იყო საქართველოში დაბრუნება, სამშობლოში მიღებული ჯილდოები... მშობლიურ საჩხერე და ყველა სხვა ქალაქშიც დღემდე უდიდესი სიყვარულით და სითბოთი გვხვდებიან.

- კვარცხლბეკის უმაღლესი საფეხურიდან, ალბათ, ყველაფერი სასიამოვნოდ მოჩანს. მაგრამ კონკურენტების მზერაშიც მხოლოდ პატივისცემა ამოიკითხე თუ რიოში ბოღმიანი გამოხედვებიც იყო?

- არ დაგიმალავთ, შემეცოდა ლონდონის ოლიმპიადის ირანელი ჩემპიონი ბეჰდად სალიმი, რომელმაც უმედლოდ დაასრულა რიოში გამოსვლა. თურმანიძის ბრინჯაომ კი ისე გამახარა, სხვა სპორტსმენების განცდები აღარ შემიმჩნევია. ირაკლიმ მართლაც დიდებულად იასპარეზა ბრაზილიაში - სპორტსმენი პირდაპირ ოლიმპიურ თამაშებზე რომ ახერხებს იმ წონების დაძლევას, რომლებიც მზადებისას არ აუწევია, მართლაც საოცარი შედეგია... რაც შეეხება დანარჩენ მონაწილეებს, არა მგონია, ოქროზე ჰქონოდათ პრეტენზია - ყველამ ვიცით, ვის რამდენის აწევა შეუძლია და მოსაგებად რამდენი სჭირდება. აი, სალიმი კი ისე მოიქცა, დიდ სპორტსმენებს რომ შეჰფერით - დანა კბილს არ უხსნიდა, ცრემლს ვერ იკავებდა, მაგრამ მაინც გულწრფელად მომილოცა გამარჯვება.

- ყველაზე წარმატებული და ამაღელვებელი წელი უკვე წარსულშია. რას ვნახავთ მომავალში? 2017 იოლი არ იქნება შენთვის: სადაც იასპარეზებ, ყველა ტურნირში ჩემპიონობასა და რეკორდს დაელოდებიან შენგან. არ გაგიჭირდება?

- გაისად ევროპის ჩემპიონატშიც ვგეგმავ მონაწილეობას და მსოფლიო პირველობაზეც. ფსიქოლოგიური წნეხი იქნება, რადგან ტიტულები მაქვს დასაცავი და აღარც ჩემს გულშემატკივარს დააკმაყოფილებს მეორე ან მესამე ადგილი. თუმცა დარწმუნებული ვარ, მომავალ ტურნირებზეც წარმატებით ვიასპარეზებ.

- ბოლო თვეებია, ყველგან შენი სახელი ისმის, მაგრამ როცა წიგნს გიძღვნიან, ალბათ, განსაკუთრებული განცდაა... რა იგრძენი, პირველად რომ მოჰკარი თვალი წიგნს "ლაშა ტალახაძე"?

- თანდათანობით ვაცნობიერებ, რა ხდება ჩემს თავს, რა შევძელი და რა მომეთხოვება. წიგნის პრეზენტაციის დროს კი მივხვდი - დღევანდელი სიყვარული და განცდები რომც განელდეს, ტიტულებთან ერთად ეს წიგნიც წლების განმავლობაში დარჩება და შემოინახავს ინფორმაციას ერთ-ერთი ქართველი სპორტსმენის - ლაშა ტალახაძის შესახებ.

- ოლიმპიადის გარდა, კიდევ რა იყო შენთვის "წლის მოვლენა" ქართულ სპორტში?

- ლადო ხინჩეგაშვილის ბრწყინვალე გამარჯვებაზე ახალი რაღა უნდა ვთქვა. სხვა ქართველი ოლიმპიელების მედლებმაც ძალიან გამახარა, მაგრამ იყო არაერთი დასანანი მარცხიც... გამოვყოფ საკალათბურთო ნაკრების, ასევე ჩვენი მორაგბეების წარმატებულ თამაშს. თავისუფალ ჭიდაობასთან ერთად, ეს სახეობებიც ძალიან მიყვარს. მეტიც, მოჭიდავეც ვიყავი და სანამ ძალოსნობას პროფესიულად გავყვებოდი, რაგბიში ან კალათბურთში ვაპირებდი ვარჯიშის გაგრძელებას... და მაინც, ჩემთვის ყველაზე მღელვარე ის წუთები იყო, ოლიმპიურ კვარცხლბეკზე ერთდროულად ორი ქართველი რომ ვიდექით!

- ასეთი პოპულარობა, მუდმივი ყურადღება ხელს ხომ არ შეგიშლის, დათვურ სამსახურს ხომ არ გაგიწევს?

- ყოველწუთიერი ყურადღება მართლაც უჩვეულოა ჩემთვის, მრცხვენია, როცა უცნობი ხალხი ქუჩაში ან გვერდით მდგომი მანქანიდან მესალმება და მილოცავს. თუმცა ისიც გაცნობიერებული მაქვს, რომ ჩემპიონობა ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებშიც და იქამდე გასამართ ტურნირებშიც დასაცავი მაქვს.

- ტიტულების შესანარჩუნებლად ორმაგი შრომა მმართებსო, მაგრამ... თქმა ერთია, შესრულება - მეორე. რა იქნება მოტივაცია ოლიმპიური ჩემპიონისთვის?

- ის სიხარული, რომელსაც დიდი გამარჯვებების შემდეგ ვგრძნობ, რასაც გულშემატკივრები გამოხატავენ საყვარელი სპორტსმენის გამარჯვებების შემდეგ... მეტი რა მოტივაციაა საჭირო, როცა შეგიძლია გაჰყვე შენი ფედერაციის პრეზიდენტის კვალს, რომელიც სამგზის ოლიმპიური ჩემპიონია?!

- ეილათში არ გაუკვირდათ, ოლიმპიურმა ჩემპიონმა 23-წლამდელთა პირველობაზე რომ იასპარეზა?

- 23-წლამდელებში წარუმატებლად გამოსვლა სირცხვილი იქნებოდა და მგონი, ისრაელის ტურნირის დროს უფრო ვინერვიულე, ვიდრე ოლიმპიადის წინ (იცინის). გაკვირვებისა რა გითხრათ, მაგრამ სავსე ტრიბუნებზე ყველას ეტყობოდა, რომ გაუხარდათ ეილათში ჩემი ჩასვლა.

- ცხადია, ეს ყველაზე ბედნიერი ახალი წელია ტალახაძეების ოჯახში... საახალწლოდ რას უსურვებ შენს თავს და სამშობლოს?

- მინდა, საქართველოს ყველა ოჯახს ვუსურვო იმდენი სიხარული, რაც გასულმა წელმა მოგვიტანა მე და ჩემიანებს! ქართველ სპორტსმენებს წარმატებას ვუსურვებ, ჩვენი სამშობლოს ყველა ოჯახს კი მშვიდობიან, ბედნიერ, ბარაქიან წელიწადს... წარმატებები ჩემს მონდომებაზეა დამოკიდებული. გპირდებით, რომ ევროპისა და მსოფლიო ჩემპიონობისთვის თავს არც 2017 წელს დავზოგავ!