დარდურებიც ჩვენ გვიგებენ?! - კვირის პალიტრა

დარდურებიც ჩვენ გვიგებენ?!

ანუ დროა, ფუტსალს მივეძალოთ

გასულ კვირას გამართულმა მატჩებმა დაგვაფიქრა - ხომ არ დადგა დრო, დიდი საფეხბურთო მოედნიდანაც დარბაზში გადავინაცვლოთ და ფუტსალს მეტი დრო და ყურადღება დავუთმოთ?! ეს ნახევრად ხუმრობით - თუ სახუმაროდ გვაქვს საქმე...

თვითონ შეადარეთ: დუბაიში შეკრებაზე მყოფ ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრები ჯერ უზბეკეთს დაუზავდა (2:2), მერე კი იორდანიასთან დამარცხდა - 0:1... რაც შეეხება ფუტსალის ეროვნულ გუნდს, ავთანდილ ასათიანის შეგირდებმა ევროპის 2018 წლის ჩემპიონატის პირველ შესარჩევ ეტაპზე სამივე მატჩი დამაჯერებლად მოიგეს და მომდევნო რაუნდის საგზურიც დამსახურებულად მიიღეს!

კარგად ვიცით, რომ არაბეთში გამართული შეკრება ნაკრების კანდიდატების საქმეში ნახვას ემსახურებოდა და ვლადიმირ ვაისმა არაბეთში ექსპერიმენტული შემადგენლობა იახლა. სლოვაკმა მწვრთნელმა შეკრების ბოლოს ისიც პირდაპირ თქვა, რომ მათგან მხოლოდ ორი-სამი ფეხბურთელით დარჩა კმაყოფილი - ორ მოთამაშეს აუცილებლად გამოვიძახებ სერბეთთან მატჩის წინა შეკრებაზეო, მაგრამ სტატისტიკაში შედეგი რჩება და არა - შემადგენლობა, შედეგი კი საქართველოს ნაკრების იორდანიასთან წაგებაა. გნებავთ, ნაკრების მეორე ან მესამე შემადგენლობა დაარქვით, გნებავთ - საქართველოს ჩემპიონატის ნაკრები, მაგრამ სახელად ნამდვილად ეროვნული გუნდი ერქვა და შემადგენლობით მერამდენეც უნდა ყოფილიყო, იორდანიასთან წაგება მაინც ცუდ შედეგად უნდა ჩავუთვალოთ!

თუ ის ძნელი დასადგენია, ჩვენ მერამდენე შემადგენლობით ვითამაშეთ დუბაიში, იორდანია ნამდვილად ძირითადი გუნდით იყო, გუნდით, რომელსაც ერთადერთი ლეგიონერი ჰყავს - რუმინული "გაზ მეთანის" 31 წლის ფორვარდი ტჰაერ ბავაბი. ჩვენთან მოგებამდე იორდანიას ცხრამატჩიანი მოუგებელი სერია (ოთხი წაგება და ხუთი ფრე) ჰქონდა, მაგრამ გასაკვირი არც ეს არის - სხვა გუნდებისთვის ისტორიის დაწერასა თუ სტატისტიკის გაუმჯობესებაში ხომ ბადალი არ გვყავს...

ამხანაგური მატჩების ერთ-ერთი მიზანი ახალი ფეხბურთელების საქმეში ნახვაა. კარგი იქნება, ვლადიმერ ვაისმა "ის ორი" მოთამაშე მართლაც თუ მოიწონა და გამოიყენებს, მაგრამ "გადახალისებულ" ნაკრებში რამდენიმე ისეთი ფეხბურთელიც ვნახეთ, ნაკრებში არაერთხელ რომ უთამაშიათ. წესით, მათი შესაძლებლობები სლოვაკსაც კარგად უნდა მოეხსენებოდეს და საკითხავია - ნაკრებს, მწვრთნელს ან თავად ამ მოთამაშეებს რა მისცა უზბეკეთ-იორდანიასთან გამოძახებამ?!

საქმეს ისე ეტყობა, ვაისს საქართველოს ნაკრები უკვე "საათივით აქვს აწყობილი", ასე რომ, ძირითადი შემადგენლობის მოთამაშეებს მორიგ შესარჩევ მატჩამდე აღარ სჭირდებათ ამხანაგური მატჩი - დუბაის შეკრებიდან ორ კაცს დაიმატებენ და ეგაა...

უშუალოდ მატჩზე კი ბევრს ვერ ვილაპარაკებთ. მთლიანად არც გვინახავს (პირდაპირი რეპორტაჟი პირველი ტაიმის შუაწელისთვის შეწყდა) და რაც ვნახეთ, არც იმას გადავურევივართ. ის კი ნიშანდობლივია, რომ მატჩის ერთადერთი გოლი იორდანიელმა ალ დარდურმა გაიტანა... არც მას ვერჩით რამეს და არც - მის გვარს, მაგრამ... სამწუხაროდ, ჩვენები კიდევ უფრო და...რდურები გამოდგნენ და... რა გასაკვირია, იორდანიამ ცხრამატჩიანი მოუგებელი სერია რომ შეწყვიტა!

ახლა უფრო სასიამოვნოზე: შესავალშიც ვთქვით, რომ გასულ კვირას ფუტსალის ნაკრებმაც ითამაშა და ევროპის 2018 წლის ჩემპიონატის მეორე შესარჩევ ეტაპზე თამაშის უფლება მოიპოვა. ავთანდილ ასათიანის შეგირდებმა თბილისის ახალ სპორტის სასახლეში გამართული A ჯგუფის სამივე შეხვედრა დამაჯერებლად მოიგეს, საწყის ორ შეხვედრაში კი გოლიც არ გაუშვიათ - ისრაელს 3:0 აჯობეს, შოტლანდიას - 11:0! ეს ორი გუნდი ჩვენმა უშუალო კონკურენტმა დაამარცხა და მეორე შესარჩევი ეტაპის საგზურის მფლობელი სწორედ შვეიცარიასთან ბოლო შეხვედრაში გაირკვა. არ გაგვკვირვებია, საქართველოს ნაკრებმა ამ მატჩის პირველი ნახევარიც "მშრალი" ანგარიშით 3:0 რომ მოიგო - ჩვენი გუნდის კარს ხომ მსოფლიო დონის მეკარე ზვიად კუპატაძე იცავს. სხვათა შორის, ზვიადმა სამ შეხვედრაში ორი გოლის გატანაც მოახერხა... მეორე ნახევარში შვეიცარიამ გაიბრძოლა და ანგარიშის მინიმუმამდე შემცირებაც მოახერხა, თუმცა, საბოლოოდ, მაინც მასპინძლებმა იმარჯვეს - 6:3 და აპრილში ჩვენი გუნდი უკვე ევროპის ჩემპიონატის ფინალური საგზურისთვის იბრძოლებს.

მეორე საკვალიფიკაციო ეტაპს ბელორუსიის დედაქალაქი მინსკი უმასპინძლებს, ქვეჯგუფში საქართველოს ნაკრების მეტოქეები კი მასპინძელი ბელორუსია, ჰოლანდია და იტალია იქნებიან.