რამდენი დღით გადაიდო ჩემპიონობა? - კვირის პალიტრა

რამდენი დღით გადაიდო ჩემპიონობა?

"ახლა მაქვს შანსი, რაღაც მნიშვნელოვანი გავაკეთო ჩემი ქვეყნისთვის", - ზაზა ფაჩულიამ ეს რამდენიმე დღის წინ უთხრა ამერიკელ ჟურნალისტს. მნიშვნელოვანი აქამდეც ბევრი გაუკეთებია, მაგრამ ახლა საქართველოსთვის მართლაც ისტორიულ მიღწევას მიუახლოვდა - ერთი გამარჯვებაც და, "გოლდენ სტეიტის" ცენტრი ზაზა ფაჩულია გახდება პირველი ქართველი კალათბურთელი, რომელსაც ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის საჩემპიონო ბეჭედი მოუგია! NBA-ს ფინალი ოთხ მოგებამდე გრძელდება, ზაზა და "გოლდენ სტეიტი" კი 3:0 დაწინაურდნენ "კლივლენდ კავალიერსთან" დუელში და ბეჭდების მორგებამდე მხოლოდ ერთი ნაბიჯი აშორებთ. საკითხავი მხოლოდ ის არის, რამდენი მატჩი დასჭირდება ამ ნაბიჯს? "კლივლენდი" უძლიერესი გუნდია, ლებრონ ჯეიმსისა და კაირი ირვინგის გაჩერება - ურთულესი საქმე, მაგრამ ასევე ვარსკვლავებით გადაჭედილმა "გოლდენ სტეიტმა" ძალიან უნდა მოინდომოს, ზედიზედ სამი მატჩის წაგება რომ მოახერხოს!

ფინალურ სერიაში ზედიზედ სამჯერ დამარცხების შემდეგ, "კლივლენდმა" მოგების გემოც გაიხსენა და საშინაო არენაზე 137 ქულა ჩაუგდო ფაჩულიას და კომპანიას. სხვათა შორის, ეს ყველაზე ბევრი ქულაა, რაც წლევანდელ ფინალში ჩაუგდია გამარჯვებულ გუნდს (მანამდე, "გოლდენ სტეიტმა" 113:91, 132:113, 118:113 იმარჯვა). იმასაც შეამჩნევდით, რომ, თუ ბოლო შეხვედრას არ ჩავთვლით, მეტოქეთაგან რომელიმე აუცილებლად აგდებდა... 113 ქულას! თუმცა, მეოთხე მატჩში კლივლენდელებმა, როგორც იქნა, გატეხეს ნავსი და 137:116 გაიმარჯვეს.

წაგებული შეხვედრა ფაჩულიამ სასტარტო ხუთეულში დაიწყო და ფინალური შეხვედრებიდან ყველაზე დიდხანს - 15:40 წუთიც ათამაშეს. ამ დროის განმავლობაში ქართველმა ცენტრმა 6 ქულა (ორიდან ორი 2-ქულიანი და ოთხიდან ორი საჯარიმო) და 3 მოხსნა მიითვალა. თავისთვის უჩვეულოდ ცოტა (14) ქულა ჩააგდო სტეფ კარიმ, ოკლენდელთაგან ყველაზე შედეგიანი კი კევინ დურანტი იყო - 35 ქულა, 4 ქულა, 4 პასი. მასპინძლების ჩაგდებული 137 ქულიდან ნახევარზე მეტი გუნდის ლიდერებზე მოდის: კაირი ირვინგმა 40 ქულას 7 მოხსნა, 4 პასი და 3 ჩაჭრა მიამატა, მეფე ლებრონმა კი სამმაგი დუბლი შეასრულა - 31 ქულა, 10 მოხსნა, 11 პასი! შეხვედრის ბედი კი, ფაქტობრივად, გადაწყდა პირველივე მეოთხედში, როცა "კლივლენდმა" 49 ქულა(!) ჩაუგდო მეტოქეს, 16-ქულიანი უპირატესობა მოიპოვა და შეხვედრის ბოლომდე აღარც გაუნიავებია...

თუმცა, მომდევნო, მეხუთე შეხვედრას ფაჩულიას "გოლდენ სტეიტი" საშინაო არენაზე გამართავს და ჩემპიონობის გაფორმებასაც საკუთარი ქომაგის წინაშე შეეცდება. მატჩი 13 ივნისს, თბილისის დროით 05:00 საათზე დაიწყება და დიდია ალბათობა, ახალ სიმაღლეზე ასულ ქართულ კალათბურთს სწორედ სამშაბათს გაუთენდეს ისტორიული დილა!