საქართველოს კარი მაკარიძისთვის - კვირის პალიტრა

საქართველოს კარი მაკარიძისთვის

"აბა, რისთვის თამაშობს ფეხბურთელი?! პირველ რიგში, მოსაგებად, მერე კი - იმისთვის, რომ მაყურებელს მიანიჭოს სიამოვნება"

"ასე თუ ვიფიქრებთ, არც მცველმა უნდა მოატყუოს თავდამსხმელი და საკუთარ ნახევარზეც არ უნდა აკეთოს პასები"

გიორგი მაკარიძე საუკეთესო ფორმაშია. პორტუგალიური "მორეირენსეს” ქართველმა მეკარემ ახლახან დასრულებულ ჩემპიონატში არაერთი შთამბეჭდავი მატჩით დაგვამახსოვრა თავი, პორტუგალიის თასიც აღმართა და სეზონის დასრულებისთანავე, პირენეს არაერთი კლუბი, მათ შორის - ლისაბონის "ბენფიკაც” დააინტერესა. რაც მთავარია, გიორგი დაუბრუნდა გუნდს, რომლის მაისურიც პირველად 17 წლის ასაკში მოიზომა. დიახ, ბოლო სამ მატჩში, საქართველოს ეროვნული ნაკრების კარს სწორედ 27 წლის გიორგი მაკარიძე იცავდა და ნაკრებში დაბრუნებით მიღებული ემოცია ჩვენც გაგვიზიარა:

- 17 წლის ვიყავი, ეროვნულ ნაკრებში პირველად რომ მიმიწვიეს საფრანგეთთან გასვლითი მატჩისთვის. მაშინდელი ემოცია დღემდე მახსოვს... მოგვიანებით, როცა კახა ცხადაძემაც მიხმო, პორტუგალიის მეორე დივიზიონში ვთამაშობდი და ქვეყნის მთავარ გუნდში გამოძახება ძალიან მოულოდნელი იყო ჩემთვის. იმავეს ვერ ვიტყვი ბოლო მატჩებზე - მიმაჩნია, რომ ბოლო პერიოდის გათვალისწინებით, ვიმსახურებდი ნაკრებში გამოძახებას და თამაშს...

- გამოცდილების გარდა, რით განსხვავდება 27 წლის გიორგი მაკარიძე 17 წლის დებიუტანტისგან?

- დღეს გაცილებით თავდაჯერებული ვარ! ალბათ, სხვა კომპონენტებითაც გავიზარდე...

- გასულ სეზონში "მორეირენსემ” არაერთი შთამბეჭდავი მატჩი გამართა, პორტუგალიის თასიც მოიგო და უმაღლეს ლიგაშიც შეინარჩუნა ადგილი. წარმატება რამ განაპირობა?

- ძლიერი შემადგენლობა გვყავდა, თუმცა, თასის მოგებაში იღბალიც წაგვეხმარა. რაც შეეხება ჩემპიონატს - სასურველ ადგილზე რომ ვერ გავედით, ამას არაერთი მიზეზი ჰქონდა: თასის მოგების შემდეგ "სპორტინგში” გადაბარგდა "მორეირენსეს” ორი წამყვანი ფეხბურთელი და გუნდში ვითარება აირია. ამის ბრალია, ზედიზედ ცხრა მოუგებელი მატჩი რომ ვითამაშეთ. საბედნიეროდ, ჩემპიონატის ფინიშთან მაინც შევძელით თამაშის გამოსწორება და შევინარჩუნეთ ადგილი უმაღლეს ლიგაში.

- წელს პენალტებიც საკმაოდ მოიგერიე... ამისთვის სპეციალურად ვარჯიშობ, თუ იღბალიც დაგეხმარა?

- მოწინააღმდეგე გუნდის "პენალტისტის” ტაქტიკას ყოველი მატჩის წინ ვსწავლობ: ზოგიერთი მათგანი მეკარეს უყურებს, სხვა სულ ერთ კუთხეში ურტყამს და ა.შ. მეც ამის გათვალისწინებით ვირჩევ ხოლმე კუთხეს.

- შენს ძლიერ და სუსტ მხარეებზე რას გვეტყვი?

- ჩემი სუსტი მხარე კარგად ვიცი (იცინის). რაც შეეხება პლუსებს, გამორჩეულად ძლიერი მხარე არც მაქვს. ასე რომ, ამ კითხვაზე არ გიპასუხებთ...

- "მორეირენსე” გიმარაეშის მუნიციპალიტეტის პატარა დაბის - მორეირას კლუბია. ადვილად მიეჩვიე იქ ყოფნას და პორტუგალიაში ცხოვრებას?

- "სოფელი” უფრო ზუსტი დახასიათება იქნებოდა, რადგან მორეირაში მხოლოდ 4000 მაცხოვრებელია. იქ არც კლუბის ფეხბურთელები ცხოვრობენ და გულშემატკივარიც ცოტა გვყავს - ყველაზე მცირერიცხოვანი პორტუგალიის უმაღლეს ლიგაში... სამი წელიწადია, პორტუგალიაში ვცხოვრობ. ადვილად მივეჩვიე და ძალიან მომწონს ეს ქვეყანა. პორტუგალია ჩემთვის ლამაზ, შემტევ ფეხბურთთან ასოცირდება. მთელი ქვეყანა ფეხბურთით ცხოვრობს! საინტერესო ის არის, რომ იმის მიუხედავად, ერკვევა თუ არა ფეხბურთში, პორტუგალიის ნებისმიერი მცხოვრები აუცილებლად უნდა იყოს "ბენფიკისტა”, "სპორტინგისტა” ან "პორტისტა”, ანუ, ქვეყნის სამი გრანდიდან ერთ-ერთის გულშემატკივარი!

- პორტუგალიის ჩემპიონატი რით არის სპეციფიკური, რას ექცევა ძირითადი ყურადღება?

- ფიზიკურ მომზადებას დიდ ყურადღებას არ აქცევენ, ტექნიკურ მომზადებას ანიჭებენ უპირატესობას. თუმცა, "გახსნილი” თამაშები მხოლოდ საწყის ტურებშია, მერე კი კლუბები, რომლებსაც ქულების დაკარგვის უფლება აღარ აქვთ, ჩაკეტილ ფეხბურთზე გადადიან. შარშანდელ სეზონში ჩვენც ასე ვიყავით...

- ჩემპიონატის ბოლო ტურში "პორტუ” დაამარცხეთ. ამ ჯერზე იკერ კასილასს არ უთამაშია, მაგრამ მოედანზეც შეხვედრიხარ და მის გარეთაც. რას იტყვი იკერზე?

- "პორტუს” მართლაც რამდენჯერმე შევხვდით, მაგრამ კასილასის წინააღმდეგ მხოლოდ ერთხელ მომიწია თამაშმა. სხვა მატჩებში სათადარიგო იყო - ხან თასის მატჩი იყო, ხან არ სჭირდებოდათ და ა.შ. მოედანს მიღმა კი ერთადერთხელ ვნახე - შემთხვევით, რესტორანში შევხვდით და გაოცებული დავრჩი, ისეთი უშუალო და თავმდაბალი აღმოჩნდა...

- კასილასი "ლივერპულში” გადადისო... მის სავარაუდო შემცვლელებს შორის კი შენი გვარიც დასახელდა... ჭორია?

- არ ვიცი, ამასთან დაკავშირებით არავინ შემხმიანებია...

- სამაგიეროდ, ნამდვილად რეალურია "ბენფიკას” ინტერესი. წინასწარ ძნელია თქმა, მაგრამ არჩევანი რომ გქონდეს "პორტუსა” და "ბენფიკას” შორის...

- ჩემი გადასაწყვეტი რომ იყოს, ავირჩევდი გუნდს, რომელშიც თამაშის მეტი შანსი მექნებოდა... თანაბარი დონის კლუბებია, ჩემპიონთა ლიგის საგზურიც ორივემ მოიპოვა, თუმცა, ისტორიით, პოპულარობითა და გულშემატკივრებით, ალბათ, ცოტათი მაინც "ბენფიკა” სჯობს...

- "ბენფიკა” სერიოზულად ფიქრობს შენს შეძენაზე. არადა, ძირითადად ბრაზილიელ გოლკიპერებზე რჩებათ ხოლმე თვალი: 37 წლის ჟულიო სეზარი, "მანჩესტერ სიტიში” გადაბარგებული ედერსონი და ა.შ. ლისაბონელების გარდა, კიდევ რომელ კლუბს სურს შენი გადაბირება?

- რეალური ვარიანტები არის, თუმცა, ვნახოთ, რა როგორ იქნება.

- შენი კოლეგებიდან ვისი თამაში მოგწონს ყველაზე მეტად?

- ჯან-ლუიჯი ბუფონის!

- ყველაზე დიდ სიამოვნებას მეტოქე ფორვარდის მოტყუება მანიჭებსო, თქვი. ბოლო მატჩში მოლდოველი თავდამსხმელიც მოატყუე, მაგრამ... ქომაგების უმეტესობა მიიჩნევს, რომ ასეთი რისკი ყოველთვის არ გაამართლებს და შესაძლოა, მეკარის გამო ნაკრები დაისაჯოს... გიფიქრია ამაზე?

- წავიკითხე ხალხის კომენტარები ჩემს ნათქვამზე (იცინის). ასე თუ ვიფიქრებთ, არც მცველმა უნდა მოატყუოს თავდამსხმელი და საკუთარ ნახევარზეც არ უნდა აკეთოს პასები -- ბურთი რომ დაიკარგოს, ხომ შეიძლება, გოლი გავიდეს?! გვარდიოლას გუნდი სეზონში მინიმუმ ხუთ ასეთ გოლს უშვებს - ხან ცენტრალური მცველი კარგავს ბურთს, ხან მეკარე და ა.შ. რაც შემეხება მე, არც ისე ხშირად ვრისკავ - მხოლოდ მაშინ, როცა სიტუაცია მოიტანს...

- თანამედროვე მეკარეებში პუბლიკაზე თამაში სულ უფრო და უფრო პოპულარული ხდება, არა?

- აბა, რისთვის თამაშობს ფეხბურთელი?! უპირველესად, მოსაგებად, მერე კი იმისთვის, რომ მაყურებელს მიანიჭოს სიამოვნება. თუ შესაძლებელია, ორივე ერთდროულად უნდა გააკეთო.

- მა-კარიძეს კარი ყველაზე მეტად უხდება... მაგრამ ფინტები ისე გიზიდავს, პატარაობისას თავდასხმაში ხომ არ თამაშობდი?

- მეკარეობა არასდროს მიყვარდა, თუმცა, კარგად გამომდიოდა და ბოლომდე შევრჩი ამ პოზიციას (იცინის). ისე, ერთი წელიწადი თავდამსხმელიც ვიყავი. ვარჯიშებისას ხშირად ვთამაშობ ხოლმე წინ.

- ამის გამო თანაგუნდელებისგან მეტსახელი ხომ არ დაიმსახურე?

- ჯერჯერობით არაფერი, გვარს მეძახიან შემოკლებით.

- მოლდოვასთან მატჩით კმაყოფილი ხარ? შორიდან ისე ჩანდა, თითქოს ჩვეულებრივზე მეტად ნერვიულობდი...

- ასეთი შეფასება ბევრისგან მოვისმინე... არადა, თავს მსგავსი ვერაფერი შევატყვე. სხვათა შორის, მოლდოვასთან თამაშის დროს ძალიან მაწუხებდა წელი და ამის გამო მართლა ვნერვიულობდი...

- ჯერ კიდევ რამდენიმე თვის წინ ნაკრების პირველ-მეორე მეკარედ ლორია-რევიშვილი მიიჩნეოდნენ, ახლა კი... ახლა "შენი დროა”! საინტერესოა, რას გრძნობს ფეხბურთელი, რომელსაც ოცნება აუხდა, ნაკრებში გამოიძახეს, მაგრამ... არ ათამაშებენ?!

- ნაკრების ყოველი შეკრების ბოლოს ძალიან მწყდებოდა გული, რომ თამაში არ მიწევდა... თუმცა, ესეც ფეხბურთის ნაწილია: მატჩს ხან მოედნიდან "უყურებ”, ხან - სათადარიგოთა სკამიდან.

- კლაუს ტოპმიოლერმა ნაკრებში 17 წლისა გამოგიძახა, რამდენჯერმე ცხადაძემაც მიგიწვია, ვაისის ხელმძღვანელობით კი ზედიზედ სამჯერ ითამაშე... სლოვაკი "ყველაზე კარგი” მწვრთნელია შენთვის? ნაკრებში მისი მუშაობით კმაყოფილი ხარ?

- ტოპმიოლერი ძალიან მენდობოდა, მისი მწვრთნელობისას ნაკრებში ხუთჯერ ვითამაშე... რაც შეეხება ვაისს, ნდობისთვის მისი მადლობელიც ვარ. ვნახოთ, კიდევ ოთხი მატჩი დარჩა და ამ თამაშების შემდეგ უფრო ადვილი იქნება შეფასება.

- ვაისის ხელში საქართველოს ნაკრები ერთი ტაიმის გუნდია - ხან პირველ ტაიმს ვთამაშობთ უკეთ, ხან - მეორეს...

- არც ვიცი, ეს რას უნდა დავაბრალო... თუმცა, ფაქტია, რომ ნაკრებს ბევრი პრობლემა აქვს. სათითაოდ თითქოს კარგი მოთამაშეები გვყავს, მაგრამ გუნდური თამაში გვიჭირს. ამის მიუხედავად, მგონია, რომ ეს თაობა მაინც მიაღწევს შედეგს და გავა ევროპის ან მსოფლიო ჩემპიონატზე.

- პორტუგალიური გრანდების ინტერესი ძალიან სასიამოვნოა, მაგრამ სამომავლოდ საით მიგიწევს გული? როგორ გგონია - სად ითამაშებს გიორგი მაკარიძე ორი-სამი წლის შემდეგ?

- სადაც ღმერთი ინებებს!