სენსაციები და ასეული ანასგან - კვირის პალიტრა

სენსაციები და ასეული ანასგან

საქართველოს პირველი ჩოგანი ანა ტატიშვილი ყოველკვირეულად აუმჯობესებდა თავის პოზიციებს მსოფლიო რეიტინგში და ისეთი ტემპი ჰქონდა აღებული, საუკეთესოთა ასეულში მოხვედრა მოკლე პერიოდში "ვუწინასწარმეტყველეთ".

თუმცა, ნამდვილად არ გვეგონა, თუ 21 წლის ჩოგბურთელი ასე სწრაფად მიუახლოვდებოდა მიზანს. გასულ კვირას ქართველმა გოგონამ ზედიზედ რამდენიმე ხმაურიანი სენსაცია "გამოაცხო" და წესით და რიგით, მალევე უნდა დამკვიდრდეს მსოფლიო კლასიფიკაციის საუკეთესო ასეულში. ორი კვირის წინ ანამ მაიამის პრესტიჟული ტურნირის ძირითად ბადეში გააღწია და იქ ერთი რაუნდიც გაიარა, თუმცა, ჩარლსტონის ტურნირზე (საპრიზო ფონდი 721 ათასი დოლარი) ნაჩვენებ შედეგთან ტატიშვილის "მშობლიურ" ფლორიდაში (შვიდი წელიწადია ანა ფლორიდაში ცხოვრობს და ვარჯიშობს - ავტ.) გამოსვლა რა სახსენებელია?

ჩარლსტონის Family Circle Cup-ზე ჩვენებურმა ოთხი მატჩი მოიგო - ორი საკვალიფიკაციო ეტაპზე, ორიც - ძირითად ბადეში. ვენესუელელი გაბრიელა პაზის (479) და უკრაინელი ტატიანა ლუჟანსკას (194) დამარცხების შემდეგ, ტატიშვილმა ხორვატიული ფესვების მქონე ავსტრალიელი ელენა დოკიჩიც დაამარცხა. 27 წლის დოკიჩი ამჟამად პლანეტის 64-ე ჩოგანია, თუმცა, რამდენიმე წლის წინ მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი მეჩოგნე გახლდათ და ერთხანს კვალიფიკაციის მე-4 საფეხურიც ეპყრა ხელთ.

ტატიშვილმა მას თითქმის ორსაათნახევრიან დაძაბულ ბრძოლაში აჯობა - 7:5; 2:6; 6:4. ამის შემდეგ ქართველი ჩოგბურთელი მსოფლიოს 28-ე ჩოგანს - მარია კირილენკოს გადაეყარა და ჩარლსტონში მეცხრე ნომრად განთესილ რუსს პირველი სეტის წაგების მიუხედავად, საბოლოოდ მაინც მოუგო (5:7, 7:5, 6:3). უნდა აღინიშნოს, რომ ასეთი მაღალი რეიტინგის მქონე ჩოგბურთელისთვის 21 წლის ტატიშვილს აქამდე არასდროს მოუგია.

ჩარლსტონის ტურნირი ანასთვის მერვედფინალში დასრულდა, სადაც პლანეტის 23-ე ჩოგანთან, ტურნირზე მეექვსე ნომრად განთესილ ბელგიელთან - იანინა ვიკმაიერთან ღირსეულ ბრძოლაში დამარცხდა - 4:6, 5:7. ტატიშვილი მეტოქის მოწოდებისას კი გამოიყურებოდა კარგად, მაგრამ "ტრადიციას" არც ამჯერად უღალატა და საკუთარი მოწოდებისას საკმაოდ ბევრი შეცდომა დაუშვა. საერთო ჯამში, ჩარლსტონის ტურნირი ყველაზე წარმატებულია ანა ტატიშვილის კარიერაში. ტურნირის დაწყებამდე ქალთა საჩოგბურთო ასოციაციის (WTA) რეიტინგში 21 წლის ქართველს 608 ქულით 115-ე ადგილი ეკავა, თუმცა, ბოლო ოთხი გამარჯვების ხარჯზე  ბლომად ქულები მოიხვეჭა და საუკეთესო ასეულამდე შვიდიოდე პოზიციაღა აშორებს.