”ჩემი სიდედრი შენსას ჯობია” - კვირის პალიტრა

”ჩემი სიდედრი შენსას ჯობია”

ქართველი კაცისთვის სიდედრი რას წარმოადგენს ყველას კარგად მოგეხსენებათ. ზოგისთვის საკუთარი ცოლის ბოროტი განსხეულებაა, ზოგისთვის კეთილი ფერია, რომელიც სიძემ გააბოროტა, ზოგისთვისაც ქალი, რომელიც მხოლოდ მაშინაა კარგ ხასიათზე როცა სიძეს ნერვები ეშლება. ესაა ქართველი სიდედრის სტერეოტიპი. 21-ე საუკუნემ ბევრ სტერეოტიპთან ერთად, ქართველი სიდედრის დამკვიდრებულ სახესაც დაამჩნია ხელი და ბოროტი დედაკაცი კეთილ დედიკოდ იქცა. უდავოა ისიც, რომ საქართველოში  სტერეოტიპების და ზოგადად ყველანაირი შეხედულების მსხვრევის არენას, პოლიტიკა წარმოადგენს.

დამსხვრეული მითების არასრული ნუსხა:

  • ”ბორჯომი” და ღვინო გადაარჩენს საქართველოს,
  • ორი (კეთილი და ბოროტი, ცუდი და კარგი, ვანიასი და ცარპიოტრის) რუსეთის არსებობა
  • თენგიზ კიტოვანის პატრიოტობის მითი

ჰოდა, სწორედ პოლიტიკურ არენაზე დაიმსხვრა სიდედრის ცუდადამიანობის მითიც. სულ თავიდან დავიწყოთ:

2009 წელს თბილისსში პერმანენტულად იმართებოდა ხელისუფლების საწინააღმდეგო აქციები, რასაც გზის გადაკეტვაც მოყვებოდა ხოლმე. ამ ყველაფერ აქტიურად აპოროტესტებდა ერთი ქალბატონი, რომელიც სოლოლაკში გამართულ აქციაზე სოლოლაკელი იყო, ვაკეში გამართულ აქციაზე ვაკელი და ა.შ.  ეს აქციებით დაღლილი ქალბატონი, რომელიც სრულიად თბილისის მოქალაქე აღმოჩნდა, არც მეტი არც ნაკლები აკაკი მინაშვილის სიდედრი ყოფილა (მაშინ თბილისში ჭორი გაჩნდა: აკო ისე მოიხიბლა სიდედრის თანადგომით, რომ დედას უძახის, ხოლო სიდედრი აკუნათი უხობსო). ცოტა ხნის წინ აკაკის, სიდედრისთვის აკუნას, ქუთაისში, ნაციონალური მოძრაობის ოფისიდან გამოსულს, მთლად კარგად ვერ დახვდნენ  ქუთაისლები. ისე, ქუთაისში აკოს კი არა, დიდ აკაკისაც ემდუროდნენ და ექილიკებოდნენ მავანნი, მაგრამ ერთი რამ მაინც უნდა ითქვას: თქვე დალოცვილებო, კარგი, აკაკი (აკო ამ შემთხვევაში, პატარა) გაწირეთ და გაამათრახეთ, ვინ იცის, იქნებ იმსახურებდა კიდეც, მაგრამ სიდედრი მაინც არ შეგეცოდათ, რა დაემართებოდა ამის შემხედვარეს? განა არვინ იყო თქვენში სიძე, რომ ერთი წამით თავი აკაკის ადგილას წარმოგედგინათ? ჰოდა აწი თუ თქვენმა სიდედრმა რამე გაწყენინათ კი მიხვდებით ვისმა წყევლამაც გიწიათ..

თუმცა, რაც მოგივა დავითაო და არც აკოა მთლად უბრალო. მარტო ის რად ღირს, ბიძინა ივანიშვილს  ხან უგო ჩავესს და ხანაც ფიდელ კასტროს რომ ადარებს. აკო ბატონო (შინაურები ასე ეძახიან, შიგადაშიგ ალბათ სიდედრიც), ივანიშვილი თუ ფიდელ კასტროა, სააკაშვილი სულ მინიმუმ კიმ ირ სენი მაინც არაა ( მაგაზე დიდი დიქტატორი, მარტო სტალინი ვიცი, მაგრამ სოსოს სულს ვერ შევაწუხებ სააკაშვილთან შედარებით)? უგოს და ფიდელს კარგად რომ დააკვირდე ეგებ კუბოს ფიცარსაც კი მოკრა თვალი ისეთ დღეში არიან, კაი ხანი იცხოვრეს დედამიწაზე, ბევრი გააფუჭეს და ბევრიც გაამწარეს, მაგრამ ჰოი, სულო ცოდვილო, მაინც უყვარს ხალხს, მეტიც საკუთარი მოსახლეობის უმეტესობა თაყვანსაც კი სცემს მათ, რასაც ენა ვერ მომიბრუნდება და ჩვენ პრეზიდენტზე ვერ ვიტყვი, მძიმე შემთხვევებს თუ არ ჩავთვლით. ჰოდა, დალოცვილო, კი ვიცი, რომ ენას ძვალი არ აქვს,მაგრამ კბილები რისთვის არსებობს?როცა რაღაცას ამბობ გარშემო მიმოიხედე და ისე თქვი, რომ არც შენ შეგრცხვეს და არც სიდედრს მოეჭრას თავი, ე ჩემი სიძე რეებს ლაპარაკობსო.

ისევ სიდედრის ფენომენს მინდა დავუბრუნდე. ერთი ასეთი იდეა მაქვს: სკოლაში, რომ ვსწავლობდი ქართულ ლიტერატურაში  გვაწერინებდნენ თინათინის სახე ვეფხისტყაოსანში, ნეტსან-დარეჯანის სახე და უამრავ სხვა სახეებს, ჰოდა ვითომ ცუდი იქნება 12-ე კლასში მოსწავლეს, რომელიც მალე ქართული პოლიტიკის განუყოფელი ნაწილაკი გახდება, მარიფათიანობის მიხედვით, დავაწერინოთ თემა - სიდედრის სახე ქართულ პოლიტიკაში.  მით უმეტეს, რომ გარდა აკოს სიდედრისა ასპარეზზე სხვა სიდედრებიც გამოჩდნენ: ”ქართული ოცნების” ხონის ყოფილი მაჟორიტარობის კანდიდატი ნიკოლოზ სანოძე აცხადებს, რომ რაიონული ორგანიზაციის ხელმძღვანელად გამოგზავნეს ადამიანი, რომელიც დავით საგანელიძის სიდედრის მეზობელი  ყოფილა, აკაკი (როგორც ჩანს აკაკებს უმართლებთ სიდედრებში) ბობოხიძის სიდედრი სამსახურიდან გათავისუფლებას აპროტესტებს, ხალხმა გაიცნო გივი თარგამაძის სიდედრიც, რომელიც შალვა ნათელაშვილის უშრეტ ენერგიას უნდა უმადლოდეს, რომ ცნობილი გახდა. ეს მხოლოდ მცირე ჩამონათვალია სიდედრების კოჰორტისა. საერთოდაც საინტერესო იქნება ”სიდედრების პარტია”, სლოგანით ”ჩემ გოგოს არავის დავაჩაგვრინებ”.

ვაკვირდები და ისეთი ტემპით ხდება სიდედრი ქართული პოლიტიკის ნაწილი, რომ ოფიციალურ შეხვედრებზე, მეუღლესთან ერთად, პროტოკოლით სიდედრის მიყვანაც სავალდებულო იქნება. საინტერესო იქნება დიალოგი:

”- მგონი კარგი გადაწყვეტილებაა - უცხოელი დიპლომატი

- დიახ, დიახ - ქართველი პოლიტიკოსი

- საინტერესოა რა აზრისაა ამ საკითხზე თქვენი სიდედრი  - უცხოელი დიპლომატი”

ვგონებ ნელ-ნელა მოდის დრო როცა სიდედრის როლი კონსტიტუციაშიც უნდა აისახოს და შესაბამისად დაფასდეს კიდეც, არ იქნებოდა ცუდი პარლამენტის წინ სიდედრის ბიუსტი რომ დაიდგას. ყველა პარლამენტარი ვალდებული იქნება შესვლის წინ ქუდი მოიხადოს და პატივი სცეს.

სხვისი რა გითხრათ და აკაკი მინაშვილზე დაწერა ცხოვრებაში არ მომნდომებია, მაგრამ მისმა სიდედრმა ჩამაგონა, რომ ეს ბლოგი დამეწერა. გეკითხებით არის თუ არა ეს სიძეზე უანგარო ზრუნვა?! და ვინაა მზრუნველი თუ არა სიდედრი!!!