ყურჩამოყრილი პრეზიდენტი - კვირის პალიტრა

ყურჩამოყრილი პრეზიდენტი

მე საქართველოს ერთი უბრალო მოქალაქე ვარ და სხვებივით მიხარია, როდესაც ჩემს მთავარსარდალს უდრეკს, მხნეს და რიხიანს ვხედავ. ყველაზე კარგი დრო იმისათვის, რომ ზემოთ ჩამოთვლილი ეპითეტებით აღჭურვილი ხელისუფალი ვნახო, დღესასწაულებია. რამდენიმე დღის წინ აღდგომა იყო. დილით ადრე ავდექი, ტელევიზორი ჩავრთე და პრეზიდენტის მოლოდინში გავინაბე. თავდაპირველად მეგონა, ძილი დამაკლდა და იმდენად მოვდუნდი, რომ პრეზიდენტიც მოდუნებული მეჩვენა, მაგრამ როდესაც განმეორებით ვუყურე, მივხვდი, რომ შევცდი. სადღაა ის მიშა, რომელიც მტერს გულს უხეთქავდა და მოყვარეს ახარებდა?! სადღაა ის პრეზიდენტი, რომელიც ძველ ბერძნულ კულტურასა და თანამედროვე ქართულ პოეზიას 1-წუთიან გამოსვლაში ატევდა?! სადღაა ის მთავარსარდალი, რომელიც ეკონომიკურ წინსვლაზე გვესაუბრებოდა და თავის წარმოსახვით საქართველოში გვაცხოვრებდა?! სულ სხვანაირი პრეზიდენტი ვიხილე 5 მაისს.

მახსოვს, ადრე, როდესაც სადმე მიდიოდით, დიდი ამალა დაგყვებოდათ, აღდგომას თქვენს ამალაში, ე.წ. "ცნობადი სახეებიდან" მხოლოდ ნუგზარ წიკლაურს მოვკარი თვალი. ნუთუ ასე დაბეჩავდით ბატონო პრეზიდენტო, რომ მხოლოდ ნუგზარიღა დაგყვებათ?! გული მისკდება იმის წარმოდგენაზე, რომ ერთხელაც თვით ნუგზარსაც ვეღარ ვიხილავ თქვენს ამალაში და მერე რა გვეშველება ჩვენ - ქართველებს?!

ისტორიის ცოდნით ვერ დავიკვეხნი და მგონი, შაჰ-აბასის მერე პირველი ხელისუფალი იყავით, ვინც აღდგომას გრემს ესტუმრა, თუმცა ის თქვენგან განსხვავებით ამბიონიდან არ მიმართავდა ხალხს.

ეჰ, ასეთი გაგრძელება რომ მცოდნოდა, რატომ მარჯვენა არ გამიხმებოდა პირველ ოქტომბერს. მაგრამ ასეთ საშინელებას რას წარმოვიდგენდი?! ყოველთვის მეიმედებოდით და მეგონა, ყველა განსაცდელს ღირსეულად გადაიტანდით.

ეჰ, ნეტავ ისევ 19 აპრილი იყოს, ძველი პრეზიდენტი რომ დამიბრუნდა. რამდენ მოღალატეს გაუსკდა გული თქვენი დანახვით, ჩვენ კი, იმ მილიონობით ადამიანს, ვინც პარლამენტის წინ ვიდექით (ბოროტი ენები ამბობენ, რომ ათი ათასზე მეტი არ ვიყავით, მაგრამ თქვენ ხომ არასოდეს გჯეროდათ ბოროტი ენების) ბედნიერებისგან ჟრუანტელი გვივლიდა.

26 მაისი მოდის, ალბათ, როგორ გენატრებათ 2011 წლის დამოუკიდებლობის დღე, როდესაც საღამოს, საქართველოს "მოღალატეებს" თავბედი აწყევლინეთ და დილით, უთენია აღლუმი მიიღეთ. წელს კი, საფეხბურთო ტერმინი რომ ვიხმაროთ, "თამაშგარე" დაგტოვეს, არადა, არასოდეს გყვარებიათ ასეთი დოზით ფეხბურთი. როგორ მენატრება

თქვენ მიერ უბადლოდ შესრულებული პენალტები (ცოდვა გამხელილი სჯობს და გიგი უგულავამ დარტყმის ტექნოლოგია ისე ვერ დახვეწა, როგორც თქვენ), როდესაც ერთ მხარეს იყურებოდით და მეორე მხარეს ურტყამდით. ო, როგორ აცუცურაკებდით მეკარეებს.

მენატრებით, ბატონო პრეზიდენტო. ნეტავ წარსულის დაბრუნება შეიძლებოდეს, დაუსრულებლად ვუყურებდი თქვენს გამოსვლას პარლამენტში. ნება რომ დამრთონ, სპორტული შეჯიბრების წინ ქართველ სპორტსმენებს აუცილებლად ვაყურებინებდი ამას - ოჰ, როგორ აუმაღლებდით ბრძოლისუნარიანობას (განსაკუთრებით იმ მომენტის გახსენებაზე მბურძგლავს, როდესაც სერგი კაკალაშვილის ლექსები წაიკითხეთ).

ბატონო მიხეილ, გარდა რიხისა, ვეტოც როგორ გაგიუფერულეს. ისე მარტივად ძლევენ თქვენ მიერ დადებულ ვეტოს, თითქოს ვეტო "ბარსელონა" იყოს და უმრავლესობა მიუნხენის "ბაიერნი".

ოქტომბერი, ოხ, როგორ შემძულდა ეს თვე. ამა წლის ამ თვეში დასრულდება თქვენი პრეზიდენტობა და ღმერთმა უწყის, ვინ დაიკავებს თქვენს პოსტს, მაგრამ უდავოა, რომ თქვენი აჩრდილი კიდევ დიდხანს იბორიალებს ავლაბრის რეზიდენციაში და ვინ იცის, რამდენ სიურპრიზს მოუწყობს თქვენს მემკვიდრეს.

ბატონო მიშა, ყველა საინფორმაციო გამოშვებას ისევ ვუყურებ და დაგელოდებით. გამოჩნდით ისეთივე ომახიანი, ქედმოუხრელი, შეუპოვარი, თორემ ასეთ ყურჩამოყრილს რომ გიყურებთ, მეცოდება ჩემი ქვეყანა, რომელმაც 9 წელი ისე შემოგწირათ, როგორც 90-იან წლებში მოტაცებული საპატარძლები წირავდნენ მოძალადე სასიძოებს უბიწოებას.

პ.ს. მაშინ ის საპატარძლოები პატარძლებად რჩებოდნენ, რადგან მოსახდენი უკვე მომხდარი იყო. თქვენთან მიმართებაშიც მოსახდენი არაერთხელ მოხდა, მაგრამ საბედნეროდ ქვეყანას გონიერება ეყო და თქვენთან აღარ დარჩა.