წუხელის ბიჭი დაუჭერიათ... - კვირის პალიტრა

წუხელის ბიჭი დაუჭერიათ...

1953 წელი. ივნისი (ზოგი ვერსიით დეკემბერი). დააპატიმრეს ლავრენტი ბერია. კაცი, რომელსაც საბჭოთა იმპერიის შექმნაში თუ მშობლისოდენა ამაგი არა, დეიდის

ან მამიდისოდენა კი ნამდვილად ჰქონდა. ალბათ ფიქრობთ, ამ გაგანია დემოკრატიის ეპოქაში, ლავრენტი პავლოვიჩი რამ გაგახსენაო. რამ გამახსენა და თურმე, როცა ლავრენტი

დაუკავებიათ, გაოგნებული ამბობდა: ბიჭებო, მგონი რაღაც გეშლებათო.

ასე იყო იმ დღესაც, როცა საქართველოს ყოფილი შსს მინისტრი დაიჭირეს, მის ბაგეებსაც ეს სიტყვები წამოსცდენია: ბიჭებო, მგონი რაღაც გეშლებათო.

ნათქვამია: ისტორიას არავინ ითვალისწინებს და ის იძულებულია, ხშირად განმეორდესო. მერაბიშვილს, პატრულის გამჭვირვალე შენობების აგებისა და გახსნის პარალელურად, თვალი რომ გადაევლო უახლოესი ისტორიისათვის, ეგებ აღარც ყოფილიყო იქ, სადაც ჯერ არს.

90-იანი წლების პროდუქტი ვარ და ისეთი ოვაცია, როგორც გუშინ მოსამართლის გამოტანილ განაჩენს მოჰყვა, მხოლოდ მაშინ მახსოვს, შუქი რომ მოვიდოდა ხოლმე, ახლაც

და მაშინაც ხალხის სიხარული ძალიან გულწრფელი იყო.

ვანო მერაბიშვილს 22 მაისს პირველი ღამე ჰქონდა საპატიმროში, ვგონებ, არცთუ რომანტიკული. ძალიან რთულია, მსოფლიოს ულამაზეს კურორტებს მიჩვეულმა "თაფლობის თვე" გლდანის საპყრობილეში გაატარო.

საკანში შესვლის წინ, მერაბიშვილს თოფურიას "უმაღლესი მათემატიკა" მოუთხოვია, ჩემი საყვარელი წიგნიაო. საყვარელი მეცნიერი და კუმირი კი აინშტაინია და ალბათ სწორედ მისი ხათრით გამოყო ენა პატიმარმა მერაბიშვილმა. ეჰ, ჩემო ვანო, 19 აპრილს ყველაზე დიდი შეცდომა დაუშვი, როდესაც ეროვნული მოძრაობის დაწყება დააანონსე, განა არ იცი, ჩვენს ქვეყანაში ყველაფერ ეროვნულს რომ ებრძვიან? 9 წლის მანძილზე ამის მეტი არაფერი გიკეთებია და ეს როგორ შეგეშალა? შენ რომ "ლგბტ _ უფლებათადამცველი საზოგადოების" დაწყება გეთქვა მაშინ, კაცი ვერ მოგეკარებოდა და იქნებოდი ახლა "სვაბოდაზე".

"ნაციონალური მოძრაობის" გარეთ დარჩენილი წევრები იულია ტიმოშენკოს გადარებენ, არადა, რამდენი განსხვავებაა თქვენ შორის: იმას ისეთი ჩაწნული თმა აქვს, შენ კიდევ...; იულიას მხარდასაჭერად ყოველთვის იმაზე მეტი ხალხი გამოდის, ვიდრე 19 აპრილს შენ მიერ გამართულ აქციაზე იყო; იულიას თანაგუნდელებზე საზოგადოებაში ეჭვი თითქმის არ არსებობს, შენსაზე.....; არ ვიცი, სასამართლო რა გადაწყვეტილებას გამოიტანს, მაგრამ ერთ კეთილ რჩევას

მაინც მოგცემ: საკითხავად დრო უამრავი გექნება და გოჩა მანველიძის "მგლები" მოიმარაგე, მერწმუნე, გამოგადგება.

ისე, ვანო, გმირი ხარ! ძალიან რთულია, ხალხს, რომელიც 9 წლის წინ ტაშს გიკრავდა და ძალიან უყვარდი, ისე შეაძულო თავი, რომ შენი დაპატიმრება ეროვნულ ზეიმად იქცეს,

არადა, შენც კარგად იცი, ქართველებზე მიმტევებელი ერი დედამიწაზე არ დადის, ამის კარგი მაგალითია თენგიზ კიტოვანის არსებობა!

რა იცოდი, ჩემო ვანო, გლდანის ციხეში თუ მოგიწევდა ყოფნა, თორემ მარტო ევროკავშირისა და საერთაშორისო მონიტორების საჩვენებლად კი არ გაარემონტებდი მაგ

ციხეს, შენთვისაც მოიწყობდი ერთ პატარა კუნჭულს.

ცოდვა გამხელილი სჯობს და შენს დაჭერაზე მეტად, იმაზე ვდარდობ, ნინო ჩხეიძემ პროტესტის ნიშნად სიმღერაზე უარი რომ თქვას, როგოც ჩანს მოსამართლემ ეს გარემოება ვერ გაითვალისწინა, თორემ ასეთ გადაწყვეტილებას არ მიიღებდა. ახალი წელი ნინოს "გვახალისებს დღეს მზიანი დარი"-ს გარეშე იგივეა, 1992 წლის ბარსელონას ოლიმპიადა, ფრედი მერკურისა და მონსერატ კაბალიეს "ბარსელონას" გარეშე რომ ყოფილიყო.

არ ვიცი, მომავალში რა და როგორ იქნება, მაგრამ ფაქტია, სამართლის ურემი მართლა ნელა დადის, მაგრამ რაც მთავარია, დადის!

პ.ს. ციხეში ყოფნისას სერვანტესმა "დონ კიხოტი" დაწერა და ჰიტლერმა "ჩემი ბრძოლა", ველოდოთ ახალ ბესტსელერს _ "ახალციხური დღიურები"?