ნორლანდი იცინის, იცინის, კვდება სიცილით
ვერასოდეს წარმოვიდგენდი, თუ საქართველოს პრეზიდენტს დავიცავდი. ვისაც ერთხელ მაინც წაუკითხავს ჩემი ბლოგი, ყველა მიხვდება ჩემს დამოკიდებულებას სააკაშვილისადმი, თუმცა რეალობაა, რომ ის, ცუდია თუ კარგი, იმ ქვეყნის პრეზიდენტია, რომლის მოქალაქეც ვარ.
ცოტა ხნის წინ ამერიკის საელჩომ ბათუმში, "ბალკლის" ხომალდზე მიღება გამართა, სადაც მიხეილ სააკაშვილის სიტყვით გამოსვლის დროს (მაშინ როცა პრეზიდენტი აგვისტოს ომის დროს დაღუპულ ბიჭებზე საუბრობდა), ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი და პრემიერი ერთმანეთში ტკბილად ჭუკჭუკებდნენ და ხითხითებდნენ. საელჩომ მალევე გააკეთა ოფიციალური განცხადება: თურმე ელჩი იმიტომ იღიმებოდა, რომ მისმა მცდელობამ, აღედგინა პროტოკოლით გათვალისწინებული ზომები, მიზანს ვერ მიაღწია. ამ ჯერზე პრემიერზე ყურადღებას არ გავამახვილებ და შემდეგი ბლოგის თემად შემოვინახავ, ახლა კი ნორლანდი ”განვიხილოთ”, პროტოკოლითა თუ უპროტოკოლოთ.
სულ ერთი წამით წარმოვიდგინოთ: ჯორჯ ბუში სიტყვით გამოდის და ავღანეთში დაღუპულ ჯარისკაცებზე საუბრობს. ყოფილ პრეზიდენტს სიტყვა გაუგრძელდა, რაც არა ერთხელ მოსვლია და ერთი-ორი სისულელეც თქვა, რაშიც, სულო ცოდვილო, ბუში-უმცროსი ასევე არ ჩამოუვარდებოდა ჩვენს მაღალს. ამ დროს ბარაქ ობამა და საქართველოს ელჩი დგანან და შატალოზე გამოპარული გიმნაზიელებივით ხითხითებენ. მეტიც, ჩვენი ელჩი ბუშს სახელოზე ექაჩება, მორჩი კაცო, პროტოკოლი ირღვევაო, ობამა კი მოწონებით უქნევს თავს, აგრე უნდა მაგას, ეგრე მოუხდებაო. მინიმუმ დიპლომატიური სკანდალი ხომ მოყვებოდა ამ ყველაფერს? ერთი, რომ ბუშისგან განსხვავებით, სააკაშვილი, ასე თუ ისე, მოქმედი პრეზიდენტია და მეორე: თუ ვინმე იტყვის, რომ იქ სააკაშვილს დასცინეს და არა საქართველოს, მწარედ ტყუვდება. გვინდა თუ არა, სააკაშვილი ოფიციალური საქართველოს სახეა და ის, რასაც მასზე ამბობენ და როგორც ექცევიან მას, პირდაპირ ასახავს ჩვენი ქვეყნისადმი დამოკიდებულებას.
არ ვიცი, ბატონი ელჩი განიცდის თუ არა ამ ყველაფერს, მაგრამ მინდა ვიკითხო, როდესაც პროტოკოლით გათვალისწინებული წესების აღდგენას პროტოკოლის დარღვევით ცდილობ, ეს რამდენად სწორია?! თუმცა, ვიყოთ რეალისტები: ელჩი არაფერ შუაშია, ყველაფერში დამნაშავე ისევ ჩვენ ვართ, ნებისმიერ ადამიანს, ვის ქვეყანასაც ჩვენთან შედარებით, 1 დოლარით მეტი აქვს ბიუჯეტში, გაშმაგებით ვეხვევით მუხლებზე და ხელაღებით ვაძლევთ ყველაფრის უფლებას, ოღონდ მეგობრები დაგვიძახონ. თანაც მათი ნებისმიერი ნათქვამი თუ საქციელი ურყევ ჭეშმარიტებად მიგვაჩნია. დავიჯერო, ისე დავბეჩავდით, რომ თავის დაცვა თუ აღარ, თვალებში ნაცრის შეყრაზე რეაგირებაც აღარ შეგვიძლია? საქართველოში ძნელად თუ მოიძებნება სოფელი, სადაც ერთი სულელი არ იყოს, რომელსაც მთელი სოფელი დასცინის, მაგრამ თუ მეზობელი სოფლიდან ვინმემ მასზე აუგი თქვა, აუცილებლად გასცემენ საკადრის პასუხს. მართალია მიხეილ სააკაშვილი თავს "ნაციონალური მოძრაობის" პრეზიდენტად მიიჩნევს, მაგრამ იურიდიულად საქართველოს პრეზიდენტია, ჰოდა გიჟია თუ ჭკვიანი, ჩვენია და არათუ ამერიკის ელჩს, ამერიკის პრეზიდენტსაც არ აქვს უფლება, რომ მას დასცინოს, ჩვენ კი იმის მაგივრად, ელჩს პროტოკოლი შევახსენოთ, ის გვიხარია, რომ სააკაშვილს უკვე ამერიკა დასცინის. დღეს დაცინვა ვაპატიეთ უფროს მეგობარს, ხვალ თავში წამორტყმაზე გავუღიმებთ, ზეგ ალბათ, პანღურზე ვიტყვით, რომ ნელა და მეგობრულად ამოგვარტყა და მაზეგ... ამის ისტორიული მაგალითები გვაკლია, თუ რა?!
როგორც რიგითი ქართველი, ძალიან დავიღალე "დაბალი ღობის" როლით, აღარ მინდა, ევროპა და ამერიკა ისე გვიყურებდეს, როგორც ძალით აყვანილ შვილს. ერთხელ მაინც მინდა დავინახო, რომ ქვეყანას ყავს ხელისუფალი, რომელიც ყველას საკადრის პასუხს გასცემს და სიცილის ხალისს დაუკარგავს და თანაც პასუხით პროტოკოლს არ დაარღვევს!!!
კიდევ ერთხელ ვიტყვი, ვერასოდეს წარმოვიდგენდი, რომ სააკაშვილის დასაცავად რამეს დავწერდი, თუმცა მისი დაცვით ვცდილობ ჩემი, როგორც რიგითი ქართველის ღირსება დავიცვა, რადგან როდესაც საქართველოს უმაღლესი პირი და თუნდაც ვაი-მთავარსარდალი ლაპარაკობს, ნება უნდა იბოძოს ყველა ქვეყნის ელჩმა და მის გინდაც საფირმო სისულელეებს მოუსმინოს, რომლებსაც, შევახსენებ, მთელი 9 წელი გულმოდგინედ და თავის კანტურით უსმენდნენ.
კიდევ ბევრი რამის თქმა და დაწერა მინდა, მაგრამ მეშინია, პროტოკოლი არ დავარღვიო და მეორე დღეს ახსნა-განმარტებების წერა არ მომიწიოს.
პ.ს. საინტერესოა, მიღება რომ საფრანგეთში ან ბრიტანეთში ყოფილიყო, მაშინ როგორ გამოხატავდა ბატონი ელჩი პროტოკოლის დარღვევით გამოწვეულ მწუხარებას?!