თევზის ასორტი – 1716 ლარი, თვითმკვლელობა შვილის გადასარჩენად - 2100: შენ ხომ ჭამე, ნოდარი?! - კვირის პალიტრა

თევზის ასორტი – 1716 ლარი, თვითმკვლელობა შვილის გადასარჩენად - 2100: შენ ხომ ჭამე, ნოდარი?!

რამდენიმე დღის წინ ვანში მამაკაცმა თავი მოიკლა, რადგან საკუთარი შვილის ოპერაციისათვის საჭირო ფული ვერ იშოვა. გარდაცვალებამდე დატოვა წერილი, სადაც დაწერა, რომ დაკრძალვაზე შემოსული ფულით შვილისათვის ოპერაცია გაეკეთებინათ. ოპერაციისთვის საკმარისი თანხა 2100 ლარს შეადგენდა.

ასევე, რამდენიმე დღის წინ ფინანსთა სამინიტროს მორიგი ბანკეტი 13 500 ლარი დაუჯდა. მხოლოდ ბატკნის ბარკალი, რომელიც ქონდარში იყო დამარინადებული 1452 ლარი, ხოლო თევზის ასორტი 1716 ლარი დაჯდა (ალბათ "მობი დიკის" სუკები იყო).

ყველა განვითარებულ ქვეყანაში მიღებულია, რომ სტუმარს საპატივსაცემო ბანკეტს უმართავენ და ამაში გასაკვირი არაფერია, მაგრამ როცა 2-3 წლის წინ მიტინგებს მართავდი და იმდროინდელ ხელისუფალს ლანძღავდი ბანკეტებში ფულის ხარჯვის გამო, მინიმუმ იმაზე ნაკლები მაინც უნდა დახარჯო, ხოლო თუ შენც ბანკტების და ჭამა-სმის გამო გინდოდა ხელისუფლებაში ყოფნა, თავიდანვე გეთქვა, გეთხოვა, თავი შეგეცოდებინა და იქნება იმაზე მეტს მოეცა ხმა ვიდრე მოგცეს.

შეიძლება ეს ფული 100 ანდაც 200 კაციანი დელეგაციის გასამასპინძლებლად დაიხარჯა და დეტალ-დეტალ რომ დავთვალოთ, შეიძლება იაფიც კი გამოვიდეს, მაგრამ დალოცვილო, ქონდარში დამარინადებულ ბატკანში რომ 1400 ლარი არ გადაიხადო და მხოლოდ ბატკნის მწვადით გახვიდე ფონს, გულზე დაგადგება?!

მინისტრობა მხოლოდ კაბინეტიდან-კაბინეტში სიარული არაა. ათასში ერთხელ იმ ხალხის პრობლემაც რომ გაიგოს მინისტრმა (და ზოგადად სამინისტრომ) ვინც მოიყვანა ხელისუფლებაში, ცუდი ნამდვილად არ იქნება და იქნებ ისეთი ტრაგედიაც აღარ დატრიალდეს ხოლმე, როგორიც ვანში მოხდა.

ძალიან მინდა, ჩემი ქვეყნის ყველა სამინისტრო მხოლოდ საქმით ხდებოდეს ხალხისთვის ცნობილი, მაგრამ ნებისმიერ გამვლელს ფინანსთა სამინიტროს საქმიანობის შესახებ რომ დავუსვათ კითხვა, პირველი, რაც გაახსენდება, უთავბოლო ქეიფებია, რომელიც მხოლოდ ადგილს იცვლის და "წისქვილიდან" - ფუნიკულიორზე ინაცვლებს ან პირიქით.

სამწუხაროდ, იმ ტრაგედიას, რაც ვანში დატრიალდა, ვერაფერი შეცვლის. იქნებ მავანმა ისიც კი თქვას, 2000 ლარი როგორ ვერ უნდა იშოვნო, როცა შვილს სჭირდებაო, მაგრამ იმ მავანმა იქვე ისიც დააყოლოს, რომ სახელმწიფომ იმდენი რატომ ვერ უნდა შეძლოს, რომ მოქალაქეს თავის მოკვლა არ სჭირდებოდეს შვილისთვის სიცოცხლის შესანარჩუნებლად. კი ბატონო, მესმის, რომ არ ვართ დალხენილი ქვეყნის შვილები, მაგრამ ამ გაუთავებელი ბანკეტებისთვის რანაირად ვშოულობთ ფულს?! უცხოელთა დელეგაცია როგორც ჩამოდის, ისე მიდის, საქმე-საქმეზე რომ მიდგება მხოლოდ შეშფოთდებიან ხოლმე და იმათთან თავის მოქონვას არ სჯობს, ჩვენი ერთი მოქალაქე იყოს კარგად?! წესით და კანონით, ერთი ქართველის სიცოცხლე ყველანაირ ბანკეტად უნდა უღირდეს ხელისუფალს, მაგრამ სამწუხაროდ ასე არაა. შევარდნაძის დროიდან მოყოლებული ჩამოსულ სტუმრებს ისეთ სუფრებს ვუშლით, რომ სამშობლოში დაბრუნებულები შეხვედრის შედეგებზე მეტს სუფრიდან გამოყოლილ შთაბეჭდილებებზე ლაპარაკობენ, მაგრამ ამ გაუთავებელმა ბანკეტებმა (როგორც "ზაზაევიჩს" უყვარდა თქმა) რა მოგვცა?! აფხაზეთის დაკარგვაში შეუშალეს ვინმეს ხელი თუ სამხრეთ ოსეთი ისევ ჩვენს იურისდიქციაშია და მე გამომეპარა რამე?! სამაგიეროდ, იმის გამო რომ შვილს ოპერაციის ფული ვერ უშოვა, მამამ თავი მოიკლა, მაგრამ ამ ყველაფერში უმთავრესი მაინც შემდეგია - შენ ხომ ჭამე ნოდარი?!