გამოსავაშებული ერი... - კვირის პალიტრა

გამოსავაშებული ერი...

გუშინ "დიმიტრი ცინცაძის სახელობის ფონდის" ლეიკემიასთან ბრძოლის კამპანიის მხარდასაჭერად საქართველოში თურქი კინომსახიობი მურატ ილდიმირი, იგივე სავაში ჩამოვიდა. ქართველმა "ფანებმა" ისეთი დახვედრა მოუწყვეს, რომ იმ ქვეყნად მყოფ ჯონ ლენონს უთქვამს, ნეტა სავაში ვიყოო.

საინტერესოა, საქართველოს გარდა რომელიმე სხვა ქვეყანაში თუა სერიალის გმირი ქალთა მასობრივი გულშეღონების ობიექტი?! ჯერ იყო და შორეულ 90-იანებში ხუანის გამო ცოლები ქმრებს შორდებოდნენ, მერე უკვე მარიო ჩიმარომ დაიპყრო ქართველ ქალთა გულები (თუმცა ოდენ მაია ასათიანს გაუმართლა და პირადად შეხვდა) და ახლა სავაშის ბუმია. საითაც არ უნდა გაიხედო, ყველგან შეხვდები სავაშს. ერთი ქართული ფილმისა არ იყოს: დილით სავაში, საღამოს სავაში აიღეთ და ბარემ თურქეთის მოქალაქეობაც მოგვეცით და მერე უკვე პატრიოტობა იქნება სავაშზე გაფანატება.

რთულია ადამიანზე რამის თქმა, რომელსაც ესა თუ ის პიროვნება მოსწონს, მაგრამ როცა შენს გვერდით კახი კავსაძე, გივი ბერიკაშვილი, თენგიზ არჩვაძე და ამ კალიბრის მსახიობები ისე დადიან, რომ არც ამჩნევ და სავაშის დანახვაზე მუხლი გეკვეთება, პირდაპირ რომ ვთქვათ მაგრად ტეხავს. თვითონ ამ ჭაბუკის მიმართ არავითარი პრეტენზია არა მაქვს, იცის კაცმა თავის საქმე და რატომ უნდა გავუბრაზდე, მაგრამ იმ ქალების მიკვირს, რომლებიც მისი პლაკატებით დარბიან, რომ ეგებ მის მოწყალე მზერას გადააწყდნენ, როგორ დავიჯერო ამ ქალბატონებს შვილიშვილები არ ყავთ სახლში?! სავაშის დევნას ამ შვილიშვილებს რომ "კოკროჭინა" ან "ხუთკუნჭულა" წაუკითხოთ, არ ჯობს?! თუ ძილის წინ "სიყვარული და სასჯელის" განვლილ სერიებს უყვებიან?

სვიმონ მეფემ მთელი შეგნებული ცხოვრება სავაშის დიდ პაპასთან ბრძოლას შეალია და სვიმონის მონაკვეთი ხომ არ ამოგვეღო ისტორიიდან? რომ არა მისი მუხანათობა, ეგებ ჩვენ და სავაში თანამემამულეები ვყოფილიყავით.

ერთი კარგი იდეა მაქვს, სავაში დავხატოთ ჩვენს გერბს, დროშაც სავაშურ ფერებში გადავწყვიტოთ, ჰიმნად "სიყვარული და სასჯელის" საუნდტრეკი ვიქონიოთ. ამით თურქეთის გულსაც მოვიგებთ (და ეგებ ნატოსკენ მიმავალ მოყინულ გზაზე ხრეში ან მარილი დაგვიყაროს) და სახელმწიფო სიმბოლოებსაც მოსახლეობა (ქალები მაინც) უფრო პატივისცემით მოეპყრობა.

ეს ყველაფერი ხუმრობაა, მაგრამ უბედურება ისაა, რომ ამ ხუმრობაში სიმართლის მარცვალი არც თუ ისე მცირეა, მაგრამ ვიყოთ ობიექტურები და ამ ყველაფერში ყველაზე უდანაშაულო თვითონ სავაშია.

პ.ს. მაინტერესებს, იმ ქალბატონებმა, რომლებმაც სავაშის მოლოდონში ღამე გატეხეს თუ უწყიან, საქართველოს ძიუდოს ნაკრები რომ ევროპის ჩემპიონი გახდა?!