ნიკოლა სარკოზის წერილი "ნაციონალურ მოძრაობას" - კვირის პალიტრა

ნიკოლა სარკოზის წერილი "ნაციონალურ მოძრაობას"

თბილისი. აეროპორტის გზატკეცილი, "ნაციონალური მოძრაობის" სათაო ოფისი

(თუ ფოსტალიონი "ქართული ოცნების წევრია - თბილისი, სისხლისმსმელთა ბუდე. აეროპორტის მითითება აღარაა საჭირო).

"მონ ამიზ, ჩემო ლამაზებო, კოხტებო და კუდრაჭებო. მომენატრეთ. აგერ უკვე ორი წელია, პრეზიდენტი აღარ ვარ, მაგრამ თქვენი ხატება ჩემშია და სულ თავს მახსენებს. როგორც მერაბ სეფაშვილი იტყოდა - "თქვენი მე, ხატება, დამდევს თან, ყოველდღე, ყოველწუთს, ყოველწამს". მანდ, მიცვალებულზე ამბობთ - ღმერთსაც ხომ კარგები უნდაო და ალბათ პროკურატურაზეც ეგრეა, თორემ სხვას რას უნდა მივაწეროთ ბაჩოს, ვანოს და გიგის პროკურატურაში დაბარება?! თქვენებს ჩემებმაც მიბაძეს და დამიბარეს.

თქვენ რამდენი დაგიბარებენ იმდენი კარლ ბილდტი გამოხტება და პოლიტიკურ დევნას აბრალებს, მე რას დავაბრალო?! 2008 ში რომ ჩამოვედი და გვერდში დაგიდექით, თქვენ ერთხელ მაინც არ უნდა დარეკოთ და "ბენედიქტოვიჩ", ხომ არაფერი გიჭირსო, არ უნდა მკითხოთ?! თქვენც კაი უმადურები ყოფილხართ.

"კაი ბიჭი" ვარ და ვიცი, ზონაზე პრობლემები არ მექნება (ბევრისგან განსხვავებით), მაგრამ კარლაზე ვდარდობ. ეგ ისეთი მაკვარანცხი ვინმეა, 7 წელი თუ რამდენსაც მომისჯიან, იმდენი წელი უჩემოდ როგორ გაძლებს?! მინდოდა მიშასთვის დამერეკა, თავისუფალი დრო გაქვს და ჩემ მეუღლეს მიხედე-მეთქი, მაგრამ მაგაზე იმისთანებს მომიყვნენ, შემეცოდა ჩემი კარლა (ეს ძუძუს მოჭმა მაინც ვინ ასწავლა...).

ახლა ის ამომიქექეს, კადაფი რომ მიფინანსებდა წინასაარჩევნო კამპანიას. თქვენ როგორ აქრობთ ხოლმე ფაქტებს, ეგ მეთოდები დაწვრილებით მომწერეთ რა, თორემ ესენი მგონი მართლა მიპირებენ რაღაცას, გაითვალისწინეთ რომ მე თუ "გამსკვანჩეს", მერე არც თქვენ დაგინდობენ. ლაუაზიეს კანონია ეს.

ეჰ, ნეტა ერთი-ორი თქვენი პროკურორი მომცა, ორ დღეში გავიმართლებდი თავს, ეგ კი არა ნაპოლეონის სიკვდილში დავადანაშაულებდი ახლანდელ ხელისუფლებას.

ახლა რა ვქნა? სენას მივცე თავი თუ ლუარს?! როგორც ჩანს, სულხან-საბას წყევლამ მიწია.

პოლიტიკურმა ალღომ მიმტყუნა. ჯერ არ უნდა მეთქვა, 2017 წლის არჩევნებში რომ ვაპირებდი მონაწილეობას, რომ გაიგეს, მაგიტომ მომიშორეს. დაახლოებით ასეთი აბდაუბდას ლაპარაკობთ ხოლმე და "ევროპის სახალხო პარტია" სახეს იხოკავს, პოლიტიკური დევნააო და მე რატომ დამიკიდეს?! თუ მე ევროპელი არა ვარ?!

ვანოს და ბაჩოს ჰკითხეთ და მერე კარლას მისწერეთ, ქათმის ნახარში უფრო ასწორებს თუ წიწიბურა, რომ შემომიგზავნოს. ისე, რასაც ვუყურებ 2008-ში ვინც საქართველოსთვის რაღაც გააკეთა, ყველას მიდგნენ. ჯერ იყო და ცხონებული კაჩინსკი მოიშორეს, ახლა თქვენ დაგდევენ, აგერ მეც მომდგნენ... ანგელამ ჩაგვიშვა უეჭველი, ვერ ინელებს ეგ მცხეთის ციხის ხეხვას ახალგაზრდობაში.

ერთადერთი თქვენ მეგულებოდით, ვინც გვერდში დამიდგებოდა, მაგრამ ახლა თქვენ გიგი გაგჭირვებიათ და ნიკოლა გაგახსენდებათ?! ისე, რა მაგარი იქნება, ყველა ერთად რომ ჩაგვსვან. მიშა იყოს მეფე (უარი რომ ვუთხრათ, იტირებს, მაგის ამბავი რომ ვიცი), ჩვენ ნაზირ-ვეზირები და სანახავად მოსული სტუმრები უცხო ქვეყნის დელეგაციები, რომლებსაც ხან ვინ შეხვდება და ხან ვინ.

...ეჰ, რა მახუმრებს. წავედი ადვოკატს უნდა შევხვდე და რაც გთხოვეთ, გაითვალისწინეთ. თქვენი იმედი მაქვს. გკოცნით გეხვევით გივარდებით წელში. ორევუარ, თქვენი ნიკოლა"