წერილი გიგი უგულავას - კვირის პალიტრა

წერილი გიგი უგულავას

გამარჯობა, ბატონო გიგი. წლების მანძილზე იყავით ჩემი ქვეყნის დედაქალაქის მერი, მაგრამ არასოდეს გამჩენია წერილის მოწერის სურვილი. არა იმიტომ, რომ სათქმელი არ მქონდა, არამედ იმიტომ, რომ ვიცოდი არ წაიკითხავდით, უბრალოდ არ მომისმენდით. ვინ იცის, რომ მოგესმინათ ახლა სულ სხვანაირად ყოფილიყო ყველაფერი.

გუშინ ვიღაცეებმა მოგწერეს წერილები. ვკითხულობდი (სხვისი წერილის კითხვა არაა კარგი ტონი, მაგრამ თვალები გამექცა) და მწერლები, მომღერლები და სხვა პროფესიის ხალხი მადლობას გიხდიდათ, რომ თურმე ამა თუ იმ პროექტს უფინანსებდით. არცერთს არ უთქვამს მადლობა ჩემს მიმართ, არც ჩემი დის მიმართ, არადა პროექტებს, ხომ ჩვენი გადახდილი ფულით აფინანსებდით?! თუ მეშლება რამე საპასუხო წერილს ნუ დამამადლით.

თითქმის ყოველდღე ავრცელებთ მიმართვებს სოციალური ქსელის საშუალებით და რა მიკვირს იცით, როდესაც ჩემი მეზობელი იყო დაპატიმრებული, თქვენი მერად ყოფნის დროს, თვეში მხოლოდ ერთხელ თუ ახერხებდა ოჯახთან დალაპარაკებას და თქვენ ამ მიმართვების ასე ხშირად გავრცელებას როგორ ახერხებთ?! კიო ხართ?!

ბატონო გიგი, ალბათ მანდ რთულია ყოფნა, არა?! თქვენ წარმოიდგინეთ, დილის 4 საათზე მთვრალი ზედამხედველი რომ შემოვარდეს და მხოლოდ იმიტომ გცემოთ, რომ ფეხზე არ დახვდით, ცუდი იქნება, არა?! უფრო ცუდი ხომ ის იქნება, რომ ეს თქვათ და არავინ დაიჯეროს, უფრო სწორად ხელისუფლებამ არ დაიჯეროს. ეგრე არ გჯეროდათ თქვენც.

ბატონო გიგი, ცოტა ხნის წინ თაბუკაშვილის ქუჩაზე გავიარე. ვერ იხსენებთ რომელი ქუჩაა?! ადრე მანდ ერთი დიდი და კარგი კორპუსი იდგა, როგორც თქვენ თქვით ქალაქს ამახინჯებდა და დაანგრიეთ. კიდე ვერ გაიხსენეთ?! აი, მანდ მცხოვრები მოსახლეობა, ბოდიში და ფეხებზე რომ დაიკიდეთ, მერე კი თქვენი ნაცნობის პროექტით აშენებული კორპუსი, რომ იდეალურად ჩაჯდა თბილისი იერსახეში...გაგახსენდათ ხო? აი მაგ ქუჩაზე გავიარე გუშინ, გამახსენდით...

გიგი ბატონო. გახსოვთ 2010 წლის თვითმმართველობის არჩევნები?! ისე უმწიკვლოდ გაიმარჯვა "ნაციონალურმა მოძრაობამ" მთელ საქართველოში, როგორ უმწიკვლოდაც ჩემი მეზობელი ზინა ჩაბარდა ქმარს, მაგრამ მთავარია რომ ზინაც აღიარა ქმარმა და თქვენი გამარჯვებაც ევროპამ. გულზე ხელის დადებით მითხარით, მაშინ წარმოიდგენდით რომ მომავალი არჩევნების ზონაზე იქნებოდით?!  საინტერესოა რომ წარმოგედგინათ შეცვლიდით რამეს?!

თქვენ ჩემი არჩეული მერი არ ყოფილხართ. არა იმიტომ, რომ ხმა არ მოგეცით, ღმერთო კი მომკალი, მაგას როგორ ვიკადრებდი, არამედ იმიტომ რომ არა ვარ თბილისელი, ჰოდა, იმედია, ჩემი არათბილისელობის გამო თქვენი თანაპარტიელები და მომხრეები არ დამამუნათებენ, თბილისი მერს წერილის მიწერას როგორ ჰკადრებო.

ბატონო გიგი, ბევრმა მოგწერათ წერილი, ბევრი ალბათ კიდევ მოგწერთ, მაგრამ ვერსად ვნახე წმინდათა-წმინდას მიერ გამოგზავნილი წერილი უკრაინიდან და ფარსაგად ხომ არაა საქმე?!

წერილებში წერენ, დაუნახავები ხართო, გიგიმ თბილისი ააყვავა და ვერ ხედავთო. რა ვქნა, ბატონი გიგი, გაფერადებულ აღამაშენებლის გამზირს კი ვხედავ, მაგრამ ფასადებს უკანაც გამირბის ხოლმე თვალი და ამოვითხარო მხევდელობის ორგანო?! დაგებულ ასფალტებზეც დავდივარ, მაგრამ პირველივე ყინვა რომ ბზარებს უჩენს მემჩნევინება და რა ვუშველო?! განათებული ქუჩებისთვის და დასაფუთავების სამახურის მუშაობისთვის გულწრფელ მადლობას გეტყვით, მაგრამ ვერც ჩვენ გავიგეთ და დარწმუნებული ვარ, ვერც ცხონებული აინშტაინიც მიხვდებოდა, ეს განათება და დასუფთავება ერთმანეთს რატომ მიაბით. მავანნი ამბობენ, კაი ხანი მოუწევს იქ ყოფნაო და თუ დრო გექნებათ, იქნებ პატარა ნაშრომი დაწეროთ ამ თემაზე, მადლიერი შთამომავლობა არ დაგიკარგავთ, ეგებ ნობელის პრემიასაც კი გამოკრათ ხელი.

ხო, რა ვიცი კიდევ რა მოგწეროთ? "მასეტროზე" "დიდებული საუკუნე" ნელე-ნელა სრულდება, GDS-ზე ახალი ქართული ინსტრუმენტის პრეზენტაცია მოხდა, ქვეყანა ისევ არ ვანდეთ ნათელაშვილს ...

აბა, კარგად ყოფნას გისურვებთ. კეთილი სურვილებით.........ADIOS MERI/GIGI