ახალი მოდა - წიგნის ყიდვა - კვირის პალიტრა

ახალი მოდა - წიგნის ყიდვა

რამდენიმე დღის წინ #51 ავტობუსს მივყვებოდი. ფილარმონიის მიმდებარე ტერიტორიიდან ახმეტელის მეტრომდე. ფეხზე მომიწია დგომა. ერთი ცუდი ჩვევა მაქვს, როდესაც ვინმე კითხულობს, მეც გამირბის ხოლმე თვალი, როგორც წესი, თანაბარ ტემპში ვკითხულობთ და არცერთს გვექმნება პრობლემა ხოლმე, მაგრამ ამ შემთხვევაში არ გამიმართლა. არა იმიტომ, რომ ჩქარა ვკითხულობდით ან მე ან ის, არამედ იმიტომ რომ წიგნი მხოლოდ გადაშლილი ჰქონდა და არ ფურცლავდა, თან ისე ეჭირა, რომ კარგად გამოჩენილიყო ავტორი ( ორჰან ფამუქი - მე წითელი მქვია), ხშირ-ხშირად წევდა თავს, მიყურებენ თუ არაო, მერე დაქალს დაურეკა - აუ, გავგიჟდი, რა მაგარი წიგნიაო. ანუ არ კითხულობდა და მხოლოდ სხვის დასანახად ედო წიგნი მუხლებზე.

ბოლო წლებია, წიგნის კითხვა მოდურ ტენდენციად იქცა. ვითომ ამაზე კარგი რა შეიძლება იყოს?! არც არაფერი, თუმცა არის ერთი მომენტი - კითხვა უფრო მოდურია, თუ ამა თუ იმ წიგნის ყიდვა და თქმა, რომ იყიდე?! მე მგონი მეორე, იყიდი, მერე ფეისბუქზე დაწერ რეადინგ - ამა და ამ წიგნს და ამ დროს საერთოდ არ კითხულობ. მერე ამ წიგნის მოკლე ვერსიას ნახავ, მთავარ გმირებს გაიგებ და სამეგობროში იტყვი, რომ მთვარი გმირის ბოლო ფრაზამ (რომელიც დამახსოვრებული გაქვს) ისე გატკინა გული, რომ წიგნისკენ გახედვაც აღარ გინდა (ჰო, მანამდე ამ ფრაზას ასტატუსებ) და მერე მართლა აღარც იხედები წიგნისკენ.

ცოტა ხნის წინ წიგნის ერთ-ერთ მაღაზიაში წავაწყდი ასეთ შემთხვევას, ქალბატონი წიგნებს ყდის ფერის მიხედვით არჩევდა, შპალიერს თუ მოუხდებაო, კონსულტანტიც უმტკიცებდა, რომ მარკესი ყველა ფერზე მიდის. ჰო, მარკესზე გამახსენდა, ცხონებული არც ისე დიდი ხანია, რაც გარდაიცვალა და უცებ ნახევარი საქართველოს საყვარელი მწერალი აღმოჩნდა. დანაშაული არაა, მაგრამ ამ ნახევრის ნახევარს გაბრიელ გარსია მარკესი უბრალოდ წაკითხული არ ჰქონია და არც მერე გასჩენია სურვილი წაკითხვის, თუმცა დაგუგლა, ნახა და დაასტატუსა: "აურელიანო ბუენდია ყველაზე მაგარი პერსონაჟიაააააა". აქ დამთავრდა მისი და მარკესის ურთიერთობა.

სამწუხარო რეალობაა, მაგრამ ე.წ. ადაპტირებული წიგნებიც იყიდება, სადაც ნაწარმოების მოკლე შინაარსი წერია. ბავშვებს რომ ამ წიგნებს აკითხებენ, ჩემი აზრით, დიდი დანაშაულია, რადაგან დიდი ალბათობით ის ბავშვი ამ ნაწარმოების სრულ ვერსიას აღარასოდეს წაიკითხავს. ზრდასრული ადამიანი კი, თუ ასეთ წიგნს კითხულობს, მხოლოდ იმიტომ რომ სადღაც თუ მოხვდა, თქვას - წაკითხული მაქვს და არ შერცხვეს. დალოცვილო, თუ გრცხვენია, რომ არ გაქვს წაკითხული, ადექი და წაიკითხე, გიშლის ვინმე?! ხოლო თუ არ გაინტერესებს, რატომ იტანჯავ თავს და შინაარსსაც რაღატომ კითხულობ?! ერთი კარგი მეზობელი მყავს, რომელიც მალე 40 წლის გახდება და მოურიდებლად ამბობს, რომ "ვაშლი და შაქარას" მერე არაფერი წაუკითხავს, ბევრი იტყვის, უწიგნური ყოფილაო, სამაგიეროდ ცხოვრებას არ იმრუდებს იმისთვის, რომ სხვის თვალში მაგარი ტიპი გამოჩნდეს.