ვიცი, ზოგი პუტინის ფეხის მლოკავადაც მომნათლავს, მაგრამ... - კვირის პალიტრა

ვიცი, ზოგი პუტინის ფეხის მლოკავადაც მომნათლავს, მაგრამ...

პროვოკაცია პროვოკაციითა დამთრგუნველი

პროვოკაცია - ცალკეული პირის, პირთა ჯგუფების, ორგანიზაციების, სახელმწიფოების წაქეზება ისეთი მოქმედებისათვის, რასაც მოჰყვება მათთვის მძიმე, ზოგჯერ დამღუპველი შედეგები - უცხო სიტყვათა ლექსიკონი

გუშინ ახალგაზრდების ჯგუფმა, რომლებიც "თავისუფალ ზონაში" არიან გაწევრიანებული, გალაკტიონის ხიდზე არსებული საბჭოთა სიმბოლოები უკრაინის დროშის ფერებში გადაღებეს, რასაც პოლიციის მხრიდან პროტესტი მოჰყვა. შედეგად ამ ჯგუფის რამდენიმე აქტივისტი დააკავეს. ამან კი "თავისუფალი ზონის" და მისი მხარდამჭერების (ყოფილი ხელისუფლების ლიდერების) აღშფოთება გამოიწვია. ერთ-ერთი, ვინც აქტიურობდა, დეპუტატი აკაკი მინაშვილი იყო, რომელმაც თვითონვე მისცა იმ კანონს ხმა, რომლის ძალითაც ეს სიმბოლოები იმ ადგილას დარჩა, სადაც გუშინ იყო და ალბათ ხვალაც იქნება. თუ საბჭოთა სიმბოლოების არსებობა დანაშაული იყო, რატომ არ მოანგრიეს და მის ადგილას ახალი არ აღმართეს, ხოლო თუ ეს დანაშაული არაა და მას იქ არსებობის უფლება აქვს, მაშინ მისი, ისევე როგორც ქალაქში არსებული სხვა ძეგლების ხელყოფა კანონით დასჯადი ქმედებაა. ვთქვათ, ახალგაზრდების ერთ ჯგუფს არ მოეწონა ბარათაშვილის ხიდი და მიადგნენ მას და უკრაინის დროშის ფერებში გადაღებეს, ტაში უნდა დავუკრათ?! ვიცი, ბევრი მეტყვის, საბჭოთა სიმბოლოებს და უბრალო რიკულებს თუ ვერ არჩევ, კარგად ყოფილა შენი საქმეო. ვარჩევ ბატონო, როგორ არ ვარჩევ, მაგრამ კანონი ვერ არჩევს და კანონისთვის სულ ერთია, იქ საბჭოთა სიმბოლოა თუ მავანი ხელოსნის მიერ გამოყვანილი ქარაგმა. კიდევ ერთი რამე მაინტერესებს, მაშინ როცა ზემოთხსენებული აკაკი მინაშვილი იყო ხელისუფლებაში, მე და ჩემს მეგობრებს რომ გვეთქვა, გული შეგვტკივა სომალში მიმდინარე ამბებზე, მოგადიშოს დღე-დღეზე დაიკავებს მტერი და ხიდები სომალის დროშის ფერად უნდა გადავღებოთო, მოგვცემდნენ ამის უფლებას?! ვიცი, ბატონო, უკრაინაში რაც ხდება ეს ჩვენი ბრძოლაა, მაგრამ ამ დალოცვილმა კანონმა არ იცის, უტყვია და ბრმა. მისთვის უკრაინაც და სომალიც ერთია.

არსებობს პროტესტის ცივილური ფორმები, რომელსაც მთელი მსოფლიო იყენებს. თუ აგრერიგად გვინდა მხარდაჭერის გამოხატვა, შეგვიძლია დავამზადებინოთ ბანერი და სადაც გვინდა იქ გამოვფინოთ, გვიშლის ვინმე?! ძალიან მაინტერესებს იქ მყოფი პროტესტანტებიდან, ვინმესთან რომ მივიდე და სახლის კარები შევუღებო უკარინის ფერებში და ვუთხრა, მხარს ვუჭერ უკრაინას და იმიტომ ვაკეთებ ასე-მეთქი, მოეწონებათ?

ურა-პატრიოტიზმი ძალიან დამღუპველია და ეს ჩემზე უკეთ მათ იციან, ვინც გუშინ ხიდს უკრაინის დროშის ფერებში ღებავდა. ცოტა ხნის წინ უკრაინის საელჩოსთან უკრაინის მხარდამჭერი აქცია გამართეს. ამაზე კარგი რა უნდა იყოს, როდესაც მეგობარ ქვეყანას თანადგომას უცხადებ, მაგრამ როდესაც მეგობრობაზე თავს დებ, იმდენი მაინც უნდა მოახერხო და ამ მეგობრის დროშის სწორად დაჭერა მაინც უნდა შეძლო და აქციაზე უკუღმა არ უნდა გეჭიროს, ისე როგორც იქ მყოფ ერთ-ერთ აქტივისტს ეკავა. ასეთი ქმედება აქცია აქციისთვის უფროა, ვიდრე გულისტკივილის გამოხატვა.

ვიცი, ამ ყველაფრის მერე ბევრი ჩემს ლანძღვას დაიწყებს, ზოგი პუტინის ფეხის მლოკავადაც მომნათლავს, მაგრამ პირველი მან გამლანძღოს, ვისაც უკრაინაში მიმდინარე მოვლენები ჩემზე მეტად ადარდებს, უბრალოდ, მე გამოხატვის სხვა ფორმას ვირჩევ და ხიდებზე დროშის ფერებში არ ვღებავ, რადგან ვიცი რომ ეს კანონით დასჯადი ქმედებაა და არ მინდა პროვოკაციაზე წავიდე, ვინაიდან პროვოკაციაში სხვებისგან განსხვავებით ხელფასს არ მიხდიან.