მანანა ვარ, იცოდეთ, სხვებში არ შეგეშალოთ... - კვირის პალიტრა

მანანა ვარ, იცოდეთ, სხვებში არ შეგეშალოთ...

პარლამენტის ვიცე-სპიკერმა მანანა კობახიძემ "ფეისბუქის" გვერდზე პოსტი გამოაქვეყნა, სადაც წერს- "როცა სრულიად უცნობი ადამიანები უკანასკნელი სიტყვებით ილანძღებიან, ყოვლად უზნეო და ამორალურ პოსტებს დაგიდებენ . . . აი მერე მეუღლემ, ან ძმამ ან შვილმა მართლა შუბლი რომ გაუხვრიტოს, მერე არ გვითხრას ვინმემ, კრიმინოგენული ვითარება დამძიმდაო" ამ ყველაფრის დასასრულს ქალბატონ მანანას წაუღიღინია - მანანა ვარ იიცოდეთ, სხვებში არ შეგეშალოთო.

არავიში არ გვეშლებით, ქალბატონო მანანა, თქვენ ვის შეეშლებით, მაგრამ ერთი ლოთი მეზობელი მყავს, რომელიც ტელევიზორს საერთოდ არ უყურებს და შეიძლება ვერ გიცნოთ. ჰოდა ამ კაცს ჩვევა აქვს ასეთი, თუ ტელევიზორის ხმა გააღვიძებს, ვინც იმ დროს ჩანს, ტელევიზორში ლანძღავს ხოლმე (ერთხელ "ის ბრძენი კაციც" კი შემოელანძღა) და ფარცაგად, თქვენს ნარნარ ხმაზე რომ გაეღვიძოს, გამოდის, ამ ჩემ საწყალ მეზობელს დარხეული აქვს?! საზოგადოების ნაწილმა რომ გთხოვოთ მისი თავი, მაინც ვეღარ ვუშველით?!

ქალბატონო მანანა, როდესაც ადამიანი პოლიტიკაში წასვლას აპირებს, საკუთარ ოჯახშიც განიხილავს ამ ამბავს, ჰოდა, ოჯახის წევრები შეგუებულიც არიან რომ შესაძლოა ვიღაცისაგან ცუდიც გაიგონ მასზე, მაგრამ არავის აზრად არ მოსვლია ტყვიის შუბლში ჩაჭედება. ეგრე რომ იყოს, ბადრი ბიწაძეს და მის ვაჟს ნახევარი საქართველო მარილზე უნდა ყავდეთ გაგზავნილი.

არ გშვენით ასეთი ნათქვამი, ქალბატონო მანანა. ერთ-ერთ ინტერვიუში ბრძანეთ, მე რაც ვთქვი, პირდაპირ გაიგეთ, თორემ სხვა რამე ვიგულისხმეო. ქართული გამოთქმები რომ გეცოდინებათ, ეჭვიც არ მეპარება და ისიც გექნებათ გაგონილი -"ამირან გულში მღეროდაო".

დავიღალეთ, ქალბატონო მანანა, პირდაპირ ვიგებთ და ირიბად უნდა გაგეგოთო, ირიბად ვიგებთ და რა კუდებს აბავთ ნათქვამს, პირდაპირ უნდა გაიგოთო და იქნებ სანამ ინტერვიუს დაიწყებთ, პროლოგივით გაუკეთოთ, ნათქვამი ირიბია თუ პირდაპირი.

მხოლოდ ქალებზე რომ წერთ, ქალბატონო მანანა, რა, გენდერული თანასწორობა აღარაა?! ეგებ მამაკაცს რომ შეაგინებენ, იმის ძმას არ მოსწონს, ისიც იგივე უფლებებით სარგბელობს სროლისას თუ აუცილებლად ქალის ახლობელი უნდა იყოს?!

სანამ ხელისუფლებაში მოხვიდოდით, პირადად თქვენ არა, მაგრამ თქვენი უამრავი მხარდამჭერი (ცოდვა გამხელილი ჯობსო და მეც) ზოგჯერ პაწა აუგად ვიხსენებდით ხოლმე "ნაციონალური მოძრაობის" სუსტი სქესის წარმომადგენლებს, ამ დროს რომ ვიღაცას ვეცემეთ, ხო მაშინვე პოლიტიკურ დევნას მოაწერდით ხელს?! დავიჯერო, 2-3 წელიწადში ასე იცვლება ფასეულობები, თუ გინების ამსრულებელ ხალხად ვყალიბდებით ქართველები?!

დასასრულ, ისევ ზემოთხსენებული მეზობლის სიტყვებს მოვიშველიებ - "ქალი ვიცი მე "კუხნაში".