სენქ იუ ვერი მაჩ, ეკა! - კვირის პალიტრა

სენქ იუ ვერი მაჩ, ეკა!

გუშინ, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე სიტყვით ეკა ბესელია გამოვიდა. გამოსვლა დამთავრებული არ ჰქონდა, როდესაც მსოფლიო ენათმეცნიერთა და აბსოლუტური უმრავლესობა შეთანხმდა, რომ მისი გამოსვლა ახალი სიტყვა იყო ენათმეცნიერებაში. ცნობილმა ბრიტანელმა ენათმეცნიერმა რიჩარდ დოგსმა "ტვიტერის" საკუთარ გვერდზე დაწერა - ქალბატონო ეკა, ბრიტანელი ხალხი არ დაგიკარაგავთ ამ ამაგს (ბოლოში ასეთი სიმბოლო მიაწერა :P, თუმცა მინაწერს რა მნიშვნელობა აქვს).

ეკა ბესელიას გამოსვლა იყო ერთადერთი შემთხვევა როდესაც "ქართული ოცნების" ხელისუფლებაში მოსვლით შალვა ნათელაშვილმა კმაყოფილება გამოთქვა, საგანგებო ბრიფინგზე მან განაცხადა - "ვერასოდეს წარმოვიდგენდი, თუ ხელისუფლების წარმომადგენლები ასე იზრუნებდნენ ჩემი რეპუტაციის გამოსწორებაზე. ჩემი "დაუნ ვი დიქტეიტე" იყო ის, რასაც ყველა წამომაძახებდა, ხოლმე, თუმცა დღეს ის აღარავის ახსოვს, შემიძლია ვთქვა რომ შალვა ნათელაშვილი თავიდან დაიბადა, რისთვისაც დიდი მადლობა ეკა ბესელიას."

იურისტ ბესელიას ჩემგან არ ესწავლება, რომ დაწერილ კანონებთან ერთად არსებობს დაუწერელიც, ჰოდა, ერთ-ერთი ასეთი დაუწერელი კანონია, რაც არ იცი, იმას ხელი არ უნდა მოკიდო, თორემ მაგრად შერცხვებიო (სამწუხაროდ ამ კანონს დღემდე არ ითვალისწინებს თემურ ქეცბაიაც), მაგრამ ქალბატონმა ეკამ ეს კანონი ისე უგულვებელყო, როგორც მისი თქმით "ნაციონალები" ექცეოდნენ დაწერილ კანონებს, ჰოდა შედეგიც სახეზეა. "ქართულ ოცნებაში" ბევრია ვინც ინგლისურ ენაზე გამართულად საუბრობს და თუ ასეთ ხალხს არ გაუშვებთ, სიტყვის სათქმელად, მაშინ ვინც წავა, იმას გზაში მაინც დააწიეთ, რომ ქართულად ილაპარაკოს, რადგან არსებობს ადამიანი, რომელსაც ჰქვია თარჯიმანი და სწორედ ის უთარგმნის დამსწრე საზოგადოებას ქართულიდან მათთვის გასაგებ ენაზე.

ჩემი მეუღლე ახლა სწავლობს ინგლისურს და როდესაც უცხოელთან მოხვდება, თავიდანვე ბოდიშის უხდის, შესაძლოა, გაუმართავად და აქცენტით გელაპარაკოთო. რატომ უნდა იყო თავხედი (სხვა სიტყვა ვერ მოვძებნე და შენდობას ვითხოვ) და მსოფლიოს წინაშე რატომ უნდა გამოხვიდე ასე?! ბელგიის წარმომადგენელი იმას კი არ იტყვის, ეკა ბესელიას ინგლისური არ სცოდნიაო, იმას იტყვის - საქართველოს წარმომამდგენელმა კარგად გვახალისა თავის გამოსვლითო – ჰოდა, მრცხვენია, რა.

ქალბატონ ბესელიას გამოსვლაზე დიდი სირცხვილი, მისი გამოსვლის ვიდეო-ჩანაწერის იუთუბიდან წაშლა იყო, რომელიც ეკა ბესელიას ოფიციალურ გვერდზე იყო ატვირთული, საბედნიეროდ ერის სწრაფმა და მომავალზე მზურნველმა ნაწილმა ამ ვიდეოს გადმოწერა მოასწრო და შთამომავლობას შეუნარჩუნა.

დარწმუნებული ვარ ,"ქართული ოცნების" სექტანტი ნაწილი დაწერს - სააკაშვილმა თუ იცოდა ინგლისური, ვერ ნახეთ, რა დღეში ჩააგდო ქვეყანაო. ჩემო კარგებო, სააკაშვილს შეცდომაზე ასევე სექტანტი "ნაციონალები" არ უთითებდნენ და მასაც ეგონა, რომ უშეცდომოდ იქცეოდა, ჰოდა თუ ქალბატონ ბესელისაც არ მიუთითებთ, მაშინ სამომავლოდ უარესს იზამს და მერე მითითება ისევე გვიანი იქნება, როგორც ქეცბაიას გაკეთებული ცვლილება 92-ე წუთზე.

ეს ერთი გამოსვლა ქვეყნისთვის დამღუპველი არ იქნება, თუმცა იქნებ ხალხის რეაქციამ მიახვედროს ქალბატონი ბესელია, რომ სამომავლოდ ან ინგლისური დახვეწოს ანდაც სხვას მისცეს საშუალება რომ სიტყვით გამოვიდეს, თორემ ევროპა ინვესტიცეიბის ნაცვლად ინგლისური ენის სპეციალისტებს გამოგვიგზავნის და მერე ინგლისურის მასწავლებლები ვჭამოთ?!

პ.ს. ინტერნეტში გავრცელდა ქაღალდის ნაგლეჯები, სადაც ქართული ასო-ბგერებით ინგლისური სიტყვები წერია. ფოტოს მიწერილი აქვს, რომ ეს ეკა ბესელიას გამოსვლის ტექსტია. იმედი მაქვს, ეს მხოლოდ ხუმრობაა, ხოლო თუ ეკა ბესელია მართლაც ამ ტექსტით ხელმძღვანელობდა მაშინ საჭიროა ტექსტის ხელნაწერთა ინსტიტუტში განთავსება, რადგან შთამომავლობას ასეთი საგანძური არ უნდა დაეკარგოს.

სენქ იუ ვერი მაჩ, ეკა!