წადი, თემურ!!! - კვირის პალიტრა

წადი, თემურ!!!

გუშინ საქართველოს ფეხბურთელთა ნაკრები შოტლანდიას შეხვდა. კიდევ წავაგეთ, თანაც როგორც ყოველთვის, ისე, რომ არ გაგვჭირვებია. ფაქტია, ამასაც მოხერხება უნდა და ვახერხებთ, მაგრამ სამწუხაროდ არავინ გვიფასებს და ქულათა გრაფაში ისევ ნულს გვიწერენ. 14 ოქტომბერს გიბრალტართან გვიწევს შეხვედრა, გუნდთან, რომელსაც ჯერ მოგების გემო არ უგრძვნია და გული მისკდება ჩვენთან არ დააჭაშნიკოს, მით უფრო, რომ ისტორიების დაწერის გამოცდილება გვაქვს. ცოდვა გამხელილი სჯობს და ვნატრობ, გიბრალტართან წაგებას, რადგან ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა განაცახადა, თუ ორივე მატჩი წავაგე, წავალო. იმის ილუზია, რომ ახალი მწვრთნელი რამეს შეცვლის, არა მაქვს, მაგრამ იმის იმედი ნამდვილად მაქვს, რომ ისეთს დანიშნავენ, ვინც შედარებით ნაკლებ ხელფასს მოითხოვს, ხოლო შედეგს რაც შეეხება, ამაზე უარესს ნამდვილად ვერ დადებს იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ ამაზე უარესი ბუნებაში არ არსებობს.

ეჭვიც არ მეპარება, რომ შოტალნდიიდან სამი ქულის წამოღება ყველაზე მეტად თემურ ქეცბაიას უნდოდა, მაგრამ ერთია სურვილი და მეორეა რას აკეთებ ამის მისაღწევად. ჩემი 3 წლის შვილს, როდესაც ერთიდაიგივე ქცევით არაფერი გამოსდის, მერე ტაქტიკას ცვლის და ხოლმე, ჰოდა თუ 3 წლის ნენე ხვდება ამდენს, რატომ ვერ უნდა მიხვდეს მასზე ბევრად დიდი თემურ ქეცბაია?! Fაქტია, რომ ბოლო 20 თამაშში ერთიდაიგივე ტაქტიკამ არ გაამართლა, ამიტომ ეს ტაქტიკა უნდა შეცვალო, წინააღმდეგ შემთხვევაში შენ შეგცვლიან (თუმცა ეს ბოლო ფარაზა თემურზე არ ჭრის).

ჩვენი ნაკრების ტაქტიკას რომ შეხედავ, მაშინვე მიხვდები, რომ სტალინი ქართველი იყო, სწორედ ამ ტაქტიკით იცავდა მოსკოვს, თუმცა სოსომ ბოლოს შეუტია კიდეც და შედეგიც დადო, ხოლო თემური მხოლოდ ბოლო 10 წუთი უტევს და სწორედ ამ მონაკვეთში გვესახება იმედი, რომ შეიძლება ერთხელ ჩვენც გვეშველოს, მაგრამ ბოროტი მსაჯი მალევე ამთავრებს ხოლმე თამაშს.

თემურ ქეცაბია რომ "ქართული ოცნების" მხარდამჭერი იყოს, იტყოდა, შოტლანდიელებმა იმიტომ მოგვიგეს, "ნაციონალები" არიანო, საინტერესოა ახლა რას იტყვის, ალბათ მაინც ფეხბურთელებს დააბრალებს ყველაფერს და ბოლოს დააყოლებს - არა მყავს მესები და რა ვქნაო? რა ქნა თემურ და წადი!

ყველას გვახსოვხარ, როგორც ერთ-ერთი თავდაუზოგავი ფეხბურთელი ეროვნულ ნაკრებში, მაგრამ შენი ფორმაციის ნაკრების შედეგებიდან გამომდინარე, ნელ-ნელა გვავიწყდება და სანამ სრული ამნეზია დაგვმართნია შენთვისვე აჯობებს რომ წახვიდე, თორემ მერე წარსულის ხათრითაც აღარავინ გცემს პატივს და ცოდო ხარ, კიდევ უფრო ცოდო ქართული ფეხბურთია.

ჩვენ ნაკრებს უკვე წაგებული გუნდის ფსიქიკა ჩამოუყალიბდა, თითქოს შეგუებული არიან, რომ წააგებენ და მხოლოდ იმაზე ფიქრობენ დიდი ანგარიშით მაინც არ წააგონ და როდესაც 1 ბურთის სხვაობით წააგებენ, მერე მთელი თამაშის მანძილზე შექმნილ ერთადერთ მომენტს მისტირიან - ის რომ გაგვეტანა, მერე სულ სხვა თამაში იქნებოდაო. მართლებიც არიან, ის რომ გაეტანათ მერე ერთს კიდევ გაუშვებდნენ, ეს უკვე ძველი სერიაა და არაერთხელ გვაქვს ნანახი.

როგორც ზემოთ ვთქვი, 14 ოქტომბერს გიბრლატარის ეროვნულ ნაკრებს უნდა ვეთამაშოთ. საქართველოს წაგებას ტოტალიზატორში დაახლოებით 25.0-30.0 ექნება კოეფიციენტი და ხომ არ აჯობებს ეკონიმიკის განვითარებაზე ვიზურნოთ?! ამით ეროვნული ჩემპიონატის დაფინანსების საკითხიც გადაიჭრება, თანაც მთელი გიბრალტარი ჩვენ დაგვლოცავს და ეგებ მათი ლოცვით მაინც გვეშველოს რამე, თორემ ახლა ისეთ გვირაბში ვართ რომლის ბოლოში არათუ სინათლე არ ჩანს, საერთოდ ბოლოც არ აქვს.