და თქვა ირაკლიმ არაკი... - კვირის პალიტრა

და თქვა ირაკლიმ არაკი...

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა გუშინ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ "ინტეგრაციისა და თანამშრომლობის შესახებ" შეთანხმება, რომელსაც აფხაზები რუსეთთან აფორმებენ შემაშფოთებელია, რადგან ეს ფაქტობრივად აფხაზეთის ანექსიას ნიშნავს. ამავე ინტერვიუში პრემიერმა თქვა – "არ მინდა დავიჯერო, რომ აფხაზეთის მოსახლეობა და აფხაზი ერი სწორედ ამისკენ მიისწრაფვის. ეს პირდაპირ ეწინააღმდეგება მათ მიერ წარმოებულ 25-წლიან ბრძოლას თვითგამორკვევისთვის, აღიარებისა და ე.წ დამოუკიდებლობის მიღწევისთვის."

სულ ერთი წამით წარმოიდგინეთ ესპანეთის პრემიერი, რომელიც ანალოგიურს ამბობს და აფხაზეთის ნაცვლად კატალონიას გულისხმობს, ეჭვიც არ მეპარება, რომ მეორე დღეს (მაქსიმუმ მესამე დღეს) მისი პოლიტიკური კარიერა სამუდამოდ დასრულდება, მაგრამ ჩვენ ხომ ამნეზიისკენ მიდრეკილი ერი ვართ და მალე გვავიწყდება ყველაფერი. პრემიერმა მალევე ახსნა თავისივე ნათქვამი სიბრძნე, განაცხადა, რომ ყველაფერი სხვანაირად გაიგეთო და საერთოდაც, ვისაც ჩემი ნათქვამი არ მოსწონს, ყველა პროვოკატორიაო. ბატონო ირაკლი, თქვენი კი არა, მაცხოვარი რომ იყო დედამიწაზე, მისი ნათქვამი არ მოსწონდა ყველას და ჯვარზე გააკრეს, ჰოდა, თქვენი ნათქვამი რატომ უნდა მოეწონოს ყველას?! ერთი ქვეყანა ვიცი, სადაც უმაღლესი ხელისუფალის ყველა ნათქვამი მოსწონთ (ვგონებ ბავშვებს აზეპირებინებენ კიდეც მის ყველა გამოსვლას), ეს ქვეყანა სამხრეთ კორეის ჩრდილოეთით მდებარეობს და ისეთი გინდათ, რომ ვიყოთ?!

ისევ აფხაზეთს დავუბრუნდეთ. ალბათ ძალიან გინდათ ერთიანი საქართველოს პრემიერი იყოთ და ალბათ მართლა არ გიგულისხმიათ ისე, როგორც გავიგეთ, მაგრამ სანამ იტყვით, არ შეიძლება, გაითვალისწინოთ, რომ ერში თითოოროლას თუ აქვს თქვენი ნათქვამის გაგების უნარი, ამიტომ შედარებით მარტივად თქვით ხოლმე, თორემ ყოველი ბრიფინგის მერე, საკუთარი განცხადებების ახსნა უკვე ნანახი სერიაა და აღარ გვინდა კიდევ ერთი "მოქალაქე".

მთელი რუსული პოლიტელიტა 90-იანებიდან მოყოლებული იმას იძახის, აფხაზ ერს თვითგამორკვევაში მივეხმარეთო და 2008 წელს ამიტომაც ვაღიარეთ მათი დამოუკიდებლობაო. ამის პასუხად ჩვენგან სულ ერთი ისმოდა, რა თვითგამორკვევა, რა სისულელეაო, მაგრამ თურმე სულაც არ ყოფილა სისულელე. ცოტა ხანს დაველოდოთ და იმასაც გავიგებთ, რომ ოსებიც თავდაუზოგავად იბრძვიან თვითგამორკვევისთვის. ბატონო პრემიერო, ძალიან გთხოვთ, სამხრეთ საქართველოში მცხოვრობ ეთნიკურ უმცირესობაზე მაინც არ თქვათ რომ თვითგამორკვევისათვის იბრძვიანო, თორემ მართლა დაიჯერებენ ეგენი.

სავარაუდოდ, ირაკლი ღარიბაშვილმა თავის ნათქვამში იგულისხმა (ყოველ შემთხვევაში, მინდა რომ ასე იყოს) ჩემო აფხაზებო, ამდენხანს იმას იძახდით დამოუკიდებლობა გვინდა და რუსებთან ხელშეკრულებას აფორმებთ და მათი ნაწილი ხდებით, რაც თქვენივე სიტყვებს ეწინააღმდეგებაო. ალბათ ეს იგულისხმა, უბარლოდ ისეთი სიტყვებით წარმოთქვა, რომ საერთოდ სხვა ფორმა მიიღო, არადა პოლიტიკოსმა, მით უფრო, ქვეყნის მეთაურმა შესაბამისი სიტყვების მოძიება კი უნდა იცოდე.

დარწმუნებული ვარ ერთ დღეს აუცილებლად დავსხდებით აფხაზებთან ერთად მოლაპარაკების მაგიდასთან და მათი ნება აუცილებლად გასავალისწინებელი იქნება, მაგრამ დღეს "მათი ნება" ბუნებაში არ არსებობს და შესაბამისად არ არსებობს მათი ბრძოლა თვითგამორკვევისათვის და ეს ჩემზე უკეთ პრემიერმა უნდა იცოდეს.

პრემიერის ეს გამოთქმა "ნაციონალური მოძრაობის" და "ქართული ოცნების" მომხრეებს შორის ურთიერთბრალდებების ახალ ეტაპად იქცა. ერთი რუსეთისკენ მწყობრი ნაბიჯით წასვლას აბრალებს მეორეს, რაზეც მეორე პირველს კოდორის რუსებისთვის ჩაბარებას და სხვა ათას ბრალდებას უხსენებს და ასე გრძელდება დაუსრულებლად, რასაც ერთადერთი რამე ეწირება და ამას საქართველო ჰქვია, ის საქართველო რომელიც თურმე ზემოთხსენებული ორივე პარტიის წევრს ყველაფერზე მეტად სტკივა და მხოლოდ მასზე ფიქრით წერს და ამბობს ყველაფერს, ამასობაში კი ჩვენი ჩრდილოელი მეზობელი ნაბიჯ-ნაბიჯ გვიახლოვდება და სანამ ჩვენ ერთმანეთს ფსევდოპატრიოტობაში ვეჯიბრებით, შეიძლება შემოგვეპაროს კიდეც და მერე ძალიან გვიანი იქნება.