"გულშემატკივრები"... - კვირის პალიტრა

"გულშემატკივრები"...

გუშინ საქართველოს რაგბის ეროვნულმა ნაკრებმა ტონგასთან გამართა მატჩი. სამწუხაროდ 9-23 წავაგეთ, თუმცა აქ თამაშის მიმოხილვას არ დავიწყებ. დაინტერესებული ხალხი ბევრად უფრო კომპეტენტური მიმომხილველის სტატიას წაიკითხავს, სხვათაშორის, სწორედ ეს დაინტერესებული ხალხი იყო, ვინც გუშინ სტადიონზე ბოლომდე იდგა და დამარცხებული "ბორჯღალოსნები" მქუხარე ტაშით გააცილა სტადიონიდან.

გულშემატკივრობას თავისი დაუწერელი კანონები აქვს, ერთ-ერთი მათგანი ისაა, რომ შენი გუნდის გვერდით ბოლომდე იყო, ანგარიშს მნიშვნელობა არ აქვს. სამწუხაროდ, გუშინ ეს დაუწრელი კანონი ისე დაირღვა, როგორც ბებოს მოქსოვილი წინდა (თუმცა წინდა ბევრად უფრო გამძლეა ხოლმე). ფორუმებზე ბევრმა, ვინც მიხვდა, რომ წასვლით დააშავა, დაწერა, პატარა ბავშვით ვიყავი, სტადიონი ისეთ ადგილსაა რომ მერე ტრანსპორტირება გაჭირდებოდაო, მაგრამ ნახევარი სტადიონი დაიცალა და დავიჯერო, ყველა ბავშვით იყო?!

სამწუხაროდ ანალოგიური რამ ხდება ფეხბურთის დროსაც. ვიცი ბევრი მომედავება და მეტყვის: ფეხბურთელები ისე ცუდად თამაშობენ, მაგათ ბოლომდე როგორ უნდა უყუროო, ამ დროს მეც ერთი კითხვა მიჩნდება ხოლმე, თუ ასე ცუდად თამაშობენ რომ ბოლომდე ვერ ძლებ, საერთოდ რატომ მიდიხარ?! მაგრამ თუ მიდიხარ, მგონი პრინციპის ამბავია, ბოლომდე დარჩე.

რაგბი ბევრად მეტია, ვიდრე უბრალოდ თამაში. ერთადერთი გუნდური თამაშია, როდესაც იცი, რომ შენს უკან მთელი გუნდია, როგორც პირდაპირი ისე გადატანითი მნიშვნელობით. რაგბი სპორტზე მეტად ვაჟკაცობაა და ეს სპორტი არ იმსახურებს გულშემატკივრისაგან ასეთ მიდგომას. მეეჭვება წასულებიდან რომელიმეს იმათზე მეტად დაწყდომოდა გული წაგებაზე, ვინც იქ დარჩა. როგორ დავიჯერო, რომელიმე დარჩენილს ბავშვი არ ჰყავდა?! თუ მათთვის სპეც-ტრანსპორტი იქნებოდა გამოყოფილი?!

ყველა-ყველა და ჩვენი რაგბისტები ნამდვილად არ იმსახურებენ ასეთ მიდგომას. წააგეს, მაგრამ იმას ვერავინ ვერ იტყვის, არ იბრძოლესო. წამით წარმოიდგინეთ მათ ადგილას თავი, თამაშისას ხედავ, სტადიონი სავსეა, ბოლო წუთებზე კი, როდესაც აგებ ხედავ, რომ სტადიონი თითქმის ცარიელია. დარწმუნებული ვარ, წასულთა უმეტესობა ქილიკსაც დაიწყებდა - ეგენი მარტო რუსეთთან და პორტუგალიასთან იგებენო. იქილიკეთ ბატონებო, ჩვენ ხომ დემოკრატიულ ქვეყანაში ვცხოვრობთ, სადაც ყველაფერი შესაძლებელია.

წეღან ვახსენე სავსე სტადიონი, მართლაც ლამაზი სანახვი იყო გადაჭედილი ტრიბუნები, მაგრამ სტადიონზე ისეთი სიჩუმე იყო, მოპირდაპირე ტრიბუნაზე მეგობრისათვის რომ დაგეძახა გაიგონებდა, მხოლოდ მაშინ ისმოდა "საქართველო" ან "ლელო" როცა ვუტევდით ან გვიტევდნენ. როდესაც ბურთი მოედნის ცენტრში იყო, სამარისებური სიჩუმე ისადგურებდა ხოლმე. მეტიც, თუ ვინმე "ინტრიგანი" საკუთარი გუნდის გასამხნევებლად აყვირდებოდა შეიძლება გვერდით მჯდომისაგან ისეთი დამცინავი ღიმილი მიეღო, რომ მეორედ დაყვირების სურვილი დაკარგვოდა.. მხოლოდ ფან-კლუბის წევრები თუ არღვევდნენ სტადიონზე გამაფებულ მყუდროებას.

ოკეანისპირელებს საბრძოლო რიტუალი აქვთ, რომელსაც ყოველი თამაშის წინ ასრულებენ ხოლმე. სამწუხაროდ აქაც თავი შევირცხვინეთ, სამაგიეროდ მათი რიტუალის დროს სტვენის რამდენიმე ახალი სახეობა დავნერგეთ პრაქტიკაში, რომელიც დიდი ალბათობით რუსეთის ნაკრებთან მატჩამდე კიდევ უფრო დაიხვეწება და მათი ჰიმნისას პიკში იქნება.

სამწუხარო რეალობაა, მაგრამ გულშემატკივრობა არ ვიცით და კიდევ უფრო სამწუხაროა, რომ არც პერპექტივა არ გვიქადის კარგს.