"დაკრძალეთ ერთი მიცვალებული და მიიღეთ მეორეს დაკრძალვა საჩუქრად!" - დაკრძალვა განვადებით, ახლა უკვე საქართველოშიც - კვირის პალიტრა

"დაკრძალეთ ერთი მიცვალებული და მიიღეთ მეორეს დაკრძალვა საჩუქრად!" - დაკრძალვა განვადებით, ახლა უკვე საქართველოშიც

საქართველოში არსებულ განვადებათა უმეტესობა დღემდე მხოლოდ ხელფასის ცნობის საფუძველზე გაიცემოდა, მაგრამ ამიერიდან განვადების ერთ-ერთი სახეობისთვის, არც მეტი, არც ნაკლები, გარდაცვალების ცნობა იქნება საჭირო. დიახ, თუ თქვენ ცოცხალი ხართ, ვერასოდეს ისარგებლებთ მომსახურებით, რომელსაც "დაკრძალვა განვადებით" ჰქვია.

თბილისში არსებული ერთ-ერთი დამკრძალავი ბიურო საკუთარ მომხმარებელს, უფრო მართებული იქნება ვთქვათ, საკუთარ ჭირისუფალს, ამ ინოვაციურ მომსახურებას სთავაზობს. ამ ამბის გაგებისთანავე ერთი შეკითხვა გამიჩნდა, თუ აღმოჩნდა, რომ კლინიკურ სიკვდილთან გვაქვს საქმე და როგორც "იმერულ ესკიზებში" კივიან, მიცვალებული აღდგა, ამ დროს ბანკი უკან დაიბრუნებს ფულს თუ კლიენტს თაღლითობისთვის დააჯარიმებენ?! ყველას ჯვარი სწერია და არ გამიკვირდება, თუ სამომავლოდ კონკურენციის ვარიანტში რომელიმე ბიურო 1+1 აქციას შემოგვთავაზებს. ისე, რა საინტერესოდ ჟღერს: დაკრძალეთ ერთი მიცვალებული და მიიღეთ მეორეს დაკრძალვა საჩუქრად, ხოლო ის, ვინც ახლავე დაკრძალავს, საჩუქრად მიიღებს პრესტიჟულ ადგილს სასაფლაოზე. საინტერესო იქნება ბანკში განაცხადის ფორმაც, სადაც იქნება შემდეგი სახის კითხვები: ხომ არ სარგებლობთ დაკრძალვის მიმდინარე განვადებით? ეს თქვენი პირველი გარდაცვალებაა? განვადება ორმოცდღიანი გსურთ თუ ერთწლიანი და სხვ. როგორც წესი, განვადების დროს განვადების მსურველ პირს უღებენ ფოტოს, ხოლო ამ დროს ფოტოს მიცვალებულის გადიდებულ სურათს გადაუღებენ.

სავარაუდოდ, საახალწლოდ იქნება სასაჩუქრე აქციები, ის, ვინც ამ დროს ისარგებლებს განვადებით, ბანკისგან საჩუქრად მიიღებს გვირგვინს, სუდარას ან 20 ცალ სანთელს.

ხუმრობას თავი დავანებოთ და სერიოზულად თუ ვიმსჯელებთ, ამ პროექტს მომავალი ნამდვილად აქვს, ხშირია როდესაც ადამიანი გარდაიცვლება და მის ოჯახს დაკრძალვის ხარჯები, რომელიც საკმაოდ სოლიდურია, არ აქვს, ასეთ შემთხვევაში ეს მომსახურება სწორედაც რომ მისწრება იქნება, თანაც როგორც წესი, დაკრძალვისას ე.წ. შესაწირი იმდენია კია ხოლმე, რომ ჭირისუფალმა გაწეული ხარჯები გაისტუმროს. მოკლედ, ფაქტია, ვინც დაკრძალვა განვადებით მოიფიქრა, ათიანში მოარტყა, რადგან დაკრძალვის ხარჯი აუცილებელი ხარჯების კატეგორიას მიეკუთვნება.

დიდ ხანს სიცოცხლეს გისურვებთ!