ცხადდება ვაკანსია -"იდუმალი მოქეიფე" - კვირის პალიტრა

ცხადდება ვაკანსია -"იდუმალი მოქეიფე"

აჭარის მთავრობის ხელმძღვანელის არჩილ ხაბაძის ინიციატივით, ბიუჯეტიდან 25 000 ლარი ტურიზმის დეპარტამენტისათვის გამოიყოფა. ეს თანხა დაიხარჯება ე.წ. იდუმალი სტუმარის, იგივე მოქეიფის მომსახურებაში. ხუმრობა არ გეგონოთ, ეს ჩვენი იდუმალი მოქეიფე მართლაც ივლის რესტორნიდან რესტორანში, კარგად სვამს და ჭამას, შემედეგ კი კვარტალურად გამოიყვანს სტატისტიკას - რომელ სახინკლეში უკეთესი მომსახურებაა, რომელში - არა, რომელ რესტორანს აქვს უკეთესი ღვინო, სად წვავენ კარგ მწვადს, სად აცხობენ საუკეთესო აჭარულ ხაჭაპურს და ა.შ. (ისე, ჩემი მეზობელი ჯემალი მაგას სულ უფასოდ გაგიკეთებდათ და გეკითხათ მაინც). ლოგიკურად თუ ვიმსჯელებთ "იდუმალ მოქეიფეს" სხვა დამხარეებიც დასჭირდება:

1. იდუმალი ცოლი - მისი მთავარი მოვალეობა იქნება სახელმწიფო უწყებაში დასაქმებულ "იდუმალ მოქეიფეს" შიგა და შიგ მუჯლუგუნი მიარტყას და ჩასჩურჩულოს - "დროზე წამოდი სახლში," "ხვალ რომ თავი გაგისკდება მე არ დამაბრალო," "ცეცხლი ჭამა შენმა პირმა" და სხვ.

2. იდუმალი ტაქსისტი - მისი მოვალეობა იქნება გატიალებული მთვრალი "იდუმალ მოქეიფე" სახლში მიიყვანოს და გზაში ყველაფერზე თავი უქნიოს.

3. იდუმალი შვილი - მისი მოვალეობა ძალიან მარტივია, უნდა ეჭიროს კიტრი და ლიმონათი და მაგიდებს შორის ირბინოს

4. იდუმალი ძმაკაცი - "იდუმალი მოქეიფე" "იდუმალი ძმაკაცის" გარეშე ისეთივე წარმოუდგენელია როგორც კოლუმბი უამერიკოდ. " იდუმალ ძმაკაცს" წინასწარ ექნება გავლილი გადამზადების პროგრამა და აღჭურვილი იქნება შემდეგი სერვისებით: "ეგ როგორ გვაკადარეს წამო ცემაში გავხიოთ", "ჩვენი ძმობის თამადობით", "ვისაც ჩვენი არეული არ მოსწონს..." და, რა თქმა უნდა, სახლში მიცილების სერვისი.

5. იდუმალი თამადის მოადგილე - იმ სუფრაზედ სადაც "იდუმალი მოქეიფე" იქნება თამადის ვინაობა წინასწარაა ცნობილი, თუმცა მოდგილეს ექნება ძალიან დიდი დატვირთვა, ვინაიდან უნდა აკონტროლოს ის ფლანგი სადაც ჩვენი "იდუმალის" საცეცები ბოლომდე ვერ წვდება.

6. იდუმალი მერიქიფე - "იდუმალ მოქეიფეს" აუცილებლად უნდა ყავდეს საკუთარი მერიქიფე, რომელსაც წინასწარ ეცოდინება სადღეგრძელოების სია და იმის მიხედვით დაასხავს ჭიქაში სასმელს. "იდუმალ მოქეიფეს" ექნება გაუმჭვირვალი ჭიქა რათა არ გამოჩნდეს სითხის რაოდენობა. ასე მაგალითად, სამშობლო, ძმობა, დედა, სიყვარული - ივსება ბოლომდე, ტკბილი მოგონებები, ხვალინდელი დღე და სხვ - სანახევროდ, ეს ყველაფერი მერიქიფის ოსტატობაზეა დამოკიდებული

7. იდუმალი შარიანი - მისი მოვალეობა, ქეიფის დასრულებისას აშარება იქნება, სავარაუდოდ, მიზეზის მოძებნა არ იქნება პრობლემა. ეს გარემოება რეალისტურ ელფერს შესძენს ქეიფს.

8. იდუმალი "ერთი სადღეგრძელო მათქმევინე თუ შეიძლება" - მისი ვალდებულებაა პირველი სადღეგრძელოს მერე სისტემატიურად მოითხოვოს ერთი სადღეგრძელო, რომლის თქმის უფლებასაც ბოლოს მიიღებს, გამომდინარე იქიდან, რომ ის რისი თქმაც მას სურდა, უკვე ნათქვამია, ის დალოცავს თამადას, უსურვებს სულ ლხინის და ძეობის სუფრა ეთამადოს და რავი რა, რაც მან ვერ დალოცოს ბუნების ძალამ დალოცოს. ამ სიტყვების შემდეგ ვალმოხდილი ჯდება.

9. იდუმალი "ერთი ღერი მომაწევინე, ჩემი მანქნაში დამრჩა და ნუ გამიყვან" - მისი მოვალეობა იქნება ყოველი მოწევის წინ "იდუმალ მოქეიფეს" უთხრას: "ერთი ღერი მომაწევინე, ჩემი მანქნაში დამრჩა და ნუ გამიყვან" და მეგობრულად მოუთათუნოს მხარზე ხელი

ეს მხოლოდ მცირედი ჩამონათვალია იმ `თანამშრომლებისა", რაც "იდუმალ მოქეიფეს" დაჭირდება...

პ.ს. მესმის, ეს იმისთვის კეთდება, რომ რესტორნებში მაღალი დონის სერვისი დაინერგოს. ბოროტი ხმები ამობობენ, რომ იქაც, სადაც უძველესი პროფესიის მსახურნი მუშაობენ, მეტად დასახვეწია სერვისიო და იქნებ, ამაზეც გეფიქრათ - "იდუმალი...", ეჰ წავედი, წავედი, თორემ ვატყობ, ხაბაძესავით მეც რაღაც სისულელეს წამოვროშავ...

ბედნიერ შობა-ახალ წელს გისურვებთ!

თქვენი იდუმალი სურამელი.