ახლოს სამოთხესთან - აღდგომა უშგულში - კვირის პალიტრა

ახლოს სამოთხესთან - აღდგომა უშგულში

სააღდგომო ლიტანიაზე ტაძარი სრულად გაივსო, ხალხი გარეთაც იდგა და ისე უსმენდა წირვას. სხვა განცდაა, როდესაც იცი რომ ევროპაში ყველაზე მაღალა მდებარე სოფლიდან უსმენ უფლის სიტყვებს, განცდა გაქვს, რომ უფალთან ახლოს ხარ... ცდილობ მეტად მოკრძალებული იყო, მეტად მიიტანო გულთან ის, რაც უფალმა შენთვის დაითმინა... უშგულში ასვლისას ისეთი განცდა გეუფლება, თითქოს აქ სადღაც ახლოს სამოთხეა...

ტრადიციები

ძველად სვანეთში სააღდგომოდ ასეთი ტრადიცია ყოფილა - შუაღამისას მთელი მოსახლეობა დაიძრებოდა მთავრი ეკლესიისკენ და იქ ესწრებოდნენ საზეიმო წირვას, დილით კი გადიოდნენ სასაფლაოზე, სადაც ყოველ საფლავზე უკევ ენთო თოთო სანთელი, ტაბლაზე კი საკურთხი იყო გაშლილი. სრულდებოდა ძალიან საინტერესო ხალხური საგალობლები: – სვანური "ქრისტე აღსგა", "ქრისდეშ" და "ცხავ ქრისდეშ". სვანებს ერთი ტრადიცია აქვთ, ტრაპეზის დროს (არა მხოლოდ სააღდგომოდ) როდესაც წმ. გიორგის სადღეგრძელო ისმევა, ყველა ვალდებულია ჭიქა ბოლომდე დაცალოს. ამას მკაცრად აკონტროლებს თამადა. უწინ სააღდგომო ზარ-ზეიმი გრძელდებოდა მთელი კვირის განმავლობაში და დიდი მასშტაბურობით სრულდებოდა კვირაცხოვლობის დღესასწაულით. ამ დღეს სვანეთში – უფლიშს ანუ უფლის დღეს უწოდებდნენ. ამასთან დაკავშირებით სვანეთში მეტად საინტერესო ტრადიცია არსებობდა: კვირაცხოვლობის დღესასწაულისთვის მთელი წლის განმავლობაში ემზადებოდნენ. ყოველი სოფელი გამოარჩევდა ერთ საუკეთესო ბუღას, რომელსაც საგულდაგულოდ უვლიდნენ, თაფლიან წყალს ასმევდნენ, მოხარშულ ქერს აჭმევდნენ და ამზადებდნენ სპორტული ასპარეზობისთვის. კვირაცხოვლობის საზეიმო წირვის დასრულების შემდეგ, სასოფლო მოედანზე იმართებოდა ამ ბუღების ჭიდილი. ეს ტრადიცია არსებობდა აჭარაშიც, სადაც მას "ბუღიების ჭედობა" ეწოდებოდა. საგულისხმოა, რომ ბუღების ჭიდაობის ტრადიცია დღესაც ცოცხალია ისტორიულ ტაო-კლარჯეთში, თანამედროვე ართვინის ვილაიეთში.

უფლის საჩუქარი

"უშგული" უშიშარ გულს ნიშნავს. ასე სწორად შერჩეული ტოპონიმი მსოფლიოში უიშვიათესი იქნება. შეუძლებელია აქ ცხოვრება, თუ ოდნავ მაინც რამის გეშინია. პრობლემის დასაძლევად მუდამ მზადყოფნა აქაურებს ხასიათშიც ეტყობათ. მათთვის დაუძლეველი პრობლემა არ არსებობს, შეიძლება არ გამოუვიდეთ, მაგრამ აუცილებლად ეცდებიან. თუ არა შეუპოვრობას, სხვა რას უნდა დაბრალდეს ის გრანდიუზული კოშკები რომელიც უშგულში ლამის ყოველი ფეხის ნაბიჯზე გვხდება. დინებას მიმყოლი კაცი ამას ვერ ააშენებდა. სვანური კოშკი ძირითადად თავდაცვით ფუნქციას ასრულებდა და ჩვეულებრივ 20-25 მეტრი სიმაღლისაა. ეს კოშკები უკვე იუნესკო-ს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლებია.

სოფელში თამარ მეფის ორი რეზიდენციაა: ერთი- საზაფხულო და ერთიც - საზამთრო. როგორც აქაურები ამბობენ თამარს ამ მხარის განსაკუთრებული სიყვარული ჰქონია , შეიძლება აქედანაც მოდის ის ლეგენდა, რომლის მიხედვითაც სწორედ უშგულშია წმინდა მეფის საფლავი. ლეგენდა ლეგენდად, მაგრამ გამორიცხული არაფერია, რადგან ამ სოფელში იმდენი სიწმინდე ინახება ბევრი მართლმადიდებელი ქვეყანა რომ ვერ დაიკვეხნის. უშგულელთა სასახელოდ უნდა ითქვას, რომ მათ საქართველოს უდიდესი განძეულობა გადაურჩინეს. ვერა დამპყრობელი ვერ აღწევდა მიზანს რომ სიწმინდეები ხელში ჩაეგდოთ. ხშირად სიცოცხლის ფასადაც კი დაუცავთ ხატები და მომხდურთათვის არ დაუთმიათ. რომ არა უშგულელები, დღეს შეიძლება ადიშის ოთხთავი და სხვა უდიდესი ეროვნული განძი აღარ ჰქონოდა საქართველოს.

სოფელს ღვთისმშობლის სახელობის მამათა მონასტერი გადმოყურებს, რომელსაც ადგილობრივები ლამარიას ეძახიან. მართლა გასაოცარი ტაძარია, მე -10 საუკუნის მონასტერში ფრესკები XII-XIII საუკუნით თარიღდება. აქ სამონასტრო ცხოვრება თამარ მეფის დროს ყვაოდა. ტაძარში უნიკალური ფრესკებია, რომელთაც მე-20 საუკუნის იმ ვანდალთა ხელი ატყვია, ვისაც საკუთარი გვარ-სახელის დატოვება მოუწადინია უნიკალურ ფრესკებზე. ლამარიას მონასტერში მამა იონა მსახურობს, რომელმაც მონასტერს ახალი სიცოცხლე შთაბერა. ადგილობრივები ყველანარიად გვერდში უდგანან მონასტერს, როგორც მამა იონა ამბობს: "აქაურები საოცარი ხალხია - შეიძლება თვითონ ლუკმა არ შეჭამონ, მაგრამ მოვლენ და მონასტერს დაეხმარებიან." მონასტრის საძმო სამი წევრის მამა იონას, მამა ილიასა და მონასტრის შვილობილის პატარა ვახოსაგან შედგება, თუმცა კიდევ არიან: ბუხუტი და მაია - ორი ულამაზესი მეცხვარე ძაღლი. თურემ ადრე მონასტერში ერთი ძაღლი ჰყოლიათ, რომელიც დაკარგულა და 4-5 დღე არ გამოჩენილა. როცა უკან დაბრუნებულა, წინა თათი ჰქონია მოტეხილი. მამაოს თურმე ეგონა, რომ ფეხი უბრალოდ სადღაც იტკინა. დაახლოებით ერთ კვირაში, ფრანგი ალპინისტები ასულან მონასტერში, მათ ძაღლი უცვნიათ და მოუყოლიათ, შხარაზე ლაშქრობისას, მათთან ერთად, 4000 მეტრამდე სიმაღლეზე როგორ ავიდა, თანაც ყოველგვარი დახმარების გარეშე, მაგრამ მერე ნაპრალში ფეხი მოუტეხავს და გზა ვეღარ გაუგრძელებია. ალპინისტებს არ მიუტოვებიათ, თითქმის ნახევრად გავლილ გზაზე უკან ჩამოსულან, ძაღლი ხელით ჩამოუყვანიათ, შხარის ძირში დაუტოვიათ და ისევ თავიდან დაუწყიათ ლაშქრობა. მონასტერს უამრავი ადამიანი უდგას გვერდით, ერთ-ერთი ბატონი ირაკლი გურჩიანი რომელიც მონასტრის ასაღორძინებლად ყველაფერს აკეთებს.

მონასტრის გვერდით სასაფლაოზე ბესარიონ ნიჟარაძის საფლავია, რომელი ილია ჭავჭავაძის ახლო მეგობარი ყოფილა. ბესარიონის განათლებაზე ლეგენდები დადიოდა, რა იყო რომ მას არ ცოდნოდა. ერთხელაც ილიას თავის მეგობრისათვის უთხოვია, შენ კუთხეში დაბრუნდი და შენ კუთხეს ემსახურეო. ბესარიონიც დაბრუნებულა და დარჩენილი ცხოვრება თავისი ხალხისთვის უანგარო სამსახურისთვის შეულევია.

უშგულის მთავარი პრობლემა მაინც გზაა, რომელიც კლდეების ჩამოშლის გამო ხშირად იკეტება, ზამთარში კი სოფელი 2-3 დღით წყდება ხოლმე გარესამყაროს. მესტიიდან კი ხშირად ამოდის ტრაქტორი, მაგრამ თუ ერთი თანამედროვე ტრაქტორი თვითონ სოფლესაც ეყოლება ამით ძალიან ბევრი პრობლემა გადაიჭრება.

უშგული ზოგისთვის ეგზოტიკაა, ზოგისთვის - ყოველდღიურობა, ზოგისთვისაც კი - მხოლოდ დასასვენებელი ადგილი... მე კი ღრმად მწამს, რომ უშგული ქართველებს ღმერთმა გვიბოძა, უფლის საჩუქარს კი გაფრთხილება უნდა.