საქართველოს კონსტიტუციის მონოლოგი - კვირის პალიტრა

საქართველოს კონსტიტუციის მონოლოგი

1921 წლის 21 თებერვალს დავიბადე. როგორც გადმოცემით ვიცი, იმ დროინდელ მსოფლიოში ჩემსავით ჯანმრთელი იშვიათი კონსტიტუცია იყო, მაგრამ 4 დღეში სამშობიაროში ვიღაც წითლები შემოვარდნენ, ამიტომ ჩემმა მშობლებმა გადამმალეს. კარგად მოხუცებული ვიყავი, როდესაც გამიხსენეს და დამაბრუნეს. ისე მიხაროდა, თითქოს მეორედ დავიბადე.

1993 წელს ვინმე ედუარდმა ჩემი გადაკეთება გადაწყვიტა, რომელი კესო მე მნახა ან რომელი კუზანოვი თვითონ იყო, ეს რომ გადაწყვიტა, არ ვიცი, მაგრამ ჩანაფიქრი კი შეასრულა. ჰოდა, 1995 წელს სრულიად ახალი სახით გამიცნო ხალხმა. ცოდვა გამხელილი სჯობს ცუდად არ ვგრძნობდი თავს, უბრალოდ, იმაზე მწყდებოდა გული, რომ მაინც იმას აკეთებდნენ რაც უხაროდათ და მოწმედ მე მომიყვანდნენ ხოლმე. ახლა, რომ ვუფიქრდები, სწორედ მაშინ დავკარგე ქალიშვილობა, პირველად ვისთან მოხდა და როგორ არ ვიცი, მაგრამ დღე არ გავიდოდა ვინმეს არ დავერღვიე. ის "კუზანოვი" კიდევ, ზეომთ რომ ვახსენე, არ ცდილობდა ჩემს დაკერებას და ასე ვირღვეოდი და ვირღვეოდი. ჩემს ამერიკელ კოლეგას რომ ვუყურებდი სულ გულ-მუცელი მეწვოდა შურით, ჩემზე ას წელზე მეტითაა უფროსი, მაგრამ ღირსება არცერთხელ არ დაუკარგავს. მე რატომ გამოვდექი ასეთი გლახა?!

1999 წელს პირველად მიმამატეს რაღაც, ალბათ ეგონათ, რომ მომიხდა და მას მერე ვისაც რა გაუხარდება იმას მიმატებს და მაკლებს. ზოგჯერ ჩემი თავი ბორშჩი მგონია, რომელსაც ყველა კულინარი თავისებურად აკეთებს. ჩემს დაბადებამდე არსებობდნენ ჩემი შემსწავლელი ტიპები, თავს რომ კონსტიტუციონალისტებს უწოდებენ, მაგრამ მე ისეთი ორაზროვანი რამე გამოვდექი რომ ყველას განსხვავებული აზრი აქვს ჩემს შესახებ. ზოგჯერ საკუთარი თავი იანუსი მგონია და თან ყველა იმ სახიდან მიყურებს როგორც თვითონ უნდათ. თითქოს კოლგოტი ვიყო და ვისაც უნდა ისე მირგებს. უკვე იმდენჯერ გამაუპატიურეს, რომ როცა არ მაუპატიურებენ, ასე მგონია, "გავბანძდი".

2010 წელს გადაწყვიტეს, რომ ერთხელ და სამუდამოდ შევცვალოთ ეს უბედურიო. მეგონა, ეგ არის და მეშველა - მეთქი, მაგრამ ნათქვამია - კონსტიტუცია ბჭობდა, სააკაშვილი იცინოდაო... ისეთი ამბავი დამმართეს, სარკეში ჩახედვისას საკუთარ თავს ვეღარ ვცნობდი. თვითონ კი მეუბნებოდნენ ისეთი ხარ ავ თვალს არ დაენახვებიო, მაგრამ ერთხელ მაინც ჩაეხედათ ამ დალოცვილებს ჩემს გულში და ნახავდნენ რა კარგიც ვიყავი.

ხელისუფლების შეცვლა ჩემზე მეტად არავის ეშინია. ვიცი ყველა ახალი რაღაც ან მომაჭრის ან მიმაკერებს, რომ მომირგოს. არადა ხელს რომ დამადებენ და იფიცებენ, გავიტრუნები, ქვეყანა ჩემი მგონია, მაგრამ დასრულდება თუ არა ინაუგურაცია შემომდებენ თაროზე და მომდევნო ხუთი წელი კაცს არ ვახსენდები.

ეჰ, ნეტავ ერთხელ მაინც თუ დამაფასებს ვინმე?! ეს ის კითხვაა რომელიც აგერ უკვე 20 წელია მაწუხებს, მაგრამ პასუხი ვერავინ გამცა. ჩემით იმდენს კი ვხვდები რომ პასუხისაგან თავს იკავებენ, რადგან არ უნდათ გული მატკინონ. თავის მოკვლა მაინც შემეძლოს ერთხელ ჩავარდებოდი ცეცხლში და ეგ იქნებოდა, მაგრამ, როგორც ჩანს, ამაზეც იზრუნეს და ჩემი იმდენი კლონია ქვეყანაში რამდენი იურისტიცაა (ნეტავ ერთი მაინც მკითხულობდეს).

ვიცი დაგადარდიანეთ, მაგრამ რა ვქნა? საბჭოთა კავშირის კონსტიტუცია აღარ არსებობს და მეც რომ მოვკვდე არაფერი დაშავდება, მაგრამ მე თუ არ ვივარგე, ქვეყანაც არ ივარგებს და მაგას განვიცდი თორემ მე ჭირსაც წავუღივარ.