სამარცხვინო ექსპრეზიდენტი და პოლიტიკური ნიშნით გამოცხადებული სამძიმარი - კვირის პალიტრა

სამარცხვინო ექსპრეზიდენტი და პოლიტიკური ნიშნით გამოცხადებული სამძიმარი

"ფეისბუქის"ოფიციალური გვერდი თითქმის ყველა მოქმედ პოლიტიკოსს აქვს, ბუნებრივია, გამონაკლისს არც საქართველოს ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი წარმოადგენს, რომელიც ამ "ფეისბუქგვერდის" საშუალებით საქართველოში მიმდინარე მოვლენებს ხშირად ეხმიანება, მათ შორის სამძიმრის განცხადებებსაც ავრცელებს.

კარგად მახსოვს, როდესაც დიდი ქართველი მსახიობი ოთარ კობერიძე გარდაიცვალა, მისი გარდაცვალების გამო ექსპრეზიდენტმა დიდი მწუხარება გამოთქვა, რაც ნამდვილად სწორი გადაწყვეტილება იყო, რადგან ოთარ კობერიძის დარი მსახიობი მართლაც იშვიათია. სამწუხაროდ, მიხეილ სააკაშვილის გვერდზე არავის უნახავს დიდი ქართველი მსახიობის ოთარ მეღვინეთუხუცესის გარდაცვალების გამო გამოთქმული მწუხარება, მგონი, არც გურამ ფირცხალავაზე დაწყვეტია გული და ყველაზე უცნაური რაც არის, არც გენიოსი რეზო ჩხეიძის გარდაცვალება მიუტანია გულთან. ამ ყველაფრიდან გამომდინარე მიჩნდება ერთი კითხვა: თქვენთვის მხოლოდ ის ხალხია ქვეყნისთვის დანაკლისი, ვინც "ნაციონალურ მოძრაობას" აქებდა და ადიდებდა?! თუ ლოგიკურ ჯაჭვს გავყვებით, ეგრე გამოდის, მაშინ სად გაქრა ის მიშა, რომელიც წინასაარჩევნოდ გლეხთან მუხლებზე დაჩოქილი ტიროდა და მათ ტკივილს იზიარებდა, მიშა, რომლიც ქვეყნის ერთიანობასა და მის მომავალზე "ზრუნვას" დღესაც არ ანებებს თავს.

ბატონო ექსპრეზიდენტო, შეიძლება გამოგრჩათ და არ გაგიგიათ ამ ადამიანების გარდაცვალება, მაგრამ უცნაურია, რომ "პროფილში" თქვენი გამოსვლის პიარი არც გამოგრჩათ და არც დაგვიწყდათ, როგორც თქვენი გვერდიდან ვიგებთ, ირაკლი ღარიბაშვილის გამოსვლაც გინახავთ, რადგან დიდი ამბით გვამცნობთ, რომ ტყუილში გამოიჭირეთ...

შეიძლება ბევრმა თქვას, ვის რაში სჭირდება მაგის სამძიმრებიო და პრინციპში მართალიც იქნება, მაგრამ იმაზე მტკივა გული, რომ მიშას  მადიდებლებიც, სწორედ ისე აზროვნებენ, როგორც მათი ბელადი. სამწუხაროდ, ხელისუფლებაში ყოფნისასაც ბატონ მიშას მხოლოდ იმათზე შესტკიოდა გული, ვინც ან ხუთიანი შემოხაზა ან კიდევ ვისაც წითელი მაისური ეცვა წარწერით - მე მიყვარს საქართველო (?!).

"ნაციონალური მოძრაობის" მომხრეთა ნაწილი დიდი მონდომებით ლანძღავდა რეზო ჩხეიძეს - რუსეთი უყვარდაო. ჯერ იქნებ, იმაზე დაფიქრებულიყავით, თითოეულ თქვენგანს რა აქვს გაკეთებული ამ ქვეყნისთვის ბატონი რეზოს შემოქმედების ტოლფასი და მერე გაბედეთ და ილაპარაკეთ დიდ რეჟისორზე. თქვე კაი ხალხო, "ჯარისკაცის მამის" ან "ღიმილის ბიჭების" ყურებისას ერთი ცრემლი მაინც არასდროს ჩამოგვარდნიათ? ქართველობის გამო სიამაყე არ გიგრძვნიათ?! თუმცა თქვენმა ბელადმა არ შეიმჩნია მისი გარადაცვალება და თქვენ თავზე ხომ არ გადაახტებოდით...

პ.ს. თუ ექსპრეზიდენტის სამძიმარი გამომრჩა, მაშინ ყველა სიტყვა, რაც ზემოთ დავწერე, უკან მიმაქვს.