ნოდარ, მოიგონე რამე, თორემ დაგვენგრა ქვეყანა - ღია წერილი ფინანსთა მინისტრ ხადურს - კვირის პალიტრა

ნოდარ, მოიგონე რამე, თორემ დაგვენგრა ქვეყანა - ღია წერილი ფინანსთა მინისტრ ხადურს

ერთი ძველი ანეკდოტია, კაცი გვიან ღამით ნასვამი მივა ოჯახში, ყველგან პომადის კვალი ამჩნევია. ლაპარაკის თავიც კი არ აქვს ისეთი მთვრალია და ცოლი ეკითხება:

- სად დალიე - ქმარი ვერ პასუხობს

- ქალებში იყავი?! - ქმარი ისევ ვერ პასუხობს, კიდევ ბევრ კითხვას დასვამს ცოლი და ქმარი ისევ ჩუმადაა, მხოლოდ ბოლოს ამოიღებს ხმას და ცოლს ეტყვი - ქალო მოიგონე რამე მიზეზი თორემ დაგვენგრა ოჯახიო.

ბატონო ნოდარ, რაგვარი იუმორის გრძნობა გაქვთ არ ვიცი, არც ის ვიცი, ამ ანეგდოტზე გაგეცინებათ თუ არა, მაგრამ მინიშნება, იქნებ, გაიგოთ და რაღაც თქვათ, მოიგონოთ, (გააკეთოთო - ვერ ვამბობ, არ მაქვს მაგდენის იმედი) თორემ დაგვენგრა ქვეყანა. გამოდით, დაგვენახეთ და რაღაც თქვით, "9 წელი" და "ნაციონალები" მაინც, თორემ თუ სწორად ვხვდები, ვერაა კარგად საქმე, შეიძლება ვცდები და ლარისგან განსხვავებით მე ვერ ვარ ჯანმრთელად, არ ვიცი... ჰოდა, ეგ მაინც მითხარით...

საინტერესოა, კიდევ რამდენით უნდა გაუფასურდეს ეროვნული ვალუტა, რომ წასვლაზე იფიქროთ, მითხარით, რათა საოცნებო კურსისთვის ვილოცო. ამბობენ, თქვენზე მეტად ეროვნული ბანკია დამნაშავე იმაში რაც ჩვენ თავს ხდება, მაგრამ ეს ბანკი ამ შემადგენლობით ადრეც არსებობდა და არ იყო საქმე ასე ფარსაგად, თუ საქმე გამიზნულ პროვოკაციასთან გვაქვს საქმე, გამოიძიეთ საქმე და დასაჯეთ დამნაშავე, ხელფასს, რომელსაც იღებთ ჩემი ჯიბიდან გეძლევათ და კი ხართ ვალდებული მაცნობოთ, თუ რაში გიხდით ფულს და იმის ვალდებულებაც გაქვთ თუ ვინმე ქვეყნის ინტერესების საწინააღმდეგოდ მოქმედებს, გააჩეროთ მაინც, პასუხსგებაზე აღარაფერს ვიტყვი...

ბატონო ნოდარ, დილით რომ ვიღვიძებ სარკეზე უწინ ტელეფონში ვიხედები და დოლარის კურსს ვნახულობ (სხვათა შორის, მერე სარკეში რომ ვიხედები, იქ დანახულ სახეზე დიდ გავლენას ახდენს ეს კურსი) და დილიდანვე ცუდ ხასიათზე ვდგები. ცოლს, რომელსაც მეგობრებში თავი მოსწონდა, - ისეთი ქმარი მყავს არასოდეს იგინებაო, ამით ვეღარ იწონებს თავს და ამაში თქვენ მიგიძღვით ბრალი. კაი, ამ პრობლემას როგორმე ვუშველი, ან ტელეფონს დავამტვრევ და დოლარის კურსს ისეთ ადგილას ვნახავ, სადაც ჩემი მეუღლე არ იქნება ან კიდევ ენას მოვიჭრი ძირში, მაგრამ ჩემი ხელფასი თანდათან სასაცილო რომ ხდება, ცოლი კიდევ - უხასიათო, ამას რა ვუყო?!

პრემიერი კი უკბილოდ გაიმედებთ და ყველაფერს ჩვენს შეშფოთებას და აჟიოტაჟს აბრალებს, მაგრამ თქვენგან განსხვავებით მე მეტროთი ვმგზავრობ, რიგით ადამიანებს ვხვდები და ვხედავ, რომ ქვეყანაში მძიმე სურათია, ნოდარ ბატონო, ერთობ მძიმე. ამ წერილს ალბათ არ წაიკითხავთ, მაგრამ იმ დროს, რაც ამ წერილის კითხვისას უნდა დაგეხარჯათ, თუ იმაში გამოიყენებთ, რომ პუნქტის მეათედით მინც გაამყარებთ ამ ჩვენს ბედკრული ლარს, არ გავბრაზდები.

რატომღაც მგონია, თქვენც განიცდით რაც ხდება. არ ჩანხართ ბოროტი კაცი და მაგიტომ ვფიქრობ ასე. ჰოდა, გეხვეწებით რაღაც ქენით, აღარ მინდა ჩემმა შვილმა ისე ითამაშოს ლარით, როგორც მე ვერთობიდი ხოლმე კუპონით როცა მის ასაკში ვიყავი.

ბატონო ნოდარ, აქ ვასრულებ წერილის, იმედია, მეორედ აღარ მომიწევს ამ პათოსით რაიმეს დაწერა...

პ.ს. ხვალ დილას ისევ ტელეფონით დავიწყებ, ამიტომ წინასწარ გთხოვთ პატიებას იმისათვის რომ, რომ უსათუოდ გახსენებთ, იმედია ზეგიდან შეიცვლება რამე.

პატივისცემით, სურამელი