ქვეყანა სახელად "საგირჩეთი" - კვირის პალიტრა

ქვეყანა სახელად "საგირჩეთი"

მეტამორფოზა არაქართული სიტყვაა და "ნაციონალის" გირჩად გადაქცევას ნიშნავს, ამავე სიტყვას აქვს სხვა მნიშვნელობაც, მაგალითად, ქინძი - თანამედროვე ქართული პოლიტიკის ლექსიკონი.

ცოტა ხნის წინ ექსპრეზიდენტმა განაცხადა თუ ასე და ასე არ ვქნა, ქინძი ვიყოო, საზოგადოებას ეს ამბავი მონელებული არ ჰქონდა და ქართულ პოლიტიკურ ფლორას კიდევ ერთი სახეობა შეემატა - გირჩი, საინტერესოა ახლა რომელი კიდევ რა დგას რიგში, თუმცა ამაზე ცოტა მოგვიანებით...

მანადე კი გეტყვით, რომ თურმე სკანდინავიის ქვეყნებში საინფორმაციო გამოშვება ამინდის პროგნოზით იწყება, რა ქნან საწყლებმა იქ არც გოგი თოფაძე ჰყავთ, რომ ერთ დღეს პარლამენტიდან წავიდეს (საინტერესოა მის კაბინეტში დავანებული სტალინის აჩრდილი თუ გაიყოლა), არც "რუსთავი 2" აქვთ, რომ დაარსებიდან დღემდე ის არკვიონ ვინაა მეპატრონე და რაც მთავარია, არ ჰყავთ შალვა ნათელაშვილი, რომელიც თუ ოდესმე ხელისუფლებაში მოვიდა საკუთარ თავს ჩაუდგება ოპოზიციაში და ამხელს.

სხვათა შორის, საწყალ სკანდინავიაზე არც ისეთი ელჩი მსახურობს რომელიც დღეს და ღამეს ურევდეს ერთმანეთში. ჰო, საქართველოში აშშ-ს ელჩმა თქვა: სასამართლომ "რუსთავი 2"-თან დაკავშირებული გადაწყვეტილება შუაღამისას მიიღო", მაშინ როცა სასამართლო გადაწყვეტილება იუსტიციის სამინისტროში შევიდა 18:00 საათზე და დილით 09:20 საათზე რეგისტრაციაში გატარდა. პრინციპში არაფერია ამაში გასაკვირი, ამერიკის ელჩი დაახლოებით 2 თვეა რაც საქართველოშია და როგორც ჩანს, ადაპტაცია გაუჭირდა, ისევ ამერიკული დროით მოქმედებს...

"რუსთავი 2"-ის გარშემო ატეხილი ამბები ღმერთმა უწყის როდის ჩაცხრება, ნაწვიმარზე არ ამოდის იმდენი სოკო, რამდენი მეპატრონეებიც "რუსთავი 2"-ს გამოუჩნდა. ყოველ ცისმარე დღეს ახალი ვიღაც გამოთქვამს პრეტენზიას. ცოტაც და მეც ვიცდი ბედს, ვიტყვი, ჩემია, ჩემია-მეთქი.

გულწრფელად რომ გითხრათ, ბატონი გოგის პარლამენტიდან წასვლა იმაზე მეტად გამიკვრიდა ვიდრე ქრიშობელას გაუკვირდა ერთაოზისაგან ვალის დაბრუნება. წინა ხელისუფლებას წესად ჰქონდა, როდესაც რომელიმე პოლიტიკოსი თანამდებობას სტოვებდა, როგორც წესი სასწავლებლად უშვებდნენ ხოლმე, მეეჭვება ბატონი გოგი სასწავლებლად გაუშვან. როგორც ჩანს, ბატონ ბიძინას ქეიფისას ცოტა მეტი მოუვიდა, მერე ნაბახუსევზე ლუდი მოუნდა, თოფაძემ ეს რომ გაიგო ლუდი ჩემზეაო, ჰოდა, როგორც კი გასინჯა პირველმა მოქალაქემ ლუდი, გოგიმ მაშინვე პარლამეტი დატოვა. რას ვიზამთ ეგრეა ბუნების კანონი, ყველაფერი ჯაჭვურადაა ერთმანეთზე გადაბმული.

თოფაძის პარლამენტიდან წასვლა რომ გაუგია გრიშა ონიანს სულ კედლისათვის ურტყამს თავი, ძლივს ერთი სტალინელი იყო პარლამენტში და იმასაც უშვებთ, აბა, თქვენ ხალხი ხართო. ნუ, დარდობთ ბატონო გრიშა, დამერწმუნეთ არ ამბობენ თორემ გოგის აზრს ბევრი იზიარებს, შეხედეთ რა დღეშია ქვეყანა და მიხვდებით, რომ სიმართლეს ვამბობ.

ახლა კი კვლავ გირჩზე, ქართული პოლიტიკა ფრიად განებრივებულია ნაირ-ნაირი პარტიებით, მის წიაღში რა ჯურის და მოდგმის პარტია არ აღმოცენებულა, თუმცა პარტია სახელწოდებით, "გირჩი", ნამდვილად ნოვაციაა არამხოლოდ ქართულ, არამედ მსოფლიო პოლიტიკაში.

"გირჩის" ერთ-ერთი ნათლია პარტიის ლიდერი გოგა ხაჩიძეა, რომელმაც სახელი ასე ახსნა: "გირჩი განახლების სიმბოლოა, რომელსაც მრავალმხრივი განშტოება აქვს, მაგრამ ერთი ერთობლიობაა. ყველგან არის გირჩი - ქალაქშიც, სოფელშიც..." სამწუხაროდ, ბატონ გოგას აქაც დაავიწყდა საკუთარი დაბა, არადა სურამი მიაქვს გირჩებს, მაგრამ, როგორც ჩანს, მის ქვეცნობიერში დალექილი იყო ბავშვობის დროინდელი სურამის ტყე, ნაძვები, რამაც სწორედ პარტიის სახელში ჰპოვა ასახვა.

თუ "გირჩები" უმრავლესობით მოვლენ პარლამენტში, საკანონმდებლო ორგანოს ოთახების გარკვეული რაოდენობა შეგვიძლია ბავშვთა და მოზარდთა სასუნთქი ორგანოეობის სარეაბილიტაციო ცენტრს დავუთმოთ, რადგან ნაძვის მტვერი იდეალურია სასუნთქი გზებისათვის. პარლამენტის მიდებარე ტერიტორიაზე დაარსდება ციყვების კონტროლის ცენტრი რადგან სადაც გირჩია, იქ ციყვიც ჩნდება.

წინა საარჩევნოდ ძალიან საინტერესო სლოგანები ექნებათ "გირჩებს" ასე მაგალითად: - გაწიწვიანდით ყველა ახლად შექმნილ პარტიაში!

ეჰ, ისე აირია ქართული პოლიტიკური სივრცე, ვეღარ გაიგებ ვისი გირჩი ვის ნაძვზეა.

პ.ს. რაღა დავმალო და პირველად გავიგე ქინძის თესლით თუ გირჩის მოყვანა შეიძლებოდა.