"რამე ისეთი წიგნი არ გაქვთ, კაი ტიპები რომ ყიდულობენ?" - წიგნის მაღაზიაში დასმული კითხვები - კვირის პალიტრა

"რამე ისეთი წიგნი არ გაქვთ, კაი ტიპები რომ ყიდულობენ?" - წიგნის მაღაზიაში დასმული კითხვები

ჟურნალისტობის პარალელურად, 4 წელი წიგნის მაღაზიათა ქსელ "ბიბლუსში" კონსულტანტად ვმუშაობდი. მართლაც ბრწყინვალე პერიოდი იყო. ყოველდღიურად უამრავი საინტერესო ადამიანი შემოდიოდა, ვისგანაც ძალიან ბევრ რამეს ვსწავლობდი, თუმცა ხშირად ისეთი კლიენტებიც გვსტუმრობდნენ, რომელთა კითხვების გახსენება ღიმილის გარეშე რთულია.

გადავწყვიტე ჩემ ბლოგში თქვენთვისაც გამეზარებინა წიგნის მაღაზიაში დასმული კითხვები, რომელიც აუცილებლად გაგამხიარულებთ, მაშ, ასე: კლიენტი მაღაზიაში შემოდის და იწყება:

• რკინის ხერხის პირები გაქვთ?

• მარკესის "მარტოობის რამდენიღაცა წელი" რა ღირს?

• ქალის ჰიგიენური საფენები თუ გაქვთ? - არაა ? - აბა რა გაქვთ?! (გაბრაზებული სახე)

• კალამი მინდა მეორე კლასელისათვის.

• მეექვსე კლასის საქართველოს რუკა გაქვთ?

• წითელ ფერს რომ ეხამებოდეს, ეგეთი წიგნი გაქვთ რამე? (როგორც აღმოჩნდა წითელი შპალერი ჰქონია ოთახში გაკრული)

• რომ არ მომეწონოს, დაიბრუნებთ?

• სარამაგუს "იესოს სახარება" გაქვთ?- მამაოს მინდა ვაჩუქო.

• "მგლების" სხვა რამე გაქვთ? (გოჩა მანველიძეს გულისხმობდა)

• მეგობარ ქალს უნდა ვაჩუქო წიგნი, ოღონდ რამე ისეთი გაქვთ, ჩემმა ცოლმა რომ არ იეჭვიანოს?

• დოსტოევსკის "დეგენერატი" გაქვთ?

კოელიოს გამონათქვამების კრებული გაქვთ?

• - ქართული ხალხური ზღაპრების მინდა, სადაც "შვლის ნუკრის ნაამბობი" შედის.

- იცით ქალბატონო ეგ ვაჟა ფშაველას ნაწარმოებია - ვუთხარი და ვაჟა ფშაველას კრებული შევთავაზე

- კარგით მომეცით - გადახედა წიგნს და გაბრაზებულმა გააგრძელა - ეს არ მომწონს, აქ ქართულ ხალხური ზღაპრები რატომ არ შედის?!

• "ტომ სოიერი მინდა", ოღონდა მარკ ტვენიას არა!

• რამე ისეთი წიგნი მინდა, კაი ტიპები რომ ყიდულობენ.

• კარლსონის "პეპი გრძელწინდა" გაქვთ?

• ძმები კარამაზოვების რა გაქვთ?

• - წიგნების გარდა რა გაქვთ?

- საკანცელარიო პროდუქცია.

- ააა, კანცელარიიდან, ანუ ღარიბაშვილის ბიზნესია?!

• არ გრცხვენიათ ამ სიბინძურეს რომ ჰყიდით?! ( გულისხმობდა ფუნაგორიებს)

• - მეექვსე კლასის მათემატიკის წიგნი გაქვთ?

- სამწუხაროდ მხოლოდ მეხუთე კლასის გვაქვს.

- ეგ არ წავა?!

• ფოტოებს არ ბეჭდავთ? არც ქსეროქსი გაქვთ?

• ჩასაცმელზე როა, აი, ყველა რომ ყიდულობს არ გაქვთ? -(გულისხმობდა გურამ დოჩანშვილის "სამოსელი პირველს")

• "სამოსელი პირველი" წავიკითხე, ძალიან მომეწონა და თუ იცით, "სამოსელი მეორე" მალე გამოვა?

• "პრარაბზე" როა ის წიგნი დამავალა შვილმა. ( როგორც აღმოჩნდა, კონსტანტინე გამსახურდიას "დიდოსტატის მარჯვენას" გულისხმობდა).

ეს მხოლოდ მცირე ჩამანათვლია იმ კითხვებისა, რაც პირადად მომისმენია, თუმცა მთავარი მაინც ისაა, რომ ხალხი წიგნის მაღაზიაში დადის...