"გიხაროდენ, გიხაროდენ"! - "ანჟელიკა და პრეზიდენტი", "ანჟელიკა და მსოფლიო ჩემპიონი" და ახლა უკვე "ანაჟელიკა და ჟოფრეი..." - კვირის პალიტრა

"გიხაროდენ, გიხაროდენ"! - "ანჟელიკა და პრეზიდენტი", "ანჟელიკა და მსოფლიო ჩემპიონი" და ახლა უკვე "ანაჟელიკა და ჟოფრეი..."

რომანი "ანჟელიკა, ანგელოზების მარკიზა" 1956 წელს გამოვიდა და ეს ისტორიულ - ავანტურისტული რომანი, როგორც მას იმჟამად მოიხსენიებდნენ, ისეთი პოპულარული გახდა, რომ ცოლ-ქმარმა ანა და სერჟ გოლონებმა ამის შემდეგ დაწერეს: "ანჟელიკა და მეფე", "მოუხელთებელი ანჟელიკა", "ანჟელიკა და სულთანი" და "ანჟელიკას ტრიუმფი", რომლებიც წარმატებით გააცოცხლეს კინოეკრანზე.

რომანებზე მეტად ჩვენში განსაკუთრებული პოპულარობა სწორედ ამ წიგნების მიხედვით გადაღებულმა ფილმების სერიამ მოიპოვა, რომელშიც ფრანგ გოგონა ანჟელიკას მიშელ მერსიე თამაშობდა, მისი ცხოვრების მთავარ მამაკაცს, ჟოფრეის კი - რობერ ოსეინი.

მოკლედ, ქართული პოლიტიკა ხომ დაუსრულებელ საპნის ოპერას ჰგავს - სუპერგმირებიც გვყავს, სამყაროს გადარჩენას რომ იქადნებიან, გამწარებული რძლებიც, კაპასი დედამთილებიც, "მაფიის ნათლიებიც" და ა.შ. სრულად ვინ მოთვლის ამ პერსონაჟთა დაუვიწყარ სახეებს...

უკვე კარგა ხანია, პოლიტიკურ ასპარეზზე ჟოფრეიც გამოჩნდა, რომელიც მართლაც რომ რაღაც საოცარი ალქიმიით იქცა, ქართული პოლიტიკის ვარსკვლავად. თამაზ მეჭიაური ახლა უკვე მარტო აღარ არის და მისი პოლიტიკური პარტნიორი, ფაქტობრივად, მართლაც "ანგელოზების მარკიზა", თავად ლალი მაროშკინაა...

გიხაროდენ"! ჩვენი ბედკრული პოლიტიკის სერიალი კი წარმატებით გრძელდება, რომლის ცალკეული სერიები ასეც შეგვიძლია დავასათაუროთ:

"ანჟელიკა და პრეზიდენტი", "ანჟელიკა და მსოფლიო ჩემპიონი" და ახლა უკვე "ანჟელიკა და ჟოფრეი..." რა ვიცი, შესაძლოა, ვინმემ "ანჟელიკა და ჩანგალი" მოისაკლისოს და ჰა, დავწერ მაინც...

მოკლედ, ხუმრობა იქით იყოს და დეპუტატმა თამაზ მეჭიაურმა ახალი პარტია კომპოზიტორ ჯემალ სეფიაშვილთან და დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის ყოფილ მოადგილე სანდრო ბრეგაძესთან ერთად შექმნა, ამავე პარტიის წევრი იქნება ლალი მაროშკინაც, რომელიც ამტკიცებს, რომ მომავალ არჩევნებში მათი პარტია აუცილებლად მეორე ადგილს დაიკავებს და რატომ პირველს არა, ვითომ?!

მოკლედ მეჭიაურს ახლა უკვე თვითონ დასჭირდება ალქიმიის გამოყენება, რომ ეს ახალი პარტია-საუნჯე აქციოს ბაჯაღლო ოქროდ და მომავალი არჩევნების შედეგად გააბრწყინოს საქართველო!

უი, კინაღამ დამავიწყდა, პარტიის სახელია "თამაზ მეჭიაური - ერთიანი საქართველოსთვის". ე.ი. "საქართველოსთვის" ის სიტყვაა, რომელიც პარტიის შექმნისთვის აუცილებელი ელემენტია, მთავარია მას წინ ან უკან ამოვაფაროთ სხვა სიტყვა ან სიტყვები და ეგაა, პარტია მზადაა.

ისე, როგორც "კარტოჟნიკები" იტყვიან, ისეთი "რასკლადია", რომ ამას ლევან ვასაძე ზედ დააკვდებოდა, აკი, შესთავაზა კიდეც დიდმა ჟოფრეიმ დიდ რაინდს თანამშრომლობა, თუმცა ჯერ პასუხი არ ისმის...

მე ახლა ყველაზე მეტად ახალ სიმღერა - ჰიმნს, მეორე "გიხაროდენს" ველოდები ახლად გამპოლიტიკოსებული და მართლაც საყვარელი კომპოზიტორისგან. ბატონო, ჯემალ, გვითხარით, რა შეიძლება გვიხაროდეს... და აგერ ვართ ჩვენ და აგერაა გერმანია, ვატყობ, საქმე ისე მიდის, რომ ამ გერმანიის გადამკიდე საქართველო, თქვენი პარტიის მეცადინეობით, შეიძლება ისევ რუსეთს ჩაახუტონ... აქ სანდრო კარიძე გამახსენდა "დათა თუთაშხიადან": "ვაი, საცოდაო საქართველო, საით მიდიხარ"?!

არადა, პარტიის ლიდერები ხაზგასმით აღნიშნავენ, რომ მათი პლატფორმა ეროვნულია და ისინი არავითარ შემთხვევაში არ გადაუხვევენ ეროვნულ კურს, თუმცა მათთვის (ყოველ შემთხვევაში პარტიის ლიდერისათვის) NATO დამღუპველია...

ოქტომბრის არჩევნებამდე დიდი დროა, ქართველებს პარტიების შექმნა  სპორტის ეროვნულ სახეობად გვექცა, მგონია, ჰოდა, ვქმნით და ვქმნით... ასე რომ, არაა გამორიცხული კიდევ გაჩნდნენ ახალი პარტიები, თან ზაფხულიც რა უცნაური გვაქვს: წვიმა-მზე, წვიმა-მზე, სოკოსაც მეტი კი არაფერი უნდა...