"MARGVELA PRODUCTION" წარმოგიდგენთ: ჩემი სიძის ძმაკაცები - კვირის პალიტრა

"MARGVELA PRODUCTION" წარმოგიდგენთ: ჩემი სიძის ძმაკაცები

"ჩემი სიძის ძმაკაცები" - ფილმი მელოდრამაა, მცირედ თრილერის ელემენტებით, დასაწყისში - ყველას უხარია, მთავარი გმირის პრეზიდენტობა, განსაკუთრებით ერთი კაცი აქტიურობს, მერე ეს კაცი ბრაზდება პრეზიდენტზე (სხვათა შორის ეს კაცია რეჟისორიც) და მისი მიბაძვით მომენტალურად ბრაზდებიან დანარჩენებიც.

ამასობაში პრეზიდენტი მართავს შეხვედრებს, მიღებებს და ა.შ. ამ ყველაფრის პარალელურად, კადრებში დრო და დრო ჩნდება თუ როგორ უმხელს უახლოეს ადამიანებს საკუთარ ხვაშიადს, ერთ დღესაც, მაშინ როცა ბავშვები საბავშვო მოედანზე დარბიან, ხალხი ბედნიერი სახით დადის, კადრში პრეზიდენტი ჩნდება და ამბობს - ჩემი ოჯახის წევრზე ხდება ზეწოლაო. სწორედ აქ შემოდიან კადრში პრეზიდენტის სიძე და მისი ძმაკაცები... მერე რა მოხდა უჩემოდაც მოგეხსენებათ.

პრეზიდენტის არათუ ნათესაობა, თავად პრეზიდენტობაც რომ არ არის იმუნიტეტი, ეს ყველა ქვეყანაში იციან (სად როგორ ასრულებენ ეს სხვა თემაა), თუმცა როცა პრეზიდენტის ოჯახის წევრზე, მისი მეუღლის ქალიშვილის არარეგისტრირებულ მეუღლეზე პოლიციელი ახდენს ზეწოლას (ეს პრეზიდენტის განცხადებაა და გამოძიება დაადგენს მართლა იყო თუ არა), ის სიუჟეტია, რომელსაც ნებისმიერი ცირკის დასი სიამოვნებით შეიტანდა თავის რეპერტუარში.

დავუშვათ იყო ზეწოლა, ამხელა პრეზიდენტი კაცი მედიას და საზოგადოებას რომ შესჩივის ამაზე და მანამდე თვითონ ვერ ახერხებს ამის პრევენციას ან შემდგომ რეაგირებას, ეს ხომ ერთდროულად სასაცილოც და სატირალიც, მაგრამ თუ ვინმე პრეზიდენტზე მართლაც ბედავს ზეწოლას, ჩვენ უბრალო მოკვდავებმა რაღა ჯანდაბა უნდა ვქნათ, მე ვინ დამიცავს, მე?!

"მოკლე კაბა რომ ჩაგიცვამს, მოუმატე სიგრძესაო"

ვიდრე პრეზიდენტი იტყოდა ჩემზე ზეწოლააო, მანამდე ოლიმპიურმა კომიტეტმა მოახდინა სრულიად საქართველოზე ფსიქოლოგიური ზეწოლა, როდესაც ქართველი ოლიმპიელების სამოსი წარადგინა. სხვათა შორის ამ სამოსით უნდა დაესწრნენ ოლიმპიადის გახსნას პრეზიდენტი და მისი მეუღლე... აქაც თქვენ "გაგწირეს", პრეზიდენტო. ბრაზილიურ სიცხეში (მიუხედავად ზამთრისა იქ მაინც ხვატია. ამას იმიტომ ვუსვამ ხაზს, რომ ერთ-ერთმა "ფორმადმცველმა" ისიც თქვა, - ბრაზილიაში ახლა ზამთარიაო), ქართველ ოლიმპიელებთან ერთად თქვენც ამოხუთვა მოგიწევთ. მაგრამ თქვენ ხომ ის პრეზიდენტი ხართ, მარტო თქვენი სიძის ძმაკაცების გამო კი არა, ნებისმიერი მოქალაქის გამო რომ დაიტანჯებით...

ისე, კარგიც კია ალბათ, ჩვენი ოლიმპიელი ქალბატონები კოჭებამდე კაბებში რომ გამოაწყვეს, კიდევ კარგი, თორემ გურამ ფალავანდიშვილს ვინ გადაურჩებოდა. მოკლე კაბა გარყვნილება და ცოდვააო, - ბრძანა, მას მერე "კაბათმცოდნედ" წოდებულმა გურამმა, მაგის ნება რომ იყოს, ამ ლამაზ საქართველოში ისეთ ამბებს დაატრიალებდა... და კიდევ ერთხელ და მარად კიდევ კარგი, რომ მაგის ნება არ არის და იმედია, არც არასდროს იქნება...

ყველაზე გულდასაწყვეტი ისაა, რომ განვითარებული მსოფლიო იმაზეა გადასული როგორ გამოიკვლიოს მზის სისტემა, როგორ დანერგოს განახლებადი ელექტრმატარებლები და სხვ. ჩვენ კი იმაზე ვდაობთ მოკლე კაბა სილამაზეა თუ გარყვნილება, იმედია, როცა "ნასა" მარსზე კოსმონავტს დასვამს (რომლის გაგზავნა უკვე დაანონსეს), მანამდე ამ საჭირბოროტო საკითხს როგორმე გადავწყვეტთ.

სუს-ი თუ არასამთავრობო ორგანიზაცია?!

საოკუპაციო ძალების მიერ ერთ-ერთი მოქალაქის ცემას გამოეხმაურა სუს-ი და დაგმო. არადა, სუს-ი ის ორგანოა, რომელიც ჩვენს უსაფრთოხებას იცავს და მათი მხრიდან ფაქტის დაგმობა, რბილად რომ ვთქვათ, სამარცხვინოა. დაგმობა არასამთავრობოს უფრო შვენის, ხოლო სუს-მა უნდა იმოქმედოს... როგორ? - რა გითხრათ, აბა, როცა ეგ სუს - მაც არ იცის...

იხილეთ ასევე: "უკვე წლებია ვითხოვ გოგოჭურის დაკავებას" - რამდენჯერ და რა ბრალდებებით იყო დაკავებული პრეზიდენტის სიძე?