სტალინთან გაარკვიე, ჩურკინ... - კვირის პალიტრა

სტალინთან გაარკვიე, ჩურკინ...

ვკითხულობ ახალ ამბავს, გაეროში რუსეთის მუდმივი წარმომადგენელი ვიტალი ჩურკინი გარდაიცვალა და ისე, რომ დაფიქრებასაც ვერ ვასწრებ, თავში ერთადერთი აზრი მომდის, ძაღლი მიაკვდა სულში! თუმცა მაშინვე მახსენდება, ჩვენი წინაპრების ნათქვამი, რომ გარდაცვლილზე ან კარგს ამბობენ, ან არაფერს, მაგრამ მაინც სულ არ მრცხვენია...

2008 წელი, აგვისტო, ომი რუსეთთან და დაპირისპირების კიდევ ერთ კერად ქცეული გაეროს ტრიბუნა, სადაც ჩურკინი უსინდისო ტყუილებით ცდილობს მსოფლიოს შეცდომაში შეყვანას, მისი უარგუმენტო, სიცრუით სავსე განცხადებები დღესაც მახსოვს და ჯავრისგან ლამის გული გამისკდეს... მისი მოწინააღმდეგე ირაკლი ალასანიაა, ვწუხვარ, რომ უკვე პოლიტიკიდან წასული, რომელიც ჩურკინის ყველა ტყუილს საკადრის პასუხს სცემდა, თუმცა, ფაქტია ის უნამუსოდ ტყუოდა და არა მხოლოდ რუსეთ-საქართველოს ომისას...

ეს ის ჩურკინი იყო, რომელიც სულ ცოტა ხნის წინ სირიაში მიმდინარე მოვლენებზე ამბობდა: "სირიაში, ბავშვებს მტვერს აყრიან, რომ დაბომბვის მსხვერპლებად გაასაღონო".

ისევ 2008 წლის აგვისტოს მოვლენებს დავუბრუნდეთ, საქართველოს მსოფლიოს წინაშე დასწამა ცილი, თითქოს 2000 ოსი ქალი და ბავშვი დავხოცეთ. ამას ამბობდა დიპლომატი, რომლის მოვალეობაც მოვლენის სწორად შეფასებაა და გამწვავებული კონფლიქტის მშვიდობიანად მოგვარებაა, ის კი ისე ურცხვად ტყუოდა როგორც მთელი რუსული პოლიტიკური ისტებლიშმენტი.

მან ისიც კი იკადრა, რომ ეთქვა, რომ თურმე ცხინვალი საქართველოს არასდროს ეკუთვნოდა და ის საქართველოს სტალინმა შეუერთა, როგორც "ფეისბუკის" ერთ-ერთმა წარმომადგენელმა დაწერა. ახლა არკვიოს სტალინთან ეს საკითხი...

რაოდენ გასაოცარიც არ უნდა იყოს, ჩურკინზე უარსებიც არიან, პუტინის, ლავროვის და მედვედევის გარდა სხვებიც, კიდევ უფრო გასაოცარი ისაა, რომ ის უარესები, საქართველოს მოქალაქეები არიან. ეს ხალხი ისე დარდობს ჩურკინის სიკვდილს, თითქოს 1907 წელი იყოს და წიწამურთან ილია მოეკლათ. თუმცა სწორედ მათნაირებმა მოკლეს ილია...

მათნაირებმა, ვინც დღეს ბედავს საზოგადოების ჯანსაღი ნაწილის რეაქციაზე: ძაღლი მიკვდა სულში ჩურკინს, დაწეროს, რომ თურმე ეს მგლის სიკვდილით გახარებული თხის სინდრომია და სამგლეთი არ დაქცეულა... დაიქცევა როცა იქნება!

იმედია, ოდესმე მოვა დრო, როცა მტრის სიკვდილზე მოდარდე ხალხი, ამის საჯაროდ აღიარებას მოერიდება, არა იმიტომ, რომ შერცხვებათ (უსინდისოს არასოდეს რცხვენია არაფრის), არამედ იმიტომ, რომ შეეშინდება, შეეშინდება საზოგადოებისგან გარიყვის, იმ საზოგადოებიდან, რომელმაც იცის მტრის სწორად შეფასება და ამ მტრის შემფასებელი მოღალატისთვის საკადრისი ადგილის მიჩენა.

დარწმუნებული ვარ, ჩურკინის ადგილზე, სხვა ჩურკინი იქნება, რომელიც მხოლოდ ჰაბიტუსით იქნება განსხვავებული, რადგან "მეორე რუსეთი" ჩემთვის დიდი ხანია აღარ არსებობს (სიმართლე რომ ვთქვა არც არსებობდა), ყველა "პირველი რუსეთის" შვილები არიან, სადაც გონვრული აზრი დიდი ხანია მოკვდა (საერთოდ არსებობდა ოდესმე?!).

პ.ს. მალე პუტინსაც წაეღოს წერილი სტალინთან...