რატომ მოგვთხოვდა რუსეთი რაგბის, უკრაინა სააკაშვილის "ნაცმოძრაობის", კანადა კი "ფოთოლა მზეჭაბუკის" აკრძალვას?! - კვირის პალიტრა

რატომ მოგვთხოვდა რუსეთი რაგბის, უკრაინა სააკაშვილის "ნაცმოძრაობის", კანადა კი "ფოთოლა მზეჭაბუკის" აკრძალვას?!

"ქართული ოცნების" ექვსი დეპუტატის მიერ მომზადებული კანონპროექტის განხილვა, რომელიც დიდგორის ბრძოლის დღის, 12 აგვისტოს დიდი გამარჯვების და უქმედ გამოცხადებას გულისხმობს, შესაძლოა შეჩერდეს. მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, პროექტის კორექტირება თურქულმა მხარემ მოითხოვა, რადგან ამ დღის "დიდ გამარჯვებად" გამოცხადება, თურქებს შეურაცხყოფს. იმედია, თურქების მოთხოვნა, მოთხოვნად დარჩება, მანამდე კი განვიხილოთ ვარიანტები, რომელი ქვეყანა რის აკრძალვას მოგვთხოვდა.

გერმანია - მოგვთხოვდა აღარ გვეზეიმა 9 მაისი, რადგან ამით ჰიტლერის წმინდა სულს შეურაცხყოფას ვაყენებთ. სხვათა შორის, მოგვთხოვენ მხოლოდ ჩვენ, თორემ რუსეთთან მოთხოვნების თავი სად აქვთ.

ინგლისი - მოითხოვდა ფეხბურთის თამაშს შევეშვათ ან სხვა სახელი დაარქვით, თორემ ეგ ის არაა, რაც ჩვენ გამოვიგონეთო.

ბულგარეთი - ბულგარული წიწაკის გამოყენებას. ისე უაზროდ იყენებთ ყველა საჭმელში, რომ ჩვენებურ წიწაკას ფასი ეკარგებაო.

კანადა - სპორტის სასახლის წინ მდგარი მზეჭაბუკის ქანდაკების აღებას, რადგან ქანდაკებაზე არსებული ფოთოლი ისე ცუდ ადგილასაა, ჩვენ სიმბოლოებს ეგ არ ეკადრებაო.

სომხეთი - ტოლმას აგვიკრძალავდა. ნახევარფაბრიკატებად რომ ყიდით, ღმერთმა უწყის ფარშის ნაცვლად რას დებთ შიგნით და ეგრე სადაა, ჩვენ ეროვნულ კერძს რომ ასეთ დღეში აგდებთო.

ბრაზილია - ინდურ და თურქულ სერიალებს აგვიკრძალავდა. პატივი გეცით, განახეთ რა არის სერიალი და თქვენ კიდევ რაღაც საშინელებებს უყურებთ და არ ხართ ღირსებიო.

რუსეთი - პირველ რიგში რაგბის აკრძალვას მოითხოვდა, მაგას ისე იყენებთ, როგორც გაეროს მიერ აკრძალულ მომაკვდინებელ იარაღსო და მერე უკვე მთელი ქვეყნის აკრძალვას მოგვთხოვდა, საქართველოს არსებობა ძალიან გვაღიზიანებსო.

აშშ - კონსტიტუციის აკრძალვას მოგვთხოვდა. თქვენ ისეთ დღეში აგდებთ კონსტიტუციას, რომ ჩვენ, როგორც მსოფლიოში ამჟამად მოქმედი ყველაზე ძველი კონსტიტუციის ქვეყანა, ძალიან შეურაცხყოფილად ვგრძნობთ თავსო.

უკრაინა - "ნაციონალური მოძრაობის" აკრძალვას მოითხოვდა. იქნებ, პარტია რომ აღარ ეყოლება, მერე მაინც შეგვეშვას სააკაშვილი, თორემ სხვანაირად ვერ მოვიშორეთო.

იტალია - ორივე გიორგობის აკრძალვას დაგვაძალებდა. წმინდა გიორგის ისტორიაში, რომის იმპერატორი დიოკლიტიანე ცუდადაა გამოყვანილი და ამის გამო თავს დიდად დაჩაგრულად ვგრძნობთო.

საფრანგეთი - ე.წ. ტუალეტის წყლის გაყიდვიდან ამოღებას ან სუნამოს მაღაზიის კონსულტანტებისთვის, აკრძალვას გამოთქმაზე - ნამდვილი ფრანგული სუნამოა.

ეს მხოლოდ მცირე ჩამონათვალია იმ ქვეყნების, რომლებიც რამის აკრძალვას მოითხოვნენ. იმედია სახელმწიფო თავის პოზიციას დაიცავს და მოიქცევა ისე, როგორც ნამდვილი, 21-ე საუკუნის ქვეყანა და სხვათა შეურაცხყოფის გამო, საკუთარ ისტორიაზე უარის თქმა არ მოგვიწევს.

პ.ს. ისე, თუ დიდგორობა თურქებს შეურაცხყოფთ, მაშინ გადაგვიხადონ იმის კომპენსაცია, რა ზარალიც ოსმალთა იმპერიამ საქართველოს მიაყენა.

ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ბლოგერს, რომელსაც შესაძლოა რედაქცია არ ეთნხმებოდეს