ქართველი ახალგაზრდების უნიკალური გამოგონება - ხელთათმანი, რომელიც ვირტუალური სამყაროს სრულფასოვან წევრად გაქცევს - კვირის პალიტრა

ქართველი ახალგაზრდების უნიკალური გამოგონება - ხელთათმანი, რომელიც ვირტუალური სამყაროს სრულფასოვან წევრად გაქცევს

"ხელთათმნის გამოყენება შეიძლება სამხედრო სფეროში, რობოტიკაში და მედიცინაშიც. დღეს ექიმებს შეუძლიათ ჩაატარონ ერთი ქვეყნიდან მეორე ქვეყანაში ოპერაცია სპეციალური ,,ჯოისტიკების" საშუალებით, მაგრამ არ შეუძლიათ დისტანციურად იგრძნონ სხეულის ტემპერატურა და სიმკვრივე, რაც მნიშვნელოვანია მათთვის. ჩვენი ხელთათმნის მეშვეობით კი მათ ეს შეეძლებათ".

სამი წლის წინ თბილისში, თავისუფალ უნივერსიტეტში გამართულ პირველ ჰაკათონზე სამმა ახალგაზრდამ წარადგინა "ჯადოსნური ხელთათმანი", სახელად "ინგლავი" (InGlove), რითიც უშუალოდ დაუკავშირდა ვირტუალურ სამყაროს. ვინ არიან ეს ახალგაზრდები, როგორ შეაღწიეს ვირტუალურ სამყაროში და რა შეუძლია მათ ხელთათმანს? - ერთ-ერთი გამომგონებელთან - თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიზიკის მიმართულების მეორე კურსის სტუდენტი გიორგი მეშველიანთან ინტერვიუს ჟურნალი "გზა" 31 მარტის ნომერში აქვეყნებს, რომლიდანაც ამონარიდებს გთავაზობთ.

გიორგი მეშველიანი:

- გუნდში 3 ადამიანი ვართ. ინტერაქტიული ხელთათმნის იდეა ჯერ კიდევ სკოლის პერიოდში ერთ-ერთს - დიმიტრი ცხოვრებაძეს გაუჩნდა და იმ მეგობრებს გაგვიზიარა, ვინც მსგავსი პროექტებით ვიყავით დაინტერესებულნი. დიმიტრიც ჩემსავით კომაროველია და სექტემბრიდან მასაჩუსეტსის ტექნოლოგიურ ინსტიტუტში გააგრძელებს სწავლას. ჩვენი ტექნიკური ლიდერი არის გიორგი გაბარაშვილი, აგრარული უნივერსიტეტის სტუდენტი და თვითნასწავლი პროფესიონალი ელექტროინჟინერი.

ჩვენი გამოგონების საშუალებით ადამიანებს შეუძლიათ, შეეხონ და იგრძნონ ვირტუალურ სამყაროში არსებული ობიექტები. ხელთათმანის თითებში დამონტაჟებულია ვიბრაციის ძრავები და კომპიუტერიდან წამოსული სხვადასხვა სიხშირის სიგნალი იმ ძრავას ამუშავებს, რა თითითაც ეხები ობიექტს, ნივთს სამგანზომილებიან სამყაროში. სხვადასხვა სიმყარის მატერიისთვის ვიბრაციის სიხშირეც განსხვავებულია. გარდა ამისა, ჩაყენებული გვაქვს ტემპერატურის უკუკავშირი, რისი საშუალებითაც სხვადასხვა ტემპერატურის ვირტუალური ობიექტების ტემპერატურას შევიგრძნობთ, ანუ ხელთათმანი გიკეთია ხელზე და როდესაც რაიმეს ეხები, ნამდვილი ხელიც გრძნობს.

...

- რამდენად უსაფრთხოა ხელთათმანი ადამიანისთვის, ვინც მას მოიხმარს ან, თუ ის სახიფათოა, როგორ შეიძლება დაზიანების თავიდან აცილება?

- დაზიანება გამორიცხულია იქიდან გამომდინარე, ხელი რომ არ დაგეწვას ან გაგეყინოს, ხელთათმანზე სპეციალური ლიმიტი ანუ ზღვარი გვაქვს დაწესებული. ლიმიტის გარეშე დაზიანება შესაძლებელია.

...

- გარდა კომპიუტერული თამაშების ვირტუალურ სამყაროსთან "ხელის ჩამორთმევისა", რას ფიქრობთ, სად და როგორ შეიძლება ინტერაქტიული ხელთათმანის გამოყენება?

- ძირითადი მიმართულება მაინც თამაშებია. მაგრამ ხელთათმნის გამოყენება შეიძლება სამხედრო სფეროში, რობოტიკაში და მედიცინაშიც. დღეს ექიმებს შეუძლიათ ჩაატარონ ერთი ქვეყნიდან მეორე ქვეყანაში ოპერაცია სპეციალური ,,ჯოისტიკების" საშუალებით, მაგრამ არ შეუძლიათ დისტანციურად იგრძნონ სხეულის ტემპერატურა და სიმკვრივე, რაც მნიშვნელოვანია მათთვის. ჩვენი ხელთათმნის მეშვეობით კი მათ ეს შეეძლებათ.

გამოგონება განვითარებადია და მომავალში ადამიანებს შეეძლებათ, ჩაიცვან მთლიანი ინტერაქტიული კოსტიუმი და მთელი სხეულით გახდნენ ვირტუალური სამყაროს ნაწილი. ოკულუსის საშუალებით ადამიანებს შეუძლიათ ჩაიხედონ ვირტუალურ სამყაროში. დღეს ინტერნეტით შეგვიძლია დავუკავშირდეთ ერთმანეთს, შევხედოთ, მოვუსმინოთ, მაგრამ არ შეგვიძლია, შევეხოთ ერთმანეთს. მომავალში ეს აუცილებლად შეგვეძლება. წარმოიდგინეთ, თქვენი მონატრებული მეგობარი მსოფლიოს მეორე ნახევარსფეროშია და გადატვირთული რეჟიმის გამო ერთმანეთის ნახვას ვერ ახერხებთ. ჩვენი მომავლის ტექნოლოგია ადამიანებს ამის შესაძლებლობას აუცილებლად მისცემს.

რატომ გამოაგდეს დღეს უკვე წარმატებული გამომგონებელი ერთ-ერთი საჯარო სკოლიდან, ვინ არის დაინტერესებული მათი გამოგონებით და კიდევ რა ტექნოლოგიურ სიახლეებზე მუშაობენ ნიჭიერი ახლაგზარდები ? - სტატია სრულად წაიკითხეთ ჟურნალ "გზის" 31 მარტის ნომერში