"მზის სოფლები" - რატომ არ იყენებს საქართველო მზის ენერგიის დიდ რესურსს, რაც ელექტროენერგიის საფასურს სამჯერ გააიაფებს?! - კვირის პალიტრა

"მზის სოფლები" - რატომ არ იყენებს საქართველო მზის ენერგიის დიდ რესურსს, რაც ელექტროენერგიის საფასურს სამჯერ გააიაფებს?!

"დღეისათვის საქართველოს 70-ზე მეტ მაღალმთიან სოფელში 200-ზე მეტი მზის ფოტოელექტრული სისტემა დავამონტაჟეთ"

"მაცხოვრებელს არ უწევს ყოველთვიური გადასახადის გადახდა ელექტროენერგიაზე"

"მაღალმთიანი სოფლების მოსახლეობა ცხელი წყლისთვის მზის ენერგიის გამოყენებას მასიურად ითხოვს"

ჰიდროენერგეტიკული პოტენციალის გარდა, საქართველოს საკმაოდ მნიშვნელოვანი ალტერნატიული ენერგიის რესურსი აქვს. 21-ე საუკუნეში წამყვანი ქვეყნებისთვის ალტერნატიული ენერგია თანდათან ანაცვლებს "ტრადიციულს", ჩვენთან კი, რეალურად, ამ მიმართულებით მხოლოდ პირველი ნაბიჯები იდგმება.

საქართველოს გეოგრაფიული მდებარეობის გათვალისწინებით, მზის ეფექტური და ხანგრძლივი გამოსხივება საკმაოდ მაღალია. საქართველოს უმეტეს რაიონებში მზის ნათების წლიური ხანგრძლივობა 250-დან 280 დღემდე მერყეობს, რაც, წელიწადში დღის ხანგრძლივობის მიხედვით, დაახლოებით, 1 900-2 200 საათს შეადგენს.

"საქართველო მზის ქვეყანაა. აქ ერთ კვადრატულ მეტრ ფართზე დღიურად 4 კილოვატ საათი ენერგია მოდის, რაც საშუალო ევროპულ მაჩვენებელზე გაცილებით მაღალია. ეს ჩვენი სიმდიდრეა და შეუძლებელია არ გამოვიყენოთ",- გვეუბნება დოქტორი საინჟინრო ფიზიკის დარგში, "მზის სახლის" დირექტორი კოტე კობახიძე, რომელსაც მზის ენერგიის პოტენციალის გამოყენების საქმეში შთამბეჭდავი მიღწევები აქვს.

25 წელია კოტე კობახიძე ამ საქმეს ერთგულად ემსახურება. მთაგორიან ადგილებში მდებარე, ძნელად მისასვლელი და მცირედ დასახლებული სოფლების განათებისთვის, მზის ენერგიის გარდამქმნელებს ამონტაჟებს.

ახლახანს პარლამენტმა მიიღო კანონი, რომელიც ელექტრო ენერგიის დისტრიბუტორებს: თელასს, ენერგოპროჯორჯიას და სხვას ავალდებულებს საკუთარ ქსელებში ჩართოს ალტერნატიული ენერგია. ეს მზიდან მიღებული ელექტროენერგიის თვითღირებულებას დაახლოებით 3-ჯერ გააიაფებს. ასეთ პირობებში მზის ენერგიის გამოყენება ქალაქებშიც იქნება მიზანშეწონილი.

კოტე კობახიძე, "მზის სახლის" დირექტორი:

- ის, რაც მიუვალ სოფლებში გავაკეთეთ, სადაც ერთობ პრობლემური იყო ელექტროენერგიის საკითხი, მხოლოდ საკუთარი ინიციატივითა და უცხოური დონორების დახმარებით შევძელით.

დღეისათვის საქართველოს 70-ზე მეტ მაღალმთიან სოფელში 200-ზე მეტი მზის ფოტოელექტრული სისტემა (მათ შორის: უკანაფშავში, მუცოში, ჭართალასა და პატარა შირაქში) დავამონტაჟეთ. ამასთანავე, მოვიცავით საპატრიარქოს რიგი მონასტრები, 20-ზე მეტი დაცული ტერიტორიის ობიექტები და სხვა. საერთო ჯამში, საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ჩვენს მიერ ინსტალირებულია სხვადასხვა დანიშნულებისა და სიმძლავრის 500-მდე მზის სისტემა და 200-მდე მზის წყალგამაცხელებელი.

- მიუხედავად ამისა, ალტერნატიული ენერგიის გამოყენების მიმართულებით ითვლება, რომ საქართველო პირველ ნაბიჯებს დგამს, რადგან ხელისუფლებისგან ხელშეწყობა და დაინტერესება ამ დრომდე მინიმალურია.

- ხელისუფლების დახმარება ის არის, რომ მიიღოს შესაბამისი კანონმდებლობა, რომელიც დარგის განვითარებას შეუწყობს ხელს. ჩვენს ქვეყანაში წლებია ყველაფერი პირად ინიციატივებზეა დამოკიდებული. ევროპაშიც ვერ განვითარდებოდა ალტერნატიული ენერგია, ხელისუფლების მხრიდან ხელშეწყობა, რომ არ ყოფილიყო.

"ევროპასთან ასოცირების ხელშეკრულების" კანონიდან გამომდინარე პარლამენტმა მიიღო კანონი (მაისიდან უკვე ამოქმედდა), რომელიც ელექტრო ენერგიის დისტრიბუტორებს ავალდებულებს საკუთარ ქსელებში ჩართონ აღნიშნული სისტემა, რაც უდავოდ ხელს შეუწყობს ამ დარგის განვითარებას.

- ვიდრე სახელმწიფო ამ საქმეში ჩაერთვებოდა, თქვენ წლებია მაღალმთიან სოფლებს დონორების დახმარებით აძლევთ ალტერნატიულ ენერგიას. როგორ ხდება სოფლების შერჩევა, სადაც გსურთ განახორციელოთ მზის სისტემის მონტაჟი?

- პირველ ეტაპზე, როცა ამ მიმართულებით დავიწყე მუშაობა, ძალიან ვდარდობდი საზღვრისპირა სოფლებზე, მაღალმთიან ადგილებზე, სადაც თითო-ოროლა კომლი ცხოვრობს და ცხოვრებაში ელექტროენერგია თვალით არ უნახავთ. ჩემმა ორგანიზაციამ დაიწყო გრანტების მოზიდვა და ამ მიმართულებით უცხოელების დაინტერესება. მაგალითად, ჩეხეთის მთავრობის გრანტით, განვახორციელეთ დიდი მასშტაბის პროექტი თუშეთის მოსახლეობისთვის. დღეს მათ ყველანაირი პირობა აქვთ, როგორც საკუთარი ოჯახებისთვის, ისე სასტუმროებისა და ტურისტებისთვის.

ბოლო რამდენიმე წელია "სოფლის დახმარების სახელმწიფო პროგრამა" არსებობს. ყოველ წელიწადს თითო სოფელს, დაახლოებით, 4 ათასი ლარი ერიცხება. გამგეობები ეკითხებიან მოსახლეობას თუ რა სურთ მათ სოფელში ამ თანხით გაკეთდეს. ჩვენ, წლების წინ ამ მხრივ პირველი ნაბიჯები, რომ გადავდგით სოფლის მოსახლეობა ერთობ დაინტერესდა ამ ფაქტით. ისინი იმდენად არიან მონატრებულები სინათლეს, ნორმალურ პირობებს, რომ აღარც გზა უნდათ, აღარც სხვა ინფრასტრუქტურა, ყველა მზის სისტემის დამონტაჟებას ითხოვს.

- გარდა ნათურის ანთებისა, რა დატვირთვა შეიძლება ჰქონდეს დანადგარს, ხომ არ აქვს რაიმე უარყოფითი ეფექტი...

- არანაირი, ეს არის ყველაზე სუფთა, ეკოლოგიური და საიმედო დენის წყარო. რაც შეეხება დატვირთვას: ჩვენ ძირითადად სიმძლავრის მიხედვით სამი ტიპის დანადგარებს ვამონტაჟებთ: ერთი გამოდგება 3-4 წერტილის განათებისთვის; მეორე სისტემას შეუძლია განათების და პლიუს ტელევიზორის ელექტროკვება; მესამე სისტემას ზემოთ ჩამოთვლილი ელექტრო დატვირთვის გარდა შეუძლია მაცივრის, სარეცხი მანქანის და სხვა საყოფაცხოვრებო ელექტრო ხელსაწყოების კვება.

- ჭირდება თუ არა განახლება აღნიშნულ დანადგარებს დროთა განმავლობაში?

- ამ სისტემის სუსტი წერტილი არის აკუმულატორი, რომელიც დროთა განმავლობაში ძველდება და გამოცვლა ჭირდება. ეს პერიოდი მერყეობს 3-დან 8 წლამდე.

მზის ელექტრული სისტემები მაღალმთაინ მცირეკომლიან სოფლებში კონკურენციას უწევს ცენტრალურ ელექტრო ქსელებს. მაგალითად, თუ ერთ-ერთ სოფელში ელექტროხაზის გაყვანა 50 ათასი დოლარი ჯდებოდა, ამ პრობლემის გადაჭრა ჩვენ შევძელით ალტერნატიული გზით - მზის ენერგიის გამოყენებით, სულ რაღაც 5 ათას დოლარად და თანაც სოფლის მაცხოვრებელს არ უწევს ყოველთვიური გადასახადის გადახდა ელექტროენერგიაზე. ყველა ამ სოფლებს, სადაც მუშაობა უკვე განვახორციელეთ "მზის სოფლები" ვუწოდეთ.

- ბატონო კოტე, ხომ არ გვაქვს შანსი ალტენატიული ენერგიის გამოყენებისა და დისტრიბუციის მიმართულებით ლიდერები გავხდეთ რეგიონში?

- ეს სახელმწიფოს პრეროგატივაა და მე ვერაფერს გეტყვით. ვიცი, რომ ჩვენ გვაქვს დიდი პოტენციალი და კარგია თუ მეტად დაინტერესდება ხელისუფლება. უნდა შეგვეძლოს გავთვალოთ რა სჭირდება ჩვენს ხალხს. საქართველო ჰელიო რესურსით მდიდარი ქვეყანაა და საჭიროა გამოვიყენოთ ეს. საქართველოში უნდა აშენდეს მრავალმეგავატიანი მზის ელექტრული სადგურები, რის შედეგადაც გავხდებით ლიდერები რეგიონში.

ჩვენ გვაქვს საინტერესო მასშტაბური პროექტები და იმედია ახლო მომავალში მათ განხორციელებას შევძლებთ.

ნინო ცხვარაშვილი (სპეციალურად საიტისთვის)