ქეთინოს მეზობელი - კვირის პალიტრა

ქეთინოს მეზობელი

ქეთინო დეიდა, მე თქვენ ძალიან მიყვარხრთ და გპირდებით, აღარსოდეს დაგიდებთ სახლის წინ ნაგავს.

ქეთინო ინტელიგენტი და, რაც მთავარია, შემდგარი ქალია: ჰყავს ფინანასურად გამართული მეუღლე, ორი შვილი და უამრავი საქმე სამზარეულოში. ქეთინომ კომპიუტერი არ იცის, არც ინგლისური, სკოლაში გერმანულს სწავლობდა და მერე ოჯახმა მთლიანად წაიღო მისი თავისუფალი დრო. კომპიუტერი არც მისმა ფინანსურად გამართულმა მეზობელმა იცის, მაგრამ ძალიან პერო ლეპტოპი აქვს და მაგარი მანქანით დადის.

ქეთინო კარგი ქალია, მაგრამ მის მეზობელზე ამბობენ, ჭამა უყვარსო. ქეთინო კარგი მზარეულია და მეუღლეს საყვარელი კერძებით ანებივრებს. ხანდახან სადილზე მეზობელიც ეწვევათ ხოლმე და მაშინ ქეთინოს უფრო მეტი ჯაფა ადგება. ისე, ბოროტი ენები ჭამაში სხვა რამეს გულისხმობენ: ერთი ნაწილის თქმით, ქეთინოს მეზობელს ფულის ჭამა უყვარს და თან ისე უზომოდ, რომ მიმცემის თვალის ასახვევადაც კი ვერ იტოვებსო, მეორე, უფრო უხამსი კატეგორია ამტკიცებს, რომ ყველაზე გემრიელად იმას მიირთმევს, გაბრაზებულ გულზე რომ ეძახიან ერთმანეთს, მაგრამ არ ვიტყვი, იმიტომ, რომ მე ოჯახში ვარ გაზრდილი.

ქეთინოს კორპუსი დიდია და კომფორტული, თუმცა მაინც იტალიურ ეზოს ჰგავს. მათთან კედლებსაც ყურები აქვს და მაცხოვრებლებსაც. აქ კეთილი და ბოროტი ენებიც ცხოვრობენ, რომლებიც ამტკიცებენ, რომ ქეთინოს მეზობლის ბიზნესი სულაც აღარ ყვავის, მაგრამ ამას ბოროტი ენები ამბობენ და მაგათ რა დაეჯერება?!

ზოგი იმასაც ამბობს, რომ ქეთინოს მეზობლის ბიზნესი არც არასოდეს ყოფილა გაფურჩქნული, მაგრამ მარჯვნივ და მარცხნივ ვარირების დროული ალღოს წყალობითა და სხვისი მონური შრომის გამოყენებით, ყოველთვის ახერხებდა საქმეში ჩაუხედავებზე შთაბეჭდილების მოხდენას. მერე რა, „ვიქტორია სეკრეტიც“ იყენებს თურმე ბრწყინვალე კოლექციის შესაქმნელად მონურ შრომას და თან ბავშვებისას. იმასაც ამბობენ, კორუმპირებულიაო, თუმცა ელიტურად კორუმპირებულების სიაში ვერ შევიდა, ინტელექტი არ ეყო და არც მოხერხება, რაღაცები რომ დაეფარა და ამას კიდეც შეეწირა მისი სოციალური სტატუსი, თანაც ორჯერო. მე, მაგალითად, ამის არ მჯერა. ასე რომ იყოს, სად არის მაშინ ქეთინოს მეზობლის დროული ალღო და პოზიციების ცვლის გასაოცარი უნარი?

ქეთინოს კორპუსის არეს კარგა ხანია გასცდა სისინა ენების ნათქვამი, რომ ერთხელ მისმა მეზობელმა  საკუთარი თავიც გაძარცვა. რა თქმა უნდა ეს წარმოუდგენლად ოდიოზური საქციელია, თუმცა გასაგები, რადგან ჩვენ ყველანი ადამიანები ვართ და არაფერი ადამიანური უცხო არ არის ჩვენთვის. იმასაც ამბობენ, რომ თურმე ვიღაც ცნობისმოყვარეს თვითძარცვის დამადასტურებელი ვიდეომასალაც ჰქონია, მაგრამ არც ამის მჯერა. ეგ რომ  მართალი იყოს, აქამდე კომპრომატი კი უნდა გამოქვეყნებულიყო და თუ არ გამოქვეყნდა, ე.ი. იმ ცნობისმოყვარესაც თავისი ინტერესები აქვს.

კიდევ იმას ამბობენ, რომ ქეთინოს მეზობელს ანონიმური წერილების წერაც უყვარს, სხვების ჩაშვებასა და ცილისწამებაზეც არ ამბობს უარსო. ეს ჭორი რამდენიმემ გაიმეორა და არ ვიცი, მართალია თუ არა, თუმცა, კვამლი უცეცხლოდ არ ჩნდებაო, ამას კიდევ სულ სხვები ამბობენ.

მოკლედ, ბევრ რამეს ამბობენ, ძირითადად ცუდს, მაგრამ ბოროტ ენებს ხომ არასოდეს არაფერი დაეჯერება?

ისე, თუ ქეთინოს მეზობლის ვინაობა და ნამდვილი ამბავი გაინტერესებთ, მათთან, კორპუსში გაიკითხეთ და გეტყვიან.