თაობიდან თაობაზე გარდამავალი თანამდებობა ანუ ქართული აქსიომები - კვირის პალიტრა

თაობიდან თაობაზე გარდამავალი თანამდებობა ანუ ქართული აქსიომები

ქართველები იდეალისტები ვართ. იდეალისტები სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით: ვოცნებობთ თეთრ რაშზე ამხედრებულ პრინცზე და მას ვუნახავთ ყველაფერს, რაც გაგვაჩნია (მზითევს ვგულისხმობ, ბუნებრივია), მთელი არსებით უარვყოფთ დარვინის თეორიას და ადამიანის ღვთაებრივი წარმოშობის გვჯერა. გვჯერა, მიუხედავად იმისა, რომ ეს მითი სინამდვილეში მიწიერი, უფრო სწორად, თიხიერია. ასევე დარწმუნებული ვართ გენეტიკის ამოუცნობ უნარებში და გვჯერა, რომ ნიჭიერება თაობიდან თაობაზეა  გარდამავალი.

იდეალისტობა, რაღაც ასპექტში, კარგია: თუ მიზანდასახულიც ხარ, შეიძლება შენს წარმოსახვაში არსებული მიწიერი სამოთხის მიახლოებული ვარიანტი მოიწყო. თუმცა ქართველებს გენეტიკით გაპათოლოგებაც გვჩვევია და  ასე გვგონია, რომ თაობიდან თაობაზე ნიჭიერებასთან ერთად, თანამდებობებიც უნდა გადავიდეს. მოდი, ნუ ვიდავებთ, რომ ჩვენს ქვეყანაში რეალურად არსებობს დაწესებულებები, სადაც კაბინეტში შესვლისას, პრეზიდენტისა და პატრიარქის ფოტოს გვერდით, ოთახის მფლობელის დიდი ბაბუის სურათი შემოგანათებთ. არადა, უყურებთ კაბინეტში წამოჭიმულ ტიპს და გული გწყდებათ, რომ ამ ადგილს იკავებს ტიპი, მხოლოდ ხაჭაპურს რომ უნდა აცხობდეს. ამ დროს კი ხაჭაპურის ცხობით ის არის დაკავებული, ვისაც კარგი შემოქმედებითი რაღაცების კეთება შეუძლია. აქვე არ მინდა უარვყო, რომ ხაჭაპურის ცხობაც შემოქმედებაა და მის ხარისხსაც ნიჭი განსაზღვრავს.

უკუდო ამპარტავნებიდან გამომდინარე, ეჭვი არ გვეპარება, რომ რაც კარგები ვართ, ქართველები ვართ, თუმცა რჩეულ რასაში უფრო რჩეულებიც გვყავს, რომლის განსაკუთრებულობის კრიტერიუმებს თავისებურად განვსაზღვრავთ.

ჩვენ ზედმეტად გულისამაჩუყებელი გვგონია, როცა ნიჭიერი მამის ადგილს შვილი იკავებს, რომლის გონებრივი შესაძლებლობების ერთადერთი განმსაზღვრელი ნიშანი ნიჭიერი მამის შვილობაა;

ჩვენ ადამიანებს ადვილად ვართმევთ თავისუფლებას, რადგან დარწმუნებული ვართ, რომ „ასეთი მამის შვილს მსგავსი საქციელი არ ეკადრება“ და ასევე ადვილად შეურაცხვყოფთ, როცა გვაკვირვებს, თუ როგორ გამოუვიდა მსგავსი დაბალი დონის ხალხს ასეთი ნიჭიერი შვილი.

ჩვენ თითქმის არასოდეს ვაქცევთ ყურადღებას, რომ ხელობა და ნიჭი ერთმანეთისაგან რადიკალურად განსხვავდება და რომ პირველი მეორეს ვერასოდეს წარმოშობს;

ჩვენ ხშირად ვივიწყებთ ადამიანებს და მათ შესახებ წარმოდგენას საურთიერთობო წრის მიხედვით ვადგენთ და ამ დროს გვავიწყდება, რომ „იუდას ყველა მეგობარი უნაკლო იყო;“

ჩვენ ვაღმერთებთ ადამიანებს, ვირჩევთ ლიდერებად და ფეხებს ვუკოცნით. ცოტა ხანში ქვებს ვესვრით და ფეხით ვთელავთ. შემდეგ დანაშაულს ვნანობთ და ახლა მის შვილებს ვირჩევთ ლიდერებად. შვილებს, რომლებსაც ამის პოტენციალი არა, მაგრამ მამიდან გამომდინარე, ამბიცია გააჩნიათ;

ჩვენ კიდევ ძალიან ბევრი რამ გვავიწყდება და სწორედ ამიტომ, ყველა სიკეთესთან ერთად, მოკლე ისტორიული მეხსიერებაც გვაქვს.

მე არ მჯერა, რომ ამერიკა ახდენილი ოცნებების ქვეყანაა, რადგან დარწმუნებული ვარ, რომ ამერიკული ოცნება არა უზრუნველი ცხოვრებას, არამედ, საკუთარი შესაძლებლობების გამოვლენისათვის, მაქსიმალური პირობების შექმნას გვპირდება. ჰოდა, ეს ყველაფერი იმიტომ შემომეწერა, რომ ერთი პოტენციურად კარგი და მნიშვნელოვანი საქმის მკეთებელი, თუმცა უმნიშვნელო დაწესებულების კედლებში ჩამჯდარი, გარემოსათვის შეუსაბამო სუნი გამახსენდა - ქვაბში მოთუხთუხე სოსისის სუნი.