სახინკლე თუ ტუალეტი? - კვირის პალიტრა

სახინკლე თუ ტუალეტი?

მოდა ისეთი რაღაცაა, სულ რომ წინააღმდეგი იყო, მაინც უნდა აჰყვე. შეიძლება არ გიხდებოდეს, სხვაგვარი ტანსაცმლის დეფიციტის გამო, იძულებული ხარ, სქელ ფეხებზე მოტკეცილი შარვალი, მოკლე კაბა, ან სულაც, ელასტიკი ჩაიცვა, სხვის თვალში რეგრესული რომ არ გამოჩნდე, მიუხედავად იმისა, რომ არც ერთის არსი გესმის, იძულებული ხარ, ლანძღო კაპიტალიზმი და სოციალიზმს ეთაყვანო, ხალხმა ჩემზე ცუდი არაფერი იფიქროსო, და ცხრებივით მივყვებით ეკლესიისკენ მიმავალი მრევლის უზარმაზარ ნაკადს. თუმცა, აქვე უნდა აღვნიშნოთ, რომ ამ უკანასკნელში, თავისთავად, ცუდი არაფერია.

როგორც მე წამიკითხავს სხვადასხვა წიგნში, ეკლესია ოდითგანვე ყოფილა შეხვედრის იდუმალი ადგილი. საკვირაო წირვისთვის, დასაოჯახებელი ახალგაზრდები, თითქმის ყველა ქვეყანაში მონდომებით ემზადებოდნენ: იცვამდნენ საუკეთესო ტანსაცმელს, თმას განსაკუთრებულად ივარცხნიდნენ და დაყენებული ღიმილით გაუდგნებოდნენ ხოლმე გზასა - ვინ იცის, იქნებ რა ოჯახის პატრონს მოსწონებოდათ სარძლოდ/სასიძოდ ან თუნდაც მეორე ნახევრად?

ამბობენ, მოდაში ყველაფერი ახალი კარგად დავიწყებული ძველიაო და ეკლესიის მაგალითზე როგორ შემიძლია, არ დავეთანხმო? იქ მოსიარულე ახალგაზრდების უმეტესობა ერთმანეთის შესათვარიელებლად დადის, წირვის მოსმენის მაგივრად დროს გარეთ, ღლაბუცობაში ატარებს და კვირაობით ეკლესიაში სასიარულოდ მოტივიც აქვს: მარხვას იცავს. არა, მე არავის განკითხვას არ ვაპირებ, რადგან ბიოლოგიური მოთხოვნილებების დაკმაყოფილებაზე წმინდა, არაფერი მგონია.

განსაცდელი, რომელზეც მინდა, ჩემი წუხილი  გამოვთქვა, მრევლს ასე, წელიწადში ოთხჯერ, სხვადასხვა მარხვის დაწყების წინ უდგას. ასიდან ოთხმოცს ეს პროცესი ესიკვდილება და სულისა და ხორცის გაწმენდამდე ერთი-ორი კვირით ადრე, ცხოველურ საკვებს ცხოველური რაოდენობით იღებს.

მერე კი მარხვა იწყება და..

ღვაწლს შემდგართა დიდ ნაწილს, განსაკუთრებული გმირობა, შობის მარხვის შენახვა ჰგონია. აბა, თქვენ თვალწინ, მაცდურად დაწყობილი გოჭის, ხაჭაპურებსა თუ საცივის ცდუნებას რომ გაუძლებთ, მინიმუმ, საკუთარ თვალში ხართ გმირი! თუმცა ხშირად, საახალწლო სუფრის შემხედვარენი ვოხრავთ, ვკვნესით, ნერწყვი გვადგება და ვიქადნებით, რომ შვიდი იანვარიც მოვა(!!!). პარალელურად, „ხორცის თმენის“ პორცესის გასამარტივებლად, მამაზეციერის მიერ მოგონილ სამარხვო ხაჭაპურებს, ბლინებს, ტორტებს, ნამცხვრებს და, ასე განსაჯეთ, ჩაქაფულსაც კი მივირთმევთ.

ამასობაში შვიდი იანვარი ახლოვდება და მომარხულეთათვის ორმაგად მძაფრდება უმნიშვნელოვანესი პრობლემა: სად, როგორ და რით აღასრულონ წმინდათაწმინდა, მარხვის გახსნის პროცესი?! არჩევანი ბევრია, თუმცა ადგილი, სადაც საშუალოსტატისტიკური ქართველის ჯიბე გასწვდება, არცთუ ბევრი. ამიტომ, საშობაო ლიტურღიის დასრულების შემდეგ, ადგილების წინასწარ დაკავების მიზნით, ბევრი მათგანი პირდაპირ სახინკლეში მიდის.

ეშხში შესვლამდე პირველი სადღეგრძელო პატრიარქისაა, მეორე - ქვეყნის, მერე დედმამიშვილები მოსდევს (თუ როგორც არის), მერე მოდის განსხვავებულები და მერე საყოველთაო ღრეობა, რასაც, მოგეხსენებათ, ქართველთა სუსტი და თან, ამდენ ხანს ნამარხულევი კუჭები  ვერ უძლებს და მეორე, უფრო მეტად სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი დაწესებულების საჭიროება დგება. იმ დაწესებულებისა, სადაც ვოლტერი მსოფლიო გონს ესაუბრებოდა, ინკები მზის შესახვედრად მიდიოდნენ, რუსები, დათვზე სანადიროდ, აი, მეფენი კი თავისი ფეხით დაბრძანდებოდნენ.

რა თქმა უნდა, ადამიანისათვის ჭამა, ისევე, როგორც ძილი, სუნთქვა, სექსი ბიოლოგიური მოთხოვნილებაა და საკვები პუნქტებიც გამუდმებით არსებობენ საჭიროებას, მაგრამ მე თქვენი აზრი მაინტერესებს: მარხვის გასვლის შემდეგ, რომელი დაწესებულების არსებობა უფრო მნიშვნელოვანია: სახინკლის თუ ტუალეტის?

P.S. ვისაც გწამთ, შობას გილოცავთ!