ნათია ნატროშვილი - ახალი ვარსკვლავის ამობრწყინება - კვირის პალიტრა

ნათია ნატროშვილი - ახალი ვარსკვლავის ამობრწყინება

კლასიკური მუსიკის მეორე ეროვნული კონკურსის გრან-პრის მფლობელი ნათია ნატროშვილი კლასიკური ევროვიზიის დასაპყრობად ემზადება.

"მთელი საქართველოდან კონკურსში 107 მუსიკოსი მონაწილეობდა. საკმაოდ რთული იყო მათ შორის საუკეთესოს შერჩევა, მაგრამ კონკურსზე უპირატესობა ენიჭება, თუ როგორ დაუკრავს ესა თუ ის მონაწილე: არ უნდა ღელავდეს, უნდა იყოს მომზადებული და ყველა დეტალი ჰქონდეს გათვალისწინებული. ნათიამ ეს ყველაფერი იმდენად კარგად შეძლო, ყველა გაგვაოცა. ჩვენ გრან-პრის გაცემას არ ვაპირებდით, მაგრამ ნათიამ დაიმსახურა", - გვითხრა ვალერიან შიუკაშვილმა. 

როგორც ცნობილია, კლასიკური მუსიკის მეორე ეროვნული კონკურსი 20 თებერვალს გალა-კონცერტით დაიხურა. მასში საქართველოს თითქმის ყველა რეგიონიდან ჩამოსული 107 ბავშვი მონაწილეობდა. გალა-კონცერტი ევგენი მიქელაძის ეროვნულ ცენტრში გაიმართა.

კონკურსის ჟიურის წევრები: ირინა იაშვილი (მევიოლინე, პროფესორი), რეზო კიკნაძე (თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის რექტორი) და ვალერიან შიუკაშვილი (ხელოვნების აკადემიის რექტორი) იყვნენ. სპეციალურად კონკურსის დახურვისთვის გერმანიიდან თბილისში ინგოლშტადტის მუსიკალური სკოლის დირექტორი გიორგი ისაკაძე ჩამოვიდა. მან კონკურსის ერთ-ერთ გამარჯვებულს, მევიოლინე მარიამ ობოლაშვილს სპეციალური პრიზი - ვიოლინო გადასცა.

გამარჯვებულები 5 ასაკობრივ კატეგორიაში გამოვლინდნენ. მათ შორის იყვნენ: სალომე კაბოსნიძე, მარიამ ობოლაშვილი, გიორგი გიგაშვილი, საბა მძელური, თინათინ კობერიძე, დავით ჯინჯიხაძე, სერგო მარკოსიანი და ნათია ნატროშვილი.

კონცერტის ბოლოს კი კონსერვატორიის რექტორის მიერ დაწესებული გრან-პრი "არტი" ნათია ნატროშვილს გადაეცა...

- ნათია, როგორც ვიცით, უკვე ბევრი წარმატება გაქვს ანგარიშზე.

- თხუთმეტი წლის ვარ. 155-ე საჯარო სკოლაში და ზაქარია ფალიაშვილის სახელობის მე-2 ხელოვნების სკოლაში ვსწავლობ, ლაურა იაშვილის კლასში. 2006 წელს მონაწილეობა მივიღე მოცარტის 250-ე წლისთავთან დაკავშირებულ კონკურსში და ლაურეატი გავხდი. 2007 წელსაც ახალგაზრდა პიანისტთა მე-3 საერთაშორისო კონკურსის ლაურეატობა მოვიპოვე, იგივე წარმატება 2009-ში IV კონკურსზეც გავიმეორე; 2008 წელს სამუსიკო სასწავლებლების აღსაზრდელთა მოსმენა-კონკურსზე "გაზაფხული 2008"-ზე გავიმარჯვე;

2010 წელს შოპენის სახელობის ახალგაზრდა პიანისტთა კონკურსის დიპლომანტი გავხდი და პოლონეთში გასამართ შოპენის სახელობის საერთაშორისო კონკურსზე მონაწილეობის უფლება მოვიპოვე. ეს კონკურსი 2010 წლის მაისში ჩატარდა ქალაქ შაფარნიაში, სადაც შოპენი ცხოვრობდა და მოღვაწეობდა. იქ მე-3 ადგილი ავიღე. თბილისის მერიამ მომანიჭა ქართული კულტურის ნორჩი დესპანის წოდება.

2010 შოპენის სახელობის ნორჩ პიანისტთა კონკურსში კვლავ გავიმარჯვე. გასულ წელს ხელოვნების სკოლებს შორის დათვალიერებაზე გრან-პრი ავიღე, ისევე, როგორც ახლა... სულ ეს არის...

- ბევრ ზრდასრულ მუსიკოსს შეშურდება ამდენი ლაურატობა. შენ კი, - სულ ეს არისო, ამბობ. შენს ბოლოდროინდელ წარმატებაზე თითქმის მთელი საქართველო ლაპარაკობს, ელოდი ასეთ წინსვლას?

- კონკურსში სულ 107 მონაწილე იყო მთელი საქართველოდან, ძალიან კარგი მუსიკოსები იყვნენ. გრან-პრის ნამდვილად არ ველოდი, რადგანKიშვიათად გასცემენ ხოლმე. რა თქმა უნდა, უდიდესი სიხარული იყო, როდესაც ამდენ ღირსეულ მუსიკოსს შორის უპირველესი ადგილი მომანიჭეს. უახლოეს მომავალში გერმანელი პროფესორი აპირებს ჩამოსვლას, რომელიც მასტერკლასებს ჩაატარებს და ნიჭიერ ბავშვებს გერმანიაში წაიყვანს. მეც მომისმენს და თუ ბედი გამიღიმებს, გერმანიაში წავალ. მიუნხენში მასტერკლასები და კონცერტები გაიმართება.

- თუ არ ვცდები, მუსიკოსების ოჯახიდან ხარ, ამან განაპირობა შენი არჩევანი?

- დიახ, დედა პიანისტია, მამა კარგად მღერის და ჩვენს ოჯახში სულ მუსიკა ისმოდა. დედას არ სურდა, მუსიკას გავყოლოდი, რადგან იცის, რა რთული პროფესიაა, რამდენ შრომას მოითხოვს და არ უნდოდა მისი შვილი "დატანჯულიყო". შემდეგ გადაწყდა, მუსიკოსი გავმხდარიყავი და ერთი წელი დედასთან ვმეცადინეობდი. შემდეგ ფალიაშვილის სახელობის მე-2 ხელოვნების სკოლაში შევედი და უკვე 9 წელია, ლაურა იაშვილთან ვმეცადინეობ.

- პირველი კონცერტი გახსოვს?

- პირველი კონცერტი 8 წლისამ გავმართე. მუსიკალურ სკოლაში ტარდებოდა საანგარიშო კონცერტი და ელიზბარ ლონდარიძის კონცერტს ვუკრავდი.Kკარგად მახსოვს, როგორ ამიკანკალდა ხელები და მუხლები, მაგრამ შემდეგ ჩემს თავს ვუთხარი, რომ ხალხი ჩემს მოსასმენად იყო მოსული და თუ ვინერვიულებდი, არაფერი გამოვიდოდა. როგორც შემეძლო, ისე წარმოვაჩინე თავი და შემდეგ როგორც სხვებისგან გავიგე, კარგადაც დამიკრავს.

- დღეს საქართველოში არც ერთი ხელოვანისთვის არ არის სახარბიელო პირობები, ეს ენთუზიაზმზე უარყოფითად არ მოქმედებს?

- პირიქით, დღევანდელი ვითარება მაიძულებს ასმაგად ვიშრომო, რომ მივაღწიო იმას, რაც მსურს. მსურს გავხდე ცნობილი პიანისტი, გამიცნოს ხალხმა, დავუკრა კარგ ორკესტრებთან, მსოფლიოს საუკეთესო დარბაზებში. მართალია, საქართველოში არ არის ჯერ მთლად სათანადო პირობები, მაგრამ სასიკეთო ბევრი რამ უმჯობესდება: იმართება კონკურსები, ხელოვნების აკადემიაში მომავალ თაობაზე ძალიან ზრუნავენ. ახალგაზრდას შეუძლია უფასოდ მიიღოს განათლება, გამოვიდეს კონცერტებზე და თუ იმსახურებს, შესაძლოა საზღვარგარეთაც წაიყვანონ.

- რა გეგმები გაქვს?

- 11 მარტს ვახტანგ კახიძის ორკესტრთან ბეთჰოვენის მე-3 კონცერტს დავუკრავ. ეს ევროვიზიის შესარჩევი მე-3 ტურია. კლასიკური მუსიკის ევროვიზიაზე ავსტრიაში საქართველო პირველად მონაწილეობს და გამიხარდება, თუ ფინალში გავალ და ავსტრიაში გავემგზავრები. როდესაც გრან-პრი ავიღე, საჩუქრების სიაში კონსერვატორიის დიდ დარბაზში სოლო კონცერტიც შედიოდა. ასე რომ, სექტემბერში კონსერვატორიის დიდ დარბაზში ორგანყოფილებიან სოლო კონცერტს გავმართავ.

მანანა გაბრიჭიძე (სპეციალურად საიტისთვის)