"ხუთი და და ერთი ძმა" - კვირის პალიტრა

"ხუთი და და ერთი ძმა"

"ვიმედოვნებ, გავიმარჯვებთ"

ყველას კარგად გვახსოვს შარშან საბავშვო "ევროვიზია-2008"-ზე ქართული ჯგუფის "ბზიკების" გამოსვლა. პატარებმა მხიარული და მელოდიური "ბზუილით" აიკლეს კვიპროსის ქალაქ ლიმასოლის მსმენელით გადაჭედილი სპორტის სასახლე და ევროპელი მაყურებლის სიმპათიაც დაიმსახურეს. "ბზიკები" სამშობლოში გამარჯვებული დაბრუნდნენ. საქართველოში წელსაც "ევროვიზია-2009"-ისთვის ემზადებიან, რომელიც კიევში 21 ნოემბერს ჩატარდება. კონკურსის შიდა, დასკვნითი ტური სექტემბრის ბოლოს გაიმართება, სადაც სხვა კონკურსანტებთან ერთად მონაწილეობას მიიღებს ჯგუფი "ჯორჯაძეების ოჯახი", რომლის საკონკურსო სიმღერა მეტად ორიგინალურია. ჯგუფში ხუთი გოგონა და ერთი ვაჟია. როგორ შედგა ჯგუფი და რას უმღერებენ ევროპელ მსმენელს, მისი ერთ-ერთი წევრისგან, ელენე ქაჩლიშვილისგან შეიტყობთ.

ელენე თოთხმეტი წლისაა და უკვე არაერთ წარმატებას მიაღწია. გამორჩეული წელს, 21 ივნისს კლუბ "ტრიუმფში" ჩატარებული სოლო კონცერტია, სადაც 14 ქართული და უცხოური სიმღერა შეასრულა, რითაც როგორც პროფესიონალები, ასევე რიგითი მსმენელი აღაფრთოვანა.

- "ევროვიზიის" კასტინგზე როგორც სოლო მომღერალი, ისე გავედი. ჟიურის წევრებს მოვეწონე და დასკვნით ტურში მონაწილეობის უფლება მომცეს, ოღონდ გადაწყდა, ბავშვები რამდენიმე მუსიკალურ ჯგუფად გადავენაწილებინეთ. ეს წლევანდელი "ევროვიზიის" მოთხოვნაცაა. ჯგუფში ჩემთან ერთად არიან ქეთათო სულხანიშვილი, მარიამ ხარებავა, ქეთა თოფურიძე, ნინუცა გოგაძე და ნიკა ეკალაძე.

- როგორც ვიცი, "ევროვიზიაზე" კონკურსანტი თავისი სიმღერით უნდა წარდგეს...

- ეს მოთხოვნა წლევანდელ კონკურსს არა აქვს. ჩვენს სიმღერას ჰქვია "ხუთი და და ერთი ძმა". მუსიკის ავტორია მამუკა მეგრელიშვილი, სიმღერის ტექსტი კი ირინა სანიკიძემ დაგვიწერა. ძალიან სახალისო და მელოდიური სიმღერაა. ჩვენ სცენაზე უნდა განვასახიეროთ, თუ როგორ ელოდებიან ქართულ ოჯახებში ვაჟის დაბადებას, როგორ ნერვიულობენ და თოფის სროლით როგორ ხვდებიან. ყველაზე სახალისო სიმღერაში კი ის არის, რომ ვაჟის მოლოდინში ხუთი გოგო იბადება. მოკლედ, ეს იქნება თეატრალიზებული სიმღერა.

- ელენე, ორიოდე სიტყვა შენზეც გვითხარი...

- ბრიტანულ-ქართული აკადემიის მე-10 კლასში ვსწავლობ. სიმღერა ძალიან ადრე დავიწყე. როგორც დედამ მიამბო, ერთი წლის ვიყავი, როდესაც პირველად მომარგეს ყურსასმენები და მაიკლ ჯეკსონის ერთ-ერთი ჰიტი მომასმენინეს. თურმე ყურსასმენები რომ მომხსნეს, ზუსტად იმავე ტონალობაში დავიწყე ღიღინი. რომ წამოვიზარდე, გიორგი ცაბაძის სახელობის მუსიკალურ სკოლაში შემიყვანეს, მერე საესტრადო განყოფილებაზე ოთხი წელი ვისწავლე. მუსიკალურ სკოლაში ჩემი პირველი პედაგოგი ქალბატონი თამილა ჩირაძე იყო. პირველად საბავშვო-მუსიკალური კონკურსის "თორმეტი მტრედი" ლაურეატი გავხდი, შემდეგაც მიმიწვიეს კონკურსზე "ხმა საქართველოდან", რომელიც მაია დათუნაშვილის პატრონაჟით ჩატარდა. ამ კონკურსის შემდეგ გადავედი სასწავლებლად მაია დათუნაშვილის მუსიკალურ  სახელოსნოში, სადაც ჩემი პედაგოგი სოსო ლალიაშვილია. შარშან ჰოლივუდში, ერთ-ერთ მუსიკალურ კონკურსზეც მიმიწვიეს, მაგრამ საქართველოში მაშინ ომი იყო, ამიტომაც ვერ წავედი. მოგვიანებით ქალბატონმა მაია დათუნაშვილმა რამდენიმე ბავშვი წაგვიყვანა ესპანეთსა და უკრაინაში, სადაც კონცერტები გავმართეთ. ჩემთვის ყველაზე საპასუხისმგებლო სოლო კონცერტი იყო.

დღეს "ევროვიზიისთვის" ვემზადები და ვიმედოვნებ, გავიმარჯვებთ.