"თინეიჯერობისას "ცუდი ბიჭები" მომწონდა" - კვირის პალიტრა

"თინეიჯერობისას "ცუდი ბიჭები" მომწონდა"

ვარსკვლავებიც ჩვეულებრივი ადამიანები არიან. გარდატეხის ასაკში მათაც აწუხებთ აკნე და წონა, დაძაბული ურთიერთობები აქვთ, ეშინიათ მომავლის და შეცდომების დაშვების...

თინეიჯერების საყვარელი მომღერლები - ტეილორ სვიფტი და არიანა გრანდი მოზარდობის პერიოდზე გვიყვებიან:

ტეილორ სვიფტი, 26 წლის, ამერიკელი მომღერალი: - როცა მოზარდი ვიყავი, ძალიან მეზარებოდა დილით ადრე ადგომა და სკოლაში წასვლა. ახლა მინდა იმ დროში დავბრუნდე. სკოლაში უცნაურს მეძახდნენ. შაბათობით ეკლესიაში დავდიოდი და შინ დაბრუნებული, სანამ სხვები წვეულებებზე ერთობოდნენ, ამერიკის ჰიმნს ვმღეროდი. ფუმფულა ვიყავი და გახდომას ვცდილობდი. კულულები მქონდა და არ მომწონდა, ამიტომ გამუდმებით ვისწორებდი, მერე მივხვდი, რომ ასე უფრო განსხვავებული ვარ და თავი დავანებე. მშობლებმა ბავშვობიდან ჩამინერგეს, რომ წარმატება უშრომლად არ მოდის, რისთვისაც მადლობა მინდა გადავუხადო მათ."

არიანა გრანდი, 22 წლის, ამერიკელი მსახიობი და მომღერალი: - თინეიჯერობისას "ცუდი ბიჭები" მომწონდა, ერთთან რომანიც გავაბი. მოურჯულებელ ბიჭებთან სიყვარულობანას თამაში აზარტულია, მაგრამ ასეთი გიჟური ურთიერთობა განწირულია. მოზარდობისას ფლორისტობით ვიყავი გატაცებული. ყვავილებს ვახარებდი. დღესაც მათი მოვლით უდიდეს შვებას ვგრძნობ. 15-16 წლისა ოთახში ვიკეტებოდი და სიმღერებს ვწერდი. მომღერლობა მინდოდა.

მოსწავლეობისას ყველაზე ხშირად ჯინსის შარვალი, კედები და მაისური მეცვა. ასე თავისუფლად ვგრძნობდი თავს. დღეს სასცენო იმიჯი მაქვს, ჩემს ჩაცმულობაზე დიზაინერები ზრუნავენ, მაგრამ მე ისევ სპორტული სამოსის ტარება მინდა."

თათული ღვინიანიძე