"ბედნიერი ქალი ვარ, რადგან მყავს ელენე" - კვირის პალიტრა

"ბედნიერი ქალი ვარ, რადგან მყავს ელენე"

მარიამ როინიშვილი, მომღერალ თამრიკო ჭოხონელიძისა და მსახიობ გია როინიშვილის ქალიშვილი, ცნობილი სოპრანოა. მონაწილეობა მიიღო მეგაშოუში "ცეკვავენ ვარსკვლავები". მარიამი რომის მუსიკალურ აკადემია "სანტა ჩეჩილიაში" სწავლობდა. სოპრანო ხშირად მღერის უცხოელი აუდიტორიის წინაშე და ქართული რომანსების პოპულარიზაციას ცდილობს. მარიამი "კვირის პალიტრას" თავისი თინეიჯერობის შესახებ ესაუბრა.

სკოლა

სკოლაში გამორჩეული კლასი ვიყავით, თითქმის ყველა ლექსებს ან ნოველებს წერდა, ცეკვავდა, უკრავდა, მე - ვმღეროდი. კარგადაც სწავლობდნენ. მოგატყუებთ, რომ გითხრათ, სანიმუშო მოსწავლე ვიყავი-მეთქი, თუმცა მასწავლებლებს ყოფაქცევასთან დაკავშირებით შენიშვნა არასდროს მოუციათ. კლასთან ერთად თითქმის მთელი საქართველო მოვიარე. ისტორიული ძეგლების დათვალიერების შემდეგ ბუნებაში ლამაზ ადგილს ამოვარჩევდით და იქ ვერთობოდით. განსაკუთრებით უფლისციხე დამამახსოვრდა. კლდეში ნაკვეთმა ქალაქმა წარუშლელი შთაბეჭდილება დამიტოვა.

საუკეთესო დაბადების დღე

დაბადების დღეებს ყოველთვის ძმასთან ერთად აღვნიშნავდი. მართალია ტყუპები არ ვართ, მაგრამ ერთ რიცხვში დავიბადეთ. ყველაზე მეტად სკოლაში გადახდილი დაბადების დღე დამამახსოვრდა. დამრიგებელმა კლასში ტორტი და საჩუქრები შემოიტანა. გაკვეთილი გაცდა და ძალიან კარგი დრო გავატარეთ.

ბანკეტი

როგორც ყველა მოზარდი, ჩვენც მოუთმენლად ველოდით ბანკეტის დღეს. ტანსაცმელზე დიდხანს არ ვფიქრობ ხოლმე, ამიტომ გამოსასვლელი კაბაც ადვილად შევარჩიე. მას ზურგი ჰქონდა მოხსნილი, ზომიერი დეკოლტე კი ელეგანტურობას მატებდა. კლასელი ბიჭები, მათ შორის ჩემი ძმა (კოკო), პიჯაკში რომ დავინახე, სიცილი ამიტყდა. ვერ წარმომედგინა, თუ მათ ოდესმე კლასიკურ სამოსში გამოწყობილს ვიხილავდი.

აბიტურიენტობა

სკოლის დამთავრების შემდეგ მედიცინამ გამიტაცა, მონდომებით ვემზადებოდი, რომ უნივერსიტეტში ჩამებარებინა. ერთ დღეს ბაბუამ მითხრა, სასიამოვნო ხმა გაქვს, იქნებ დაფიქრდე და მომღერლობა სცადოო. რამდენჯერმე კონცერტზე გამოვედი და სცენაზე დავრჩი. დღესაც ვამბობ, რომ ექიმობა ჩემი აუხდენელი ოცნებაა. გამოცდილებამ დამანახა, რომ ხელოვნურად შექმნილი იმიჯით პროფესიონალი ვერ გახდები. მთავარია მოწოდებით მუსიკოსი იყო და გულით გემღერებოდეს. აუცილებელია განათლებაც, ნოტებს უნდა სცნობდე, ხარისხიანი და მდარე მუსიკის განსხვავება უნდა შეგეძლოს.

დაუვიწყარი ზაფხული

მართალია, მე და გიორგის (ყოფილი მეუღლე) დღეს ურთიერთობა აღარ გვაქვს, მაგრამ ჩემს ცხოვრებაში ყველაზე გამორჩეული ზაფხული სწორედ მას უკავშირდება. კოკომ იმ წელს თეატრალურ უნივერსიტეტში ჩააბარა და დასასვენებლად სიონში წავედით. გიორგი იქ გავიცანი. მოგვიანებით ერთმანეთი შეგვიყვარდა და ვიქორწინეთ. დღეს ბედნიერი ქალი ვარ, რადგან მყავს ქალიშვილი ელენე - ჩემი ცხოვრების ყველაზე დიდი სიყვარული.

თათული ღვინიანიძე