"ყოფილი შეყვარებულის ძმაკაცი შემიყვარდა" - კვირის პალიტრა

"ყოფილი შეყვარებულის ძმაკაცი შემიყვარდა"

"ერთ დღეს მივხვდი, რომ მომწონდა, ბავშვობის მეგობრებისთვის გული რომ არ გამეტეხა, ორივესთან შევწყვიტე ურთიერთობა"

თინეიჯერები "კვირის პალიტრას" ელექტრონული ფოსტით წერილებს ინტენსიურად უგზავნიან. ამჯერად დახმარებას 17 წლის ქეთათო გვთხოვს.

ქეთათო: - 16 წლის ვიყავი, ლევანიკო რომ გავიცანი. ენაწყლიანმა მალევე მომხიბლა. 4-5 თვეში თავისი უსიმპათიურესი და უბანში სახელგანთქმული ძმაკაცი, ნიკა გამაცნო. ერთხელ, როცა ლევანი ჩემთვის უცნობი მიზეზის გამო გადაკარგული იყო, პარალელურკლასელმა მაწყენინა. ნიკამ სკოლაში მომაკითხა, ის ბიჭი ეზოში გაიყვანა და ყველას თანდასწრებით სცემა. იმ დღის შემდეგ ბიჭები მერიდებოდნენ. ჩემს დაქალებს ნიკაზე მუდამ აღფრთოვანებული ველაპარაკებოდი. ერთ დღეს მივხვდი, რომ მომწონდა, ბავშვობის მეგობრებისთვის გული რომ არ გამეტეხა, ორივესთან შევწყვიტე ურთიერთობა.

ნიკა ერთი თვის წინ სოციალურ ქსელში შემეხმიანა. სიხარულისგან კინაღამ გული გამისკდა. შემხვდი და ვისაუბროთო. დავთანხმდი. ჩემდა გასაკვირად, ლევანზე სიტყვა არ დასცდენია. ბევრი ვიცინეთ და ვიმხიარულეთ, თავის თავგადასავლებსაც მომიყვა. მივხვდი, რომ ნიკასადმი გრძნობა არ გამქრალა...

ნიკამ ამას წინათ გადაკვრით მითხრა, მე და ლევანი აღარ ვძმაკაცობთო. უამრავი აზრი მიტრიალებს თავში. შეიძლება ლევანმა რამე აწყენინა და ჩემი "შებმით" შურისძიება უნდა? ან იქნებ მოვწონვარ და ამიტომ დაშორდა მეგობარს? გამოგვივა რამე? რა რეაქცია ექნება ლევანს, ამ ამბავს თუ შეიტყობს? დაგვაშორებს? როგორ ვაკონტროლო თავი ნიკასთან ყოფნისას? არ მინდა იფიქროს, ეს გოგო უტვინო ყოფილაო. არ ვიცი, რა გზას დავადგე.