"მის გვერდით ყოფნა მინდა, ის კი სათოფეზე არ მეკარება" - კვირის პალიტრა

"მის გვერდით ყოფნა მინდა, ის კი სათოფეზე არ მეკარება"

ბატონი შოთა შუახანს გადაცილებულია. რამდენიმე წლის წინ დაქვრივდა. სამი ქალიშვილის (სამივე სხვაგან ცხოვრობს) და შვილიშვილების პატრონს მარტოობა ძალიან უჭირს, ამიტომაც მოვიდა რედაქციაში და გულახდილად გვიამბო თავისი გულისტკივილის შესახებ...

- პროფესიით გეოლოგი ვარ. უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ ერთხანს თბილისში ვმუშაობდი, მერე კი ჩემს რაიონში გამოჩნდა კარგი სამსახური და ლაგოდეხში გადმოვინაცვლე. გეოლოგების ჯგუფს ვხელმძღვანელობდი და მსიამოვნებდა, რომ საყვარელ საქმეს ვაკეთებდი. ერთ მშვენიერ დღეს, ახალი თანამშრომელი მივიღე, 23 წლის მარიანა. მთელი ათი წელი მას, როგორც პატარა გოგოს და თანამშრომელს, ისე ვექცეოდი.

დრო რომ გავიდა, გასათხოვარ გოგოებს (უკვე 30-ს რომ იყვნენ გადაცილებულნი) მოვუხშირე შეძახილი: შინაბერებად არ დარჩეთ, დროზე გათხოვდით-მეთქი. ვატყობდი, რომ მარიანა ჩემს დანახვაზე წითლდებოდა, მორცხვობდა. ერთხელ ვაგრძნობინე, რომ მომწონდა. იმ დღიდან ძალიან დავუახლოვდით ერთმანეთს. ვატყობდი, რომ ვუყვარდი. ცოტა ხანში მეც გამოვუტყდი თავს, რომ უსაზღვროდ მიყვარდა; ერთი დღეც რომ არ მენახა, ცუდად ვხდებოდი. ახლა, როცა წლები გავიდა, ვაცნობიერებ, რომ იმ პერიოდში მარიანა ჩემგან გადამწყვეტ სიტყვას ელოდა, მე კი, მიუხედავად იმისა, რომ მიყვარდა, მაინც ვერ ვთმობდი ოჯახს. არადა, დრო თვალსა და ხელშუა გვადნებოდა. ერთხელ მითხრა, - ერთმა კაცმა მაჭანკალი გამომიგზავნა და რას მირჩევო? დაუფიქრებლად მივუგე, - უნდა გათხოვდე-მეთქი.

მარიანა 43 წლისა გათხოვდა. ბავშვიც გააჩინა, მაგრამ მოულოდნელად მეუღლე გარდაეცვალა და დაქვრივებულმა მშობლებთან დაბრუნება არჩია. მეცოდებოდა მარტოხელა, თანაც ისევ მიყვარდა და ვცდილობდი, რაღაც-რაღაცებში დავხმარებოდი. თითქოს ერთის სიკვდილი არ აკმარა ღმერთმა, ერთმანეთის მიყოლებით გამოეცალა ჯერ დედა, მერე მამა.

სამი წლის შემდეგ მეც დავქვრივდი. ერთი წლის შემდეგ ვთხოვე, შევუღლდეთ, ბავშვის გაზრდაშიც დაგეხმარები-მეთქი. უარი მტკიცა, - როცა შენ გვერდით მინდოდა ყოფნა, არაფერი გააკეთე რომ ერთად ვყოფილიყავით, ახლა კი მე გეუბნები უარსო.

სახტად დავრჩი. ვერ მივხვდი, რატომ მელაპარაკებოდა ასე გამწარებით.

ხუთი წელი გავიდა და მარიანაზე ფიქრი არ მშორდება, მის გვერდით ყოფნა მინდა, ის კი სათოფეზე არ მეკარება. ვერ გამიგია, რამ შეცვალა. ნუთუ იმან ატკინა გული, რომ გათხოვება ვურჩიე? ალბათ, ეს არ მაპატია. დაბნეული ვარ და რჩევას თქვენგან და თქვენი მკითხველისგან ველი. გამოუცნობი ყოფილა ქალი, ტყუილად როდი უთქვამთ - ქალს და სიყვარულს რას გაუგებო?