დიდი მოთმინების საფასური - კვირის პალიტრა

დიდი მოთმინების საფასური

"ქმრის ღალატი ასანთის ღერებს მაგონებს, გაკრავ, აინთება, გაიელვებს და ჩაქრება"

მას თავი სამაგალითო ცოლად მიაჩნია. ფიქრობს, კაცები სწორედ მისნაირ ქალზე ოცნებობენ. ძალიან ბევრი აპატია მეუღლეს, ბევრ რამეზე დახუჭა თვალი და თავის ქმედებას გამამართლებლად მიიჩნევს, - სხვაგვარად ოჯახს ვერ შევინარჩუნებდიო. ერთი სიტყვით, საინტერესო რესპონდენტი ჩანს... ეგ არის, მთხოვს, - ჩემს ნამდვილ სახელს ნუ დაწერ. აქამდე არ გამინაწყენებია მეუღლე და ახლა, ამ სიბერეში, ხომ არ ვათქმევინებ, სახალხოდ გამომაჭენაო...

- 27 წლის ვიყავი, როცა თაზო გავიცანი, უფრო სწორად, საგანგებოდ შეგვახვედრეს ერთმანეთს ნათესავის ოჯახში. ერთ თვეში დავქორწინდით. დედას და მამიდებს ვემადლიერები - სულ მარიგებდნენ, - ქალმა ბევრი უნდა მოითმინოს, რასაც კაცი გააკეთებს, ქალმა ის არ უნდა იკადროსო... დავუჯერე და არც წავაგე. ჩემს რამდენიმე მეგობარს, რომლებსაც კუდი ყავარზე ჰქონდათ გადებული, - რას ჰქვია, ქმარმა ეს მაკადრაო, - ოჯახი დაენგრათ, მე კი უკვე შვილიშვილები მყავს. აღარც ჩემი ქმარი დაიარება აქეთ-იქით. როცა ქალი თხოვდება, შეგნებული უნდა ჰქონდეს, რომ სიყვარულზე წინ მოვალეობა დააყენოს, თორემ რამდენი რამეც გეწყინება და გაბრაზდება, წინ და უკან რომ ირბინო, რა გამოვა? ზოგს ღირსება ის ჰგონია, წყენას რომ არ შეირჩენს და იჩხუბებს, მე კი, ღირსება მოთმინება და მიტევების დიდი ნიჭი მგონია.

- თქვენ რისი პატიება შეძელით?

- ჩემი ქმარი მექალთანე აღმოჩნდა. 31 წლის იყო, როცა ცოლად მომიყვანა. რა თქმა უნდა, მანამდე უცოლო კაცს ვიღაც ეყოლებოდა. ჰოდა, იმ "ვიღაცამ" არ მოასვენა და ჩვენი დაოჯახების შემდეგაც გაგრძელდა მათი ურთიერთობა. ერთხანს თაზო სამსახურში მორიგეობას ან მივლინებას იმიზეზებდა და ამ დროს იმ ქალთან იყო. მე ეს ვიცოდი, მაგრამ არაფერს ვამბობდი... გაგიკვირდებათ და, ამ ამბავს შეგნებით ვეკიდებოდი. ის ქალი ხომ ჩემამდე იყო? ეტყობა, რაღაც გრძნობა ჰქონდათ ერთმანეთის მიმართ. მე რომ მეჩხუბა და ერთი ამბავი დამეწია, დარწმუნებული ვარ, თაზო დატოვებდა ოჯახს, მე კი მარტოს მომიწევდა ბავშვის გაზრდა (მაშინ მხოლოდ ერთი მყავდა). დედამთილიც მეხმარებოდა და მამამთილიც არაფერს გვაკლებდა. ჩემთვის ოჯახი გაცილებით მნიშვნელოვანი იყო, ვიდრე, როგორც დღეს ამბობენ ხოლმე ქალები, ქალური ღირსება. პატარ-პატარა გრძნობები ასანთის ღერებს მაგონებს, გაკრავ, აინთება, გაიელვებს და ჩაქრება. ოჯახი კი კერიაა, რომელსაც სული უნდა უბერო, მოუარო, მასთან იტრიალო, რომ სულ იგუზგუზოს.

ბევრის მოთმენა მიწევდა, მაგრამ მჯეროდა, რომ ადრე თუ გვიან, გატაცება გაუვლიდა და ოჯახზე გულს მოიბრუნებდა... ასეც მოხდა. თაზო დასცილდა იმ ქალს. მერე კიდევ ორი შვილი შეგვეძინა. უფროსი სტუდენტი იყო, როცა ჩემს ქმარს ახალი გატაცება ეწვია. დედამთილ-მამამთილი აღარ იყვნენ ცოცხლები, მაგრამ მე უკვე აღარაფრის მეშინოდა. რომ გითხრათ, არ ვიდარდე-მეთქი, არ იქნება მართალი, მაგრამ რა მექნა? თაზო საყვარელთან გადაბარგდა, ფაქტობრივად, გამშორდა. სამი წელი მასთან ცხოვრობდა. ნათესავები, მეგობრები გადაირივნენ, - სამი შვილის მამა ამას როგორ კადრულობსო?! მირჩევდნენ, ოფიციალურად გაეყარე და ალიმენტი მოსთხოვეო. არ გავაკეთე. ჯერ ერთი, თაზო თვეში ერთხელ ფულს ისედაც აძლევდა შვილებს და რაღა ალიმენტი სჭირდებოდათ, მეორეც, გულის სიღრმეში მჯეროდა, რომ ამჯერადაც დაუბრუნდებოდა ოჯახს. შეიძლება, გაგიკვირდეთ, მაგრამ მისთვის ხმამაღალი სიტყვაც კი არ მითქვამს ამის თაობაზე.

- მაგრამ ყველას ხომ არ შეუძლია, ღალატს ასეთი მოთმინებით შეხვდეს? არიან ქალები, რომლებიც შურისძიებით იმავეს აკეთებენ...

- ღალატის წილ ღალატი ჩემთვის მიუღებელია. კაცმა შეიძლება ბევრი უღირსი რამ ჩაიდინოს, მაგრამ დედას ეს არ ეპატიება. ჩემი ქმრის მეგობრები ყოველთვის აღიარებდნენ, სამაგალითო ცოლი ხარო, თავიანთ მეუღლეებს ეუბნებოდნენ, - მიჰბაძეთ თინიკოსო...

- მაგრამ ღალატზე თვალების დახუჭვა, არა მგონია, ღირსების საკითხი იყოს.

- ყველა ადამიანს თავისი შეხედულება აქვს. მე ჩემი გაგიზიარეთ და მინდა, ბევრმა ქალმა (მათ შორის ახალგაზრდამაც), ვისაც ოჯახი და შვილები ჰყავს, რაღაც-რაღაცები დათმოს და წინ ოჯახი, მისი მთლიანობა დააყენოს.

- თქვენ სიჩუმით ცდილობდით ოჯახის შენარჩუნებას, მაგრამ რა ქნან იმ ქალებმა, რომლებსაც ქმრები ფიზიკურ შეურაცხყოფას აყენებენ? ასეთ დროსაც მოთმინებას ურჩევთ შვილების დედას?

- თუ ხელჩართული ბრძოლაა გაჩაღებული, ამ შემთხვევაში გაცლა სჯობს, მაგრამ მე იმ ქალებს ვურჩევ მოთმინებას, რომლებსაც ქმრის გატაცებებზე არ შეუძლიათ თვალის დახუჭვა და ყელში გულმობჯენილები ოჯახიდან გარბიან. ამდენი წლის შემდეგ მე ისევ და ისევ ვფიქრობ ქალზე და მის მარიფათზე ბევრი რამაა დამოკიდებული...